Thumbnail

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევრობასკეტი 2021-ის საკვალიფიკაციო ციკლში მე-2 მატჩი ჩაატარა და ბელგრადში, E ჯგუფის ფავორიტ სერბეთს 94:90 მოუგო. მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა და ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი შერმადინმა პრესკონფერენცია გამართეს

ილიას ზუროსი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი): “პირველ რიგში, მინდა მივულოცო ეს გამარჯვება ჩემი გუნდის მოთამაშეებს და სამწვრთნელო შტაბს. რთულია ასეთი მატჩებისთვის მომზადება, როდესაც სულ რამდენიმე დღე გაქვს ვარჯიშების ჩასატარებლად. პირველ წუთებში ცოტა დავიკარგეთ მოედანზე, თუმცა შემდეგ ვიპოვეთ რიტმი და მთლიანობაში, ძალიან კარგი თამაში ჩავატარეთ.

სერბეთი ჯგუფის ფავორიტია, რომელსაც ჩემი აზრით, საუკეთესო მწვრთნელი ჰყავს. ჩვენთვის მთავარი არა გამარჯვება, არამედ ის გამოცდილებაა, რომელსაც ახალგაზრდა მოთამაშეები იღებენ, რადგან ეს შესარჩევი ციკლი სამზადისია ევრობასკეტისთვის.

საქართველოს ნაკრებში ახალი თაობა მოდის, ჩვენ ახალი სისხლი გვჭირდება და ბედნიერი ვარ, რომ ეს პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. სერბეთი საკალათბურთო ქვეყანაა და როგორც იგორს, ისე მთლიანად გუნდს, მიმდინარე შესარჩევ ციკლში ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ”.

გიორგი შერმადინმა 23 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა

გიორგი შერმადინი (საქართველოს ნაკრები): “ძალიან მაგარი თამაში ჩავატარეთ, განსაკუთრებით კი, მეორე ტაიმში. სერბეთი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და მათ მიმართ დიდ პატივისცემას გამოვხატავ. შეხვედრის დასკვნით ნაწილში საუკეთესო თამაში ვაჩვენეთ. ისეთი თამაში, როგორიც გვჭირდებოდა. ვიცი, საქართველოში ამ მატჩს ბევრი ადამიანი უყურებდა და ვფიქრობ, ისინი კმაყოფილები დარჩებოდნენ”.

კომენტარები

ბოლო ამბები