Thumbnail
  • დიუსელდორფის გრანდ სლემის შემდეგ კლასიფიკაცია განახლდა
  • ქართველთაგან საუკეთესო შედეგი გურამ თუშიშვილს აქვს

გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში დასრულებული გრანდ სლემის დასრულების შემდეგ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც ცვლილებები საქართველოს ნაკრების წევრებსაც შეეხოთ.

შეგახსენებთ, გასულ გრანდ სლემზე ქართველმა ძიუდოისტებმა 4 მედლის მოპოვება მოახერხეს და დასაწყისში სწორედ გერმანიაში თავგამოჩენილებზე მოგახსენებთ.

გურამ თუშიშვილმა (+100 კგ.), რომელმაც დიუსელდორფის ტურნირის მოგებით 1 000 ქულა შეიმატა, 5 951 ქულა მოაგროვა და მძიმე წონით კატეგორიაში მესამედან მე-2 ადგილზე გადაინაცვლა.

გურამის წინ მხოლოდ ჩეხი ლუკაშ კრპალეკია (6 670 ქულა), ჩვენებურის უახლოესი მდევრები კი იაპონელი ჰისაიოში ჰარასავა (5 530), ჰოლანდიელი როი მეიერი (4 840) და რუსი ინალ ტასოევი (4 753) არიან.

ამავე წონაში გელა ზაალიშვილი (2 970) მეთხუთმეტეა, ლევან მატიაშვილი (2 301) – 24-ე, ონისე ბუღაძე (902) – 50-ე, ხოლო გიორგი ზაქარიაძე (296) – 81-ე.

ტატო გრიგალაშვილი

დიუსელდორფში ჩემპიონი გახდა ტატო გრიგალაშვილიც (81 კგ.), რომელიც 4 პოზიციით დაწინაურდა და კლასიფიკაციაში მე-14 ადგილზეა.

მასზე წინაა ლუკა მაისურაძე (3 775), რომელსაც მე-10 საფეხური უკავია, 81 კგ-მდე წონითი კატეგორიის მოწინავე ასეულში კი, კიდევ 4 ქართველია: ვლადიმერ ახალკაცი (926, 52-ე), ნუგზარ ტატალაშვილი (579, 77-ე), ზებედა რეხვიაშვილი (573, 78-ე) და თამაზ კირაკოზაშვილი (566, 79-ე).

ამ წონაში მოწინავე ხუთეული ასე გამოიყურება: 1. საგი მუკი (ისრაელი, 7 489 ქულა), 2. მატიას სისე (ბელგია, 7 434), 3. ვედატ ალბაირაკი (თურქეთი, 5 050), 4. საეიდ მოლაეი (მონღოლეთი, 4 515), 5. დომინიკ რესელი (გერმანია, 4 365).

ვაჟა მარგველაშვილმა ფინალი იაპონელ ჰიფუმი აბესთან წააგო

დიუსელდორფში ვერცხლის მედლის მოპოვებით 700 სარეიტინგო ქულა შეიმატა და ერთბაშად 6 ადგილით დაწინაურდა ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.).

ქართველი ძიუდოისტი 4 480 ქულით უკვე მეხუთეა, მის წინ კი, მანუელ ლომბარდო (იტალია, 5 602), იოშირო მარუიამა (იაპონია, 5 195), ჰიფუმი აბე (იაპონია, 5 030) და დენის ვიერუ (მოლდოვა, 5 002) არიან.

66 კგ-შივე 2 564 ქულით 22-ე პოზიცია უკავია ბაგრატ ნინიაშვილს, რომელმაც დიუსელდორფში ბრინჯაოს მედლისთვის ორთაბრძოლა წააგო, შემდეგ კი, დიდი ჩავარდნა გვაქვს, რადგანაც გიორგი თუთაშვილი (602) მხოლოდ მეოთხმოცეა.

ბექა ღვინიაშვილმა გერმანიაში მე-3 ადგილი დაიკავა

გერმანიაში მე-3 ადგილი დაიკავა და შესაბამისად, 500 ქულა ერგო ბექა ღვინიაშვილს (90 კგ.), რომელმაც კლასიფიკაციაში თანაგუნდელ ლაშა ბექაურს (3 522) გადაუსწრო და 3 651 ქულით მეათეა.

საერთოდაც, 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრებში დიდი კონკურენციაა, რადგანაც გიორგი პაპუნაშვილი (2 128) 28-ეა, ავთანდილ ჭრიკიშვილი (1 598) – 38-ე, ხოლო უშანგი მარგიანი (1 037) – 50-ე.

ამ წონის უპირობო ლიდერი ესპანეთის ნაკრების სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილია (8 036), რომელიც უახლოეს კონკუტენტებს საგრძნობლად უსწრებს.

მოწინავე ხუთეულში სერბი ნემანია მაიდოვი (5 517), ჰოლანდიელი ნოელ ვან ტ ენდი (5 381), კუბელი ივან ფელიპე სილვა მორალესი (5 315) და უნგრელი კრისტიან ტოტი (4 427) შედიან.

ლუხუმ ჩხვიმიანი

60 კგ-ში 2 პოზიცია დაკარგა და 5 036 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფება მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ლუხუმ ჩხვიმიანი, რომელიც რიუჯუ ნაგაიამას (იაპონია, 6 350), იელდოს სმეტოვს (ყაზახეთი, 5 868), ნაოჰისა ტაკატოსა (იაპონია, 5 270) და შარაფუდინ ლუტფილაევს (უზბეკეთი, 5 055) ჩამორჩება.

3 196 ქულით მე-11 პოზიციას ინარჩუნებს ამირან პაპინაშვილი, თემურ ნოზაძე (1862) 30-ეა, ხოლო ჯაბა პაპინაშვილი (1 330) – 39-ე.

ყველაზე მძიმე მდგომარეობა 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში გვაქვს, სადაც ქართველ ძიუდოისტთაგან საუკეთესო ლაშა შავდათუაშვილი (3 302) კიდევ 3 ადგილით დაქვეითდა და მე-15 პოზიციაზეა.

მის გარდა, მოწინავე ასეულში მხოლოდ ფრიდონ გიგანია (680) და ისიც 71-ე საფეხურზე იმყოფება.

წონის ლიდერები სოიჩი ჰაშიმოტო (6 379), რუსტამ ორუჯოვი (აზერბაიჯანი, 5 877), ტომი მასიასი (შვედეთი, 4 551), ჰიდაიატ ჰეიდაროვი (აზერბაიჯანი, 4 441) და ტოჰარ ბუტბული (ისრაელი, 4 362) არიან.

ვარლამ ლიპარტელიანი

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა 1 პოზიცია დაკარგა და 5 121 ქულით 100 კგ-ში მე-4 ადგილზეა.

ის მხოლოდ მიხაელ კორელს (ჰოლანდია, 5 860), გუჰამ ჩოსა (სამხრეთ კორეა, 5 465) და პეტერ პალჩიკს (ისრაელი, 5 307) ჩამორჩება.

ამავე წონაში ონისე სანებლიძე (863) 52-ე საფეხურზეა, ლაშა ტაველური (594) – 69-ეზე, ილია სულამანიძე (574) – 71-ეზე, გიორგი ბერიაშვილი (404) – 84-ეზე, ხოლო გიორგი ჩიქოვანი (260) – 98-ეზე.

კომენტარები

ბოლო ამბები