Thumbnail

‘ეს თამაში გამოუსადეგარია..!’ - Fifa 20 საუკეთესო მოთამაშემ გააკრიტიკა

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ
  • Fnatic Tekkz, FIFA-ს მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე ჩემპიონატიდან გააძევეს
  • ექაუნთი დაუბლოკეს კიდევ ერთ პროფესიონალ გეიმერს, Kurt0411-ს

FIFA 20, ელ. ფეხბურთის ლეგენდარული სერიების ბოლო თამაში, ისევ სკანდალში გაეხვა. როგორც ჩანს, თამაშისა და მისი ავტორი სტუდიის, EA-ს მიმართ უკმაყოფილებას უკვე პროფესიონალი გეიმერებიც აღარ მალავენ. თუმცა, იმის მაგივრად, რომ სტუდიამ კრიტიკა მიიღოს და თამაშის გაუმჯობესებაზე იმუშავოს, ის მკაცრად სჯის ყველას, ვინც FIFA 20-ის გაკრიტიკებას გაბედავს. ამის დასტურია ისიც, რომ Fnatic Tekkz, FIFA-ს მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე ჩემპიონატიდან გააძევეს. ამის მიზეზი ის გახდა, რომ ტეკკზმა FIFA 20 გააკრიტიკა. 

ტეკკზმა, საფრანგეთში გამართულ FGS masters-ის ჩემპიონატზე ერთ-ერთ გამოცემას ინტერვიუ მისცა, რომელშიც FIFA 20 მოიხსენია როგორც ''თამაში, რომელიც არავის მოსწონს.'' მიუხედავად იმისა, რომ ტეკკზმა ჩემპიონატის ნახევარფინალი მოიგო, მან ინტერვიუში აღნიშნა, რომ თამაში ''გაუმოუსადეგარია'' და ''მისი მოგება ნებისმიერს შეუძლია.''

ამ კომენტარის შემდეგ, FGS masters-ის წარმომადგენელმა ტვიტერზე განაცხადა, რომ მათ მომავალ ჩემპიონატებში ტეკკზი მონაწილეობას ვეღარ მიიღებდა.

'' ძვირფასო FIFA-ს ფანებო, ტეკკზის მიერ გაკეთებული კომენტარის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ მას სამუდამოდ აეკრძალება ჩვენს ტურნირებში მონაწილეობა, ამჟამად მიმდინარე FIFA 20-ის ტურნირიდან დაწყებული.''

ტეკკზს FUT-ის ჩემპიონთა ლიგა 5-ჯერ აქვს მოგებული და Gamerzclass-ის პორტალზე ონლაინ კურსის ავტორია, რომელშიც მოთამაშეებს FIFA-ს ტაქტიკებსა და ხრიკებს ასწავლის. კურსს თავად ავტორი ასე აღწერს:

''ეს კურსი მთლიანად შეცვლის თქვენს წარმოდგენას FIFA-ს შესახებ. ისწავლით ყველაზე მაგარ მოძრაობებს, საუკეთესო სტრუქტურების აწყობას და რაც მთავარია, ეშმაკური გოლების გატანას. იმ საიდუმლოებებით, რომლებსაც ამ კურსში გაგიზიარებთ, მე ბოლო ორი წელია, უამრავი ჩემპიონატი მოვიგე. თქვენი FIFA 20-ის უნარები საგრძნობლად გაუმჯობესდება და თქვენს შეჩერებას ვერავინ შეძლებს.''

EA-მ, რომელიც FIFA-ს სერიის ავტორია, იმავე დღეს კიდევ ერთ პროფესიონალ გეიმერს, Kurt0411 სამუდამოდ აუკრძალა EA-ს ტურნირებში მონაწილეობა და უფრო მეტიც, ექაუნთიც დაუბლოკა. სტუდიის წარმომადგენლის განცხადებით, ამის მიზეზი კურტის მხრიდან ''მუქარის შემცველი და მიუღებელი საქციელი'' გახდა.

ელ. სპორტის ვარსკვლავმა EA-ს ტვიტერზე მიმართა და ახსნა-განმარტება მოითხოვა. გეიმერს სურდა, სტუდიას გაესაჯაროვებინა კონკრეტული მიმოწერა, სადაც კურტი სტუდიის თანამშრომლებს ემუქრებოდა. 

''პირდაპირ სასწაულია.'' - წერს საკუთარ ტვიტერზე კურტი. ''ის არ ეყოთ, თავისი ელ. სპორტის ჩემპიონატიდან რომ გამაძევეს. არც ის ეყოთ, ჩემი twitch-ისა და youtube-ს არხების დაბლოკვა რომ სცადეს და ახლა, FUT founder-ის ექაუნთსაც მიბლოკავენ, რომელზეც 10 წელი ვმუშაობდი. სიტყვები არ მყოფნის.''

კურტთან შედარებით, ტეკკზი კიდევ იოლად გადარჩა, თუმცა, ეს სკანდალი დასასრულისგან ჯერ შორსაა. FIFA-ს ლიგას აშკარად პრობლემები აქვს; ამას კურტისა და ტეკკზის ამბის ირგვლივ პროფესიონალი თუ მოყვარული გეიმერების კომენტარებიც მოწმობს: EA-ს მოწინააღმდეგე გეიმერებს FIFA-ს მოყვარულთა ერთსულოვანი მხარდაჭერა აქვთ.

კომენტარები

ბოლო ამბები