Thumbnail

‘საუკეთესო დღე მის ცხოვრებაში’ - ბულინგის მსხვერპლი ბიჭი რაგბის ვარსკვლავებთან

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ავსტრალიელმა და ახალზელანდიელმა მორაგბეებმა ბულინგის მსხვერპლი ბიჭი ‘ოლ სტარზე’ დაპატიჟეს
  • ქუადენ ბეილსის დედის თქმით, მას ეს დღე არასდროს დაავიწყდება

ემოციური კადრები გოლდ-კოსტის სარაგბო სტადიონიდან! 

ავსტრალიის ეროვნული რაგბის ლიგის ოლ სტარის მატჩზე, როდესაც Indigenous All-Stars-ისა და ახალზელანდიური Maori Kiwis All-Stars-ის გუნდები მოედანზე გამოვიდნენ, მათ განსაკუთრებული სტუმარი ჰყავდათ: ქუადენ ბეილსი.

9 წლის ავსტრალიელმა ბიჭუნამ მილიონობით ადამიანის მხარდაჭერა მიიღო მას შემდეგ, რაც მისმა დედამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა შემზარავი ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ გახდა ქუადენი სკოლაში ბულინგის მსხვერპლი. ვიდეოში 9 წლის ქუადენი ტიროდა და დედას სთხოვდა, მისთვის თავის მოსაკლავად დანა მიეცა. იგი დიდი ხანია, მძიმე ბრძოლა უწევს დისკრიმინაციის წინააღმდეგ.

ვიდეო მთელ მსოფლიოში ვირუსულად გავრცელდა. 23 თებერვალს ქუადენ ბეილსი ავსტრალიის ეროვნული რაგბის ლიგაზე, ‘ოლ სტარის’ მატჩზე სპორტსმენებთან ერთად გამოვიდა, რაგბის ვარსკვლავებს წინ გაუძღვა, მერე კი მატჩს უყურა. 

ქუადენის დედა ამბობს, რომ ეს საუკეთესო დღე იყო მის ცხოვრებაში.

აღსანიშნავია, რომ ვიდეოს გავრცელების შემდეგ, ქუადენს არაერთი ვარსკვლავი გამოეხმაურა, მათ შორის იყო ჰოლივუდის ვარსკვლავი ჰიუ ჯეკმანი ("X-Men", "Wolverine").

‘ქუადენ, ჩემი სახით შენ ახალი მეგობარი გყავს’, - თქვა ჰეკმანმა ვიდეო-მიმართვაში და ადამიანებს მოუწოდა, ერთმანეთის მიმართ უფრო კეთილები იყვნენ.

რაც შეეხება მატჩს: Maori All Stars-მა თამაში 30:16 მოიგო, რაც ქუადენ ბეილსის ამბავის ფონზე მეორეხარისხოვანი მოვლენაა...

კომენტარები

ბოლო ამბები