Thumbnail
  • გიორგი შერმადინმა შვეიცარიასთან ორმაგი დუბლი შეასრულა
  • თბილისური მატჩი დასწრებადობის მხრივ მოწინავეთა შორისაა

ევრობასკეტი 2021-ის საკვალიფიკაციო ციკლში დღეს მე-2 ტურის მატჩები აიღებს სტარტს, მანამდე კი, ფიბა-ს ოფიციალურ ვებგვერდზე სასტარტო ტურის სიმბოლური ხუთეული გამოქვეყნდა, რომელშიც ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინიც მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ 20 თებერვალს ქართველი კალათბურთელები შინ შვეიცარიას დაუპირისპირდნენ და ოვერტაიმში 96:88 მოიგეს, შერმადინმა კი მოედანზე 36:10 წუთი გაატარა და ორმაგი დუბლი შეასრულა: 16 ქულა, 13 მოხსნა (4 შეტევაში), 4 პასი, 1 ჩაჭრა, 1 დაფარება.

შედეგად, ქართველი კალათბურთელის სარგებლიანობის კოეფიციენტი 26-ს გაუტოლდა და ის ტურის საუკეთესო ხუთეულში შეიყვანეს.

შერმადინის გარდა, ამგვარი პატივი ჰოლანდიელ შარლონ კლოოფს (27 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი, სარგებლიანობის კოეფიციენტი 28), ესტონელ კრისტიან კულამაეს (31 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი, კოეფიციენტი 31), შვეიცარიელ ჯონატან კაზადისა (22 ქულა, 10 მოხსნა, 10 პასი, კოეფიციენტი 30) და სერბ მიროსლავ რადულიცას (19 ქულა, 8 მოხსნა, 2 დაფარება, კოეფიციენტი 26) ერგოთ.

წაიკითხე | PREVIEW | 'მათ პრობლემების შექმნა ყველასთვის შეუძლიათ' - ბელგრადული დუელის წინ

სხვათა შორის, ფიბა-მ თბილისში თავგამოჩენილი კაზადი განსაკუთრებით გამოარჩია, რადგანაც შვეიცარიელი 2014 წლის შემდეგ (მაშინ ეს ებრაელმა გალ მეკელმა მოახერხა) პირველი კალათბურთელი გახდა, ვინც ევრობასკეტის კვალიფიკაციაში სამმაგი დუბლი შეასრულა.

თბილისის სპორტის სასახლე თითქმის ბოლომდე შეივსო

    საინტერესოა, რომ პირველი ტურის მატჩებს ევროპის მასშტაბით თვალი საშუალოდ 5 500 მაყურებელმა მიადევნა, დასწრებადობის მიხედვით საუკეთესო მაჩვენებლები კი შემდეგ მატჩებზე დაფიქსირდა:

    11 000 – პოლონეთი-ისრაელი (გლივიცე)
    10 100 – ლატვია-ბოსნია-ჰერცეგოვინა (რიგა)
    9 563 – თურქეთი – ჰოლანდია (ანკარა)
    7 099 – საქართველო – შვეიცარია (თბილისი)
    6 770 – ფინეთი – სერბეთი (ესპოო)

    საინტერესოა, რომ აღნიშნული ხუთეულიდან მრავალრიცხოვანი პუბლიკის ქომაგობა მხოლოდ ქართველ კალათბურთელებს წაადგათ, პოლონეთმა, ლატვიამ, თურქეთმა და ფინეთმა კი საშინაო მატჩები წააგეს.

    შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ციკლის მე-2 მატჩს, დღეს, ბელგრადში ჩაატარებს. სერბეთთან შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტრანსლაციას პირველი არხი გეგმავს.

    კომენტარები

    ბოლო ამბები