Thumbnail

ტაისონ ფიური ჩემპიონია! ასეთ გამარჯვებას არავინ ელოდა

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • ტაისონ ფიური WBC-ის ახალი მსოფლიოს ჩემპიონია
  • Gypsy King-მა ლას ვეგასში შესანიშნავად იჩხუბა
  • ბრიტანელმა დეონტეი უაილდერი შთამბეჭდავად დაამარცხა

მძიმე წონის ისტორიაში ბოლო წლების ყველაზე დიდი ბრძოლა დასრულდა - ლას ვეგასში,  ტაისონ ფიურიმ დეონტეი უაილდერი დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული დაიბრუნა!

შეხვედრის შედეგზე მეტად მისი მიმდინარეობა აღმოჩნდა მოულოდნელი. სპეციალისტები ამ მოკრივეების პირველი ბრძოლის მსგავსად, მეტ-ნაკლებად თანაბარ ბრძოლას ელოდნენ წინასწარმეტყველებდნენ. უფრო მეტიც: ისინიც კი, ვინც ფიურის გამარჯვებას პროგნოზირებდა, მისგან უფრო მეტად ქულებით მოგებას ელოდებოდნენ. ფიურის ქულებით მოგება, ან უაილდერის ნოკაუტი - ასეთი იყო პროგნოზები.

ბრძოლა სრულიად საპირისპიროდ წარიმართა. ფიური მატჩის დაწყებისთანავე ძალიან აგრესიული იყო, ბევრად უფრო მეტად, ვიდრე პირველ ბრძოლაში. შეხვედრის დასაწყისიდანვე ფიური უტევდა, ბევრად უკეთ მოძრაობდა და უაილდერს გასაქანს არ აძლევდა. რაუნდი ფიურიმ იოლად მოიგო - 8-ჯერ მოარტყა, მხოლოდ 5 დარტყმა მიიღო და მთელი რაუნდი დომინირებდა.

მეტ-ნაკლებად თანაბარი მეორე რაუნდის შემდეგ, ფიურის უპირატესობა კიდევ უფრო აშკარა გახდა. მესამე რაუნდში მან 14-ჯერ მოარტყა უაილდერს (ყველაზე მეტი ერთ რაუნდში მათი ორი ბრძოლის მანძილზე) და ნოკდაუნიც გააკეთა!

მესამე რაუნდი ალბათ გადამწყვეტი იყო. უაილდერმა ამ რაუნდის შემდეგ ფაქტობრივად შეწყვიტა აქტიური წინააღმდეგობა - ფიურის მოგება მხოლოდ დროის საკითხი იყო. აგრესიული მეოთხე რაუნდის შემდეგ, ფიურიმ უაილდერი მეხუთე რაუნდში კიდევ ერთხელ გაუშვა ნოკდაუნში და მაგრად ცემა, ჯამში 33-ჯერ დაარტყა!

მეექვსე და მეშვიდე რაუნდში უაილდერი ფიურის წინააღმდეგობას, ფაქტობრივად, ვეღარ უწევდა - სულ თოკებთან იდგა და ცდილობდა, რომ უბრალოდ გაეძლო. ბრძოლამ აზრი დაკარგა და მსაჯმა უაილდერის მწვრთნელების მოთხოვნით, შეხვედრა გააჩერა - ფიურიმ ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა!

უაილდერმა იმ მომენტში მსაჯის გადაწყვეტილება გააპროტესტა, თუმცა სპეციალისტთა აზრით მისი სეკუნდანტები სწორად მოიქცნენ - უაილდერი ვეღარ მოძრაობდა, ნაცემი იყო და ნოკაუტი მხოლოდ დროის ამბავი იყო. ფიურიმ 160 დარტყმა განახორციელა, უაილდერმა კი მხოლოდ - 55.

ფიურიმ ბრძოლის შემდეგ ინტერვიუში მადლობა გადაუხადა უაილდერს მებრძოლი ხასიათისთვის და დაჯილდოება მისთვის ჩვეული შოუთი დაასრულა - შეკრებილ აუდიტორიასთან ერთად იმღერა დონ მაკლინის სიმღერა American Pie. ყველა პროგნოზით, ამის შემდეგ ენტონი ჯოშუასა და ტაისონ ფიურის ბრძოლა უნდა შედგეს.

📺 ვიდეო: ტაისონ ფიური - დეონტეი უაილდერი (მიმოხილვა)

📺 ფიური და უაილდერი რინგზე ასე გამოვიდნენ

Deontay Wilder makes his grand entrance to the ring

NOBODY makes an entrance like Deontay Wilder! 💯 Buy #WilderFury2 NOW: http://foxs.pt/2SbfRyb

Posted by FOX Sports on შაბათი, 22 თებერვალი, 2020

 

კომენტარები

ბოლო ამბები