Thumbnail
  • იტალიის ჩრდილოეთ რაიონებში კორონავირუსის ეპიდემიას ებრძვიან
  • ქვეყანაში სპორტულ ღონისძიებებს აუქმებენ ან შეზღუდვებს აწესებენ 
  • კორონავირუსმა სერია A-ს მთავარი მატჩშიც დააზარალა 

იტალიის ჩემპიონატის 26-ე ტურის ცენტრალური მატჩი - იუვენტუსი-ინტერი, რომელიც 1-ელ მარტს უნდა გაიმართოს და სკუდეტოსთვის ბრძოლაში შესაძლოა, გადამწყვეტიც იყოს, ქვეყანაში გავრცელებული კორონავირუსის გამო, უმაყურებლებოდ ჩაივლის. ეს გადაწყვეტილება იტალიის სპორტის სამინისტრომ მიიღო.

სერია A-ს სატურნირო ცხრილს ტურინის იუვენტუსი 25 მატჩში მოპოვებული 60 ქულით ლიდერობს. მეორე პოზიციაზე რომის ლაციოა (25 მატჩი, 59 ქულა), მესამეზე კი სწორედ მილანის ინტერია, რომელსაც თამაშით ნაკლები და 54 ქულა აქვს.

იუვენტუსი-ინტერის გარდა, ცარიელი ტრიბუნების თანხლებით ჩატარდება სერია A-ს 26-ე ტურის კიდევ ხუთი შეხვედრა.

სერია A-ს მატჩები, რომლებიც გულშემატკივრების გარეშე ჩატარდება:

უდინეზე-ფიორენტინა
მილანი-ჯენოა
პარმა-სპალ-ი
სასუოლო-ბრეშია
იუვენტუსი-ინტერი
სამპდორია-ვერონა

კორონავირუსის გამო, იტალიაში საგანგებო ზომების მიღება გახდა საჭირო   

იტალიის ჩრდილოეთში კორონავირუსულმა ინფექციამ რამდენიმე დღის წინ იფეთქა. ვირუსმა უკვე იმსხვერპლა 5 ადამიანი, დაავადებულთა რიცხვმა კი ორ ასეულს გადააჭარბა.

ხელისუფლება ცდილობს, დაავადების გავრცელებას ხელი შეუშალოს. რამდენიმე რეგიონში უკვე დაწესდა კარანტინი და შეიზღუდა სპორტული ღონისძიებების ჩატარება. სერია A-ს 25-ე ტურში ოთხი მატჩი უკვე გადაიდო, მომდევნო ტურში კი შეხვედრების მაყურებლების გარეშე გამართვა, გამონაკლისის სახით მაინც დაუშვეს.

კორონავირუსი ევროპალიგასაც მისწვდა

ეპიდემიამ მხოლოდ იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩები არ დააზარალა. გადაწყდა, რომ მაყურებლების გარეშე გაიმართება ევროპალიგის 1/16-ფინალური შეხვედრა მილანის ინტერსა და ლუდოგორეცს შორისაც, რომელიც 28 თებერვალს, "სან სიროზეა" დაგეგმილი.

კომენტარები

ბოლო ამბები