Thumbnail
  • ფილადელფია 129:112 ატლანტა
  • ბენ სიმონსის არყოფნაში, ჯოელ ემბიიდმა კარიერის საუკეთესო შედეგი დადო

ეს თვით ჯოელ ემბიიდისთვისაც არაჩვეულებრივი ციფრებია. ფილადელფიას ცენტრმა, რომელიც საკუთარ თავს ლიგის საუკეთესო მოთამაშეს უწოდებს, ატლანტასთან მატჩში კარიერის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა: 49 ქულა (17/24). მას 14 მოხსნაც ჰქონდა. ემბიიდმა თავისი მაჩვენებელი 49 ქულამდე ზუსტი სამქულიანით აიყვანა, რის შემდეგაც საკუთარი პუბლიკის წინ ახალი პირადი რეკორდი ემოციურად აღნიშნა.

“თუ გახსოვთ, ‘ოლ სტარის’ წინ ვამბობდი, რომ სულ სხვანაირად ავთამაშდებოდი და გაცილებით აგრესიული ვიქნებოდი. ისიც ვთქვი, რომ მინდა, კალათბურთის თამაშით ისევ სიამოვნებას ვიღებდე. სიამოვნების მიღება სხვადასხვანაირად შემიძლია, პირველ რიგში კი მაშინ, როცა თამაშში დომინანტი ვარ,” - თქვა მატჩის შემდეგ ემბიიდმა.

ახლა ფილადელფიაში სწორედ ის არის დომინანტი - მით უმეტეს იმის გამო, რომ სიქსერსს ტრავმის გამო ბენ სიმონსი აკლია. გამთამაშებელს ზურგის პრობლემები აქვს და ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად რამდენ ხანს დაისვენებს. მის ნაცვლად სასტარტო ხუთეულში შეიკ მილტონი გახლდათ. გამთამაშებლის პოზიციაზე რამდენიმე წუთი ითამაშე მსროლელმა ჯოშ რიჩარდსონმაც. სამი მატჩის შემდეგ სასტარტო ხუთეულში დაბრუნდა ოლ ჰორფორდიც (7 ქულა, 8 მოხსნა, 5 პასი).

ფილადელფიას საკუთარ მოედანზე 29 მოგება და მხოლოდ 2 მარცხი აქვს, რაც NBA-ს მიმდინარე სეზონში კვლავინდებურად საუკეთესო საშინაო მაჩვენებელია. ატლანტასთან გამარჯვება ემბიიდის შემდეგ, ყველაზე მეტად ტობიას ჰარისის დამსახურებაა, რომელმაც 25 ქულა ჩააგდო. ჯამში 36 მოგებითა და 22 მარცხით ფილა აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა. ატლანტადან (17 მოგება, 42 მარცხი, მე-14 ადგილი) საუკეთესო ტრეი იანგი იყო (28 ქულა).

📺 ვიდეო: ჯოელ ემბიიდის 49 ქულა ატლანტასთან

კომენტარები

ბოლო ამბები