Thumbnail
  • გურამ თუშიშვილმა დიუსელდორფის გრანდ სლემი მოიგო
  • საქართველო გუნდურ ჩათვლაში მხოლოდ იაპონიას ჩამორჩა

გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში გამართული გრანდ სლემი ქართული ჰიმნით დაიხურა. კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი გურამ თუშიშვილი (+100 კგ.) ავიდა, რომელმაც მთელი ტურნირი დიდებულად განვლო.

გურამ თუშიშვილმა ოქროს მედალი არავის დაუთმო

თუშიშვილს, რომელიც 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონი და ევროპის პირველობის 2-გზის (2017, 2019) გამარჯვებული გახლავთ, პირველი განთესვა ჰქონდა და საკუთარი უპირატესობა ეჭვქვეშ ერთხელაც არ დაუყენებია.

გურამმა საწყის რაუნდებში უზბეკი ალიშერ იუსუპოვი და ტაჯიკი შაკარმამად მირმამადოვი დააიპონა, შემდეგ სამხრეთკორეელი მინჯონგ კიმი შებოჭა, ნახევარფინალში კი ბრაზილიელ რაფაელ სილვას 3 შიდო აჰკიდა.

გადამწყვეტ შეხვედრაში თუშიშვილის მეტოქე გერმანელი იოჰანეს ფრეი იყო, თუმცა, ბრძოლა ამ შემთხვევაშიც არ ყოფილა. მხოლოდ 46 წამი იყო გასული, როდესაც ქართველმა ძიუდოისტმა ბრწყინვალე კისრული წამოიწყო და მასპინძელი ტატამიზე გააკრა.

ამგვარად, საქართველოს ნაკრებმა დიუსელდორფის გრანდ სლემი 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა და გუნდურ ჩათვლაში მხოლოდ იაპონიას ჩამორჩა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ტატო გრიგალაშვილი (81 კგ.) ავიდა და ვერცხლი ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ.) აიღო, დღეს კი, ბრინჯაოს მედალი ბექა ღვინიაშვილმა (90 კგ.) დაისაკუთრა.

კომენტარები

ბოლო ამბები