Thumbnail

სენტ ტრუიდენთან 4:1 მოგებული მატჩის გმირი გენტის 20 წლის კანადელი ჯონათან დევიდი იყო, რომელმაც ჰეთ თრიკი შეასრულა, თუმცა გამარჯვებაში დიდი წვლილი გიორგი ქვილითაიასაც მიუძღვის, რომელმაც ჯერ პენალტი მოიპოვა გუნდისთვის, შემდეგ კი თავით სეზონში საკუთარი გოლების ანგარიში გახსნა. 

ქვილითაია სასტარტო შემადგენლობაში ლორან დეპუატრის ტრავმის წყალობით მოხვდა და მანაც გაამართლა. გენტის ოფიციალურ საიტთან ქართველმა ფორვარდმა შემდეგი თქვა:

გიორგიმ გენტის მაისურით სექტემბრის შემდეგ პირველად გაიტანა

გიორგი ქვილითაია: "ძალიან გახარებული ვარ, რომ გოლი გავიტანე. სეზონის დასაწყისში შანსი იშვიათად მეძლეოდა და გოლის გატანა ვერ მოვახერხე. მძიმე პერიოდი გამოვიარე, რადგან ფორვარდი, რომელსაც გოლები ვერ გააქვს ავტომატურად კარგავს საკუთარი ძალების რწმენას. 

ამ გოლით, ვიმედოვნებ, რომ თვითრწმენა დამიბრუნდება. კუმსისგან შესანიშნავი პასი მივიღე, მხოლოდ ახტომა და თავის დარტყმა მრჩებოდა. კი ბატონო, ეს არ იყო იოლი გასაკეთებელი, თუმცა სვენის ჩაწოდება იდეალური იყო. 

პირველი გოლის ეპიზოდში დარტყმაც შემეძლო, თუმცა რთული სიტუაცია იყო, კარგია, რომ მცველმა შეცდომა დაუშვა და პენალტიც დაინიშნა.

1:0-ის შემდეგ, ჩვენ უკვე სულ სხვა განწყობით ვუტევდით და უკვე 25 წუთის შემდეგ 3:0 იყო. მთელმა გუნდმა ფანტასტიკურად ითამაშა, ყველას ვულოცავ კარგ თამაშსა და მოპოვებულ სამ ქულას. ეს ძალზე მნიშვნელოვანი სამი ქულა იყო ჩვენთვის". 

შეგახსენებთ, რომ ამ მატჩში გიორგი ქვილითაიამ და გიორგი ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს, ამ უკანასკნელმა კი თავი საგოლე პასით გამოიჩინა. 

26 წლის ქვილითაიამ გენტის მაისურით ბოლოს 25 სექტემბერს გაიტანა - ბელგიის თასზე აალსტთან დუბლი შეასრულა. 

27 თებერვალს გენტი რომას ევროპალიგის საპასუხო 1/16 ფინალურ მატჩში უმასპინძლებს, რომში ამ გუნდების შეხვედრა იტალიურმა გრანდმა 1:0 მოიგო.  

გამოკითხვა

ვინ გაუტანს რომას?

  • გიორგი ჩაკვეტაძე
  • გიორგი ქვილითაია
  • ორივე გაუტანს
  • ვერცერთი

კომენტარები

ბოლო ამბები