Thumbnail
  • 📅 23 თებერვალი | ⌚ 20:00 | 🏀 სერბეთი V საქართველო | 📺 პირველი არხი
  • საქართველოს ნაკრებს ბელგრადში ჯგუფის ლიდერთან მატჩი ელის

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მზადებას განაგრძობს სერბეთთან ევრობასკეტი 2021-ის საკვალიფიკაციო მატჩისთვის, რომელსაც დღეს ბელგრადში მდებარე ალეკსანდრ ნიკოლიჩის სახელობის დარბაზი უმასპინძლებს.

პირველ ტურში ორივე გუნდმა გამარჯვება იზეიმა. ქართველმა კალათბურთელებმა შინ შვეიცარიას ოვერტაიმში 96:88 სძლიეს, იგორ კოკოშკოვის მიერ გაწვრთნილმა სერბებმა კი ფინეთში 80:58 მოიგო.

შეგახსენებთ, რომ კოკოშკოვი საქართველოს ნაკრების ისტორიაში ყველაზე წარმატებული მწვრთნელია, ის ჩვენს გუნდს 2008-2015 წლებში თავკაცობდა.

იგორის ხელმძღვანელობით, ქართველმა კალათბურთელებმა სამ ევრობასკეტზე (2011, 2013, 2015) ითამაშეს. მას შემდეგ, კოკოშკოვმა სლოვენიას ევროპის ჩემპიონატი მოაგებინა, ამჟამად კი, მშობლიურ ნაკრებს ავარჯიშებს.

იგორ კოკოშკოვი უკვე სერბეთის ნაკრების მწვრთნელია
📷 | საქართველოს კალათბურთის ფედერაცია

საქართველოს ნაკრებმა გუშინ საღამოს გენერალური ვარჯიში ჩაატარა. ილიას ზუროსი და მისი ასისტენტები დეტალურად უხსნიდნენ მოთამაშეებს კომბინაციებს და თითოეულ მათგანს კონკრეტულ დავალებას აძლევდნენ.

ვარჯიშმა თითქმის ორ საათს გასტანა და მას საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კალათბურთელი ვიქტორ სანიკიძეც ესწრებოდა, რომელიც ბელგრადში ქართველების საქომაგოდ სალონიკის არისის (სანიკიძე სწორედ ამ კლუბშია დასაქმებული) წარმომადგენლებთან ერთად ჩავიდა.

გიორგი შერმადინი და ილიას ზუროსი
📷 | საქართველოს კალათბურთის ფედერაცია

გიორგი შერმადინი: “პირადად მე თავს კარგად ვგრძნობ. პირველი მატჩის დროს კუნთები მქონდა დაჭიმული. თუმცა, ექიმების დახმარებით, ახლა, ყველაფერი კარგადაა და სერბეთში სრული დატვირთვით ვვარჯიშობ.

ჩვენი მეტოქე ძალიან კარგი გუნდია. მიუხედავად იმისა, რომ ევროლიგის მოთამაშეები არ ჰყავთ, მაღალი დონის კალათბურთელები არ აკლიათ.

ყველაფრის მიუხედავად, მწვრთნელმა საჭირო მითითებები მოგვცა და შემიძლია ვთქვა, რომ მათთან სათამაშოდ მზად ვართ”.

თად მაკფადენი: “გაცილებით უკეთ უნდა ვითამაშოთ, ვიდრე – წინა შეხვედრაში. მოგება, რა თქმა უნდა, სასიხარულოა, მაგრამ ის შეცდომები, რომლებიც შვეიცარიასთან დავუშვით, გამოსასწორებელია. თუკი სერბეთთან გამარჯვება გვინდა, უფრო მაღალ დონეზეა ასპარეზობაა საჭირო”.

დუდა სანაძე: “სერბეთის ნაკრებთან ძალიან მძიმე მატჩი გველის. მათ ახალი მწვრთნელი ჰყავთ და ეცდებიან, ამ შეხვედრაში მოგებისთვის 100% გაიღონ, თანაც შინ თამაშობენ და ეს, დიდი უპრატესობაა.

თუმცა, აღნიშნული ჩვენ არ გვაშინებს და ვეცდებით, წინა მატჩში დაშვებული შეცდომები გამოვასწოროთ. რა თქმა უნდა, ამ შეხვედრაზეც მოსაგებად გავალთ.

მოსამზადებლად ბევრი დრო არ გვქონია, მაგრამ რაც იყო, შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად გამოვიყენეთ. გვინდა, ჩვენი თავი სათანადოდ წარმოვაჩინოთ”.

კომენტარები

ბოლო ამბები