Thumbnail
  • მადრიდში დორტმუნდის 19 წლის ნორვეგიელის გადაბირებაზე დაფიქრდნენ
  • სამეფო კლუბმა შესაძლოა ჰაალანდის გამო უარი მბაპეს ტრანსფერზე თქვას
  • ტრანსფერის განხორციელებას მომავალი ზაფხულისთვის ვარაუდობენ

მადრიდის რეალმა შესაძლოა პარი სენ-ჟერმენის ფორვარდის კილიამ მბაპეს შეძენა გადაიფიქროს და არჩევანი დორტმუნდის თავდამსხმელზე, ერლინგ ჰაალანდზე შეაჩეროს. ამის შესახებ ინგლისური მედია იუწყება, რომლის ცნობით, მადრიდული კლუბის ხელმძღვანელობა ახალგაზრდა ნორვეგიელის შეძენის შესაძლებლობას უკვე მომავალი ზაფხულისთვის განიხილავს.

19 წლის ერლინგ ჰაალანდი დორტმუნდის ბორუსიაში ამ ზამთარს, ზალცბურგიდან, 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და უმალ სუპერშედეგიანობით გამოირჩა - ფორვარდმა ყველა ტურნირში ჩატარებულ 8 მატჩში უკვე 12 გოლის გატანა მოასწრო და საფეხბურთო სამყარო აალაპარაკა. 

ჰაალანდს გერმანულ კლუბთან კონტრაქტი 4,5 წლით აკავშირებს, მაგრამ მასში ჩადებულია პუნქტი, რომლის თანახმად, ფორვარდს დორტმუნდის დატოვება 2021 წელს 65 მილიონ ფუნტად შეუძლია.

მაგრამ "სამეფო კლუბს" ნორვეგიელის გადაბირება უკვე ზაფხულში სურს და სავარაუდოდ, დორტმუნდს ტრანსფერისთვის მომხიბვლელი წინადადებით მიმართავს. რაც უნდა იყოს, ეს ტრანსფერი რეალისთვის გაცილებით მომგებიანი იქნება, ვიდრე მბაპეს შეძენა. 21 წლის ფრანგის ტრანსფერს დაახლოებით 250 მილიონ ფუნტად აფასებენ. 

მადრიდის რეალი დიდი ხანია კილიან მბაპეს ტრანსფერით ინტერესდება

ზინედინ ზიდანის გუნდს ესპანეთის პრიმერაში გასული 25 ტურის შემდეგ, 53 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მხოლოდ ბარსელონას (55) ჩამორჩება. რეალს ჩემპიონთა ლიგის ⅛-ფინალში მეტოქედ მანჩესტერ სიტი ჰყავს, რომელთან შეხვედრებს 27 თებერვალსა და 18 მარტს ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები