Thumbnail
  • რეალის გარემარბის ტრავმა იმაზე სერიოზულია, ვიდრე თავიდან ჩანდა 
  • ფეხბურთელის მდგომარეობაზე ბელგიის ნაკრების თავკაცმა ისაუბრა
  • მარტინესი შიშობს, რომ ფეხბურთელს სულ ცოტა სამი თვე გაუცდება

მადრიდის რეალისა და ბელგიის ეროვნული ნაკრების გარემარბი ედენ აზარი ისევ ტრავმირებულია და საკლუბო სეზონის დარჩენილი ნაწილის გარდა, ევროპის ჩემპიონატის გამოტოვებასაც რისკავს. 

29 წლის ფეხბურთელი, რომელიც ნოემბრის ბოლოდან მოყოლებული, თებერვლის შუა რიცხვებამდე ვერ თამაშობდა, ისევ დაშავდა და ბოლო ინფორმაციით, უქმობა უფრო ხანგრძლივი პერიოდით მოუწევს, ვიდრე თავიდან ვარაუდობდნენ. 

არსებობს საფრთხე, რომ ედენ აზარი ვერც ევრო 2020-ზე ბელგიის ნაკრებს დაეხმაროს

აზარი ესპანეთის ჩემპიონატის 25-ე ტურში, ლევანტესთან შეხვედრაში (0:1) დაშავდა და ფეხბურთს სულ ცოტა სამი თვით ჩამოშორდა. ედენის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ბელგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა ილაპარაკა.

"რეალის სამედიცინო შტაბთან მუდმივი კონტაქტი გვაქვს და ედენის გამო ძალიან ვშფოთავთ. სამწუხაროა, რომ ეს მანჩესტერ სიტისთან მნიშვნელოვანი მატჩის წინ მოხდა. ძალიან დამწუხრებულნი ვართ, რადგან ტრავმა ფეხბურთისგან მას, სულ ცოტა, სამი თვით ჩამოაშორებს. ისეთი მოთამაშე, როგორიც აზარია, ყოველთვის მოედანზე უნდა იყოს", - განაცხადა მარტინესმა.

გადაწყვეტილია, რომ ედენ აზარი მადრიდის რეალს ვერც ჩემპიონთა ლიგის 18-ფინალში, მანჩესტერ სიტისთან დაეხმარება და ვერც ლა ლიგის მომავალ ტურში გასამართ "ელ კლასიკოში".

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი 12 ივნისს დაიწყება, ბელგიის ეროვნული ნაკრები კი ჯგუფში რუსეთთან, დანიასა და ფინეთთან იბრძოლებს. 

მიმდინარე სეზონში აზარმა რეალის მაისურით 15 მატჩში ითამაშა და 1 გოლითა და 5 საგოლე პასით გამოირჩა.

კომენტარები

ბოლო ამბები