Thumbnail
  • გურამ თუშიშვილს გრანდ სლემზე ოქროს მოპოვების შანსი აქვს
  • ფინალური ბლოკი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი გურამ თუშიშვილი (+100 კგ.) გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში მიმდინარე გრანდ სლემის ფინალში გავიდა და საღამოს ბლოკში ოქროს მედლისთვის იბრძოლებს, ბექა ღვინიაშვილს (90 კგ.) კი ბრინჯაოს აღების შანსი აქვს.

თუშიშვილს, რომელიც 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონი და ევროპის 2-გზის (2017, 2019) ჩემპიონი გახლავთ, პირველი განთესვა ჰქონდა და დილის სესია დამაჯერებლად განვლო.

გურამმა საწყის რაუნდებში უზბეკი ალიშერ იუსუპოვი და ტაჯიკი შაკარმამად მირმამადოვი დააიპონა, შემდეგ სამხრეთკორეელი მინჯონგ კიმი შებოჭა, ნახევარფინალში კი ბრაზილიელ რაფაელ სილვას 3 შიდო აჰკიდა.

გადამწყვეტ შეხვედრაში თუშიშვილის მეტოქე გერმანელი იოჰანეს ფრეი იქნება, რომელმაც ჰენკ გროლი (ჰოლანდია), ვიტო დრაგიჩი (სლოვენია), რიჩარდ სიპოჩი (უნგრეთი) და როი მეიერი (ჰოლანდია) დაჩაგრა.

ღვინიაშვილმა გზიდან ყირგიზი ერლან შეროვი და შვეიცარიელი სირილ გროსკლაუსი ჩამოიცილა, მეოთხედფინალში კი უზბეკ დავლატ ბობონოვთან, რომელმაც მანამდე ლაშა ბექაურიც დააიპონა, მტკივნეული ილეთით წააგო.

ამგვარად, ბექა რეპეშაჟში გადაერთო, სადაც ჩეხ დავიდ კლამერტს ვაზარით აჯობა და ბრინჯაოს მედლისთვის აზერბაიჯანელ მამადლი მეჰდიევთან დაპირისპირების უფლება მოიპოვა.

ბექა ღვინიაშვილი

დღეს, ტატამიზე კიდევ 3 ქართველი ძიუდოისტი ვიხილეთ. 100 კგ-მდე წონით კატეგორიაში გიორგი ჩიქოვანმა ყაზახ აიბეკ სერიკბაიევს, სერბ ბოიან დოსენსა და არაბეთის გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელ ივან რემარენკოს აჯობა, რასაც ბრაზილიელ რაფაელ ბუზაკარინისთან იპონით მარცხი მოჰყვა.

ქართველი ძიუდოსტი სანუგეშო რაუნდში აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოიევს ვაზარით უგებდა, თუმცა, ბოლო წუთზე იპონზე დაეცა და შეჯიბრს გამოეთიშა.

ამავე წონაში ნიაზ დიასამიძემ კენიელი ჯორჯ კიმანი წამებში დააიპონა, მომდევნო წრეში კი მომავალ ფინალისტ ელმარ გასიმოვთან (აზერბაიჯანი) ასევე წმინდად დამარცხდა.

მძიმე წონაში (100 კგ.) ონისე ბუღაძემ გერმანელ იონას შრეიბერს ვაზარით სძლია, უზბეკ ბეკმუროდ ოლტიბოევთან კი იპონით დამარცხდა.

ფინალური ბლოკი სტარტს 20:00 საათზე აიღებს და მის პირდაპირ ტრანსლაციას სილკ უნივერსალი გეგმავს.

კომენტარები

ბოლო ამბები