Thumbnail
  • 📅 23 თებერვალი | ⌚ 20:00 | 🏀 სერბეთი V საქართველო | 📺 პირველი არხი
  • წინასამატჩო კომენტარები

23 თებერვალს საქართველოს ნაკრები ბელგრადში ევრობასკეტ 2021-ის მეორე საკვალიფიკაციო მატჩს გამართავს. მეტოქე ევროპული გრანდი სერბეთია, რომელსაც საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი იგორ კოკოშკოვი წვრთნის. 

ორივე გუნდს თითო მოგება აქვს, ილიას ზუროსის ნაკრებმა თბილისში შვეიცარიას ოვერტაიმში მოუგო - 96:88, ხოლო კოკოშკოვის სერბეთმა სტუმრად 80:58 დაამარცხა ფინეთის ნაკრები. შეგახსენებთ, რომ 4-დან 3 გუნდი ევრობასკეტზე გადის, თუმცა საქართველო, როგორც ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი ქვეყანა, უკონკურსოდ თამაშობს.

კოკოშკოვის ხელმძღვანელობით სერბეთნა ფინეთს იოლად მოუგო

ილიას ზუროსმა 12-კაციან განაცხადში შვეიცარიასთან მატჩის მერე ერთი ცვლილება განახორციელა, ბექა ბექაურის ნაცვლად, რომელსაც შვეიცარიასთან არ უთამაშია, გუნდში ილია ლონდარიძე დაამატა.

საქართველოს ნაკრები სერბეთში 21 თებერვალს გაფრინდა, ბელგრადის "ალეკსანდარ ნიკოლოჩის არენაზე" დღეს პირველად ივარჯიშა. 

შვეიცარიასთან საუკეთესო ბექა ბურჯანაძე იყო

ანატოლი ბოისა (საქართველოს ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი): "მგზავრობის მერე, ეს იყო მსუბუქი ვარჯიში, რომელზეც განვიხილეთ ტაქტიკური მონახაზი. ძირითადად ფარში სროლით ვიყავით დაკავებულები. კონტაქტურ ვარჯიშს მოვერიდეთ. ხვალ უფრო დეტალურად გავივლით მომავალი მატჩის გეგმას. რომ მაქსიმალურად მზად ვიყოთ თამაშისთვის". 

ვარჯიში ნიკოლიჩ არენაზე

ფინეთთან მატჩში კოკოშკოვის გუნდში MVP მიროსლავ რადულიცა იყო - 26 კოეფიციენტით - მან 19 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა. 10-10 ქულა ჩააგდეს რადე ზაგორაცმა და ალექსა ავრამოვიჩმაც. სერბეთიც და საქართველოც შესუსტებული შემადგენლობით ასპარეზობს ამ ორ ტურში."ორლოვის" (არწივები) არც გუნდის კაპიტანი მილოშ ტეოდოშიჩი ეყოლებათ საქართველოს წინააღმდეგ თამაშში. 

იგორ კოკოშკოვი საქართველოს ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მწვრთნელია, ის ჩვენს გუნდს 2008-2015 წლებში თავკაცობდა. მისი ხელმძღვანელობით, საქართველოს ნაკრებმა სამ ევრობასკეტზე იასპარეზა (2011, 2013, 2015). 

ნიკოლა რებიჩი (სერბეთი): "ფინეთთან ენერგიულად და მაღალ დონეზე ვითამაშეთ. ვფიქრობ, "ალეკსანდარ ნიკოლიჩზეც" დაახლოებით ასე უნდა ვითამაშოთ. ერთად ძალიან ცოტა დრო ვართ და ბევრი რამ დასახვეწია. საქართველოს რამდენიმე გამოცდილი მოთამაშე ჰყავს, რაც შეიძლება პრობლემა იყოს ჩვენთვის და მხოლოდ ენერგიული თამაშით მივაღწევთ მიზანს".

ოგნიენ იარამაცი (სერბეთი): "საქართველოს ნაკრებს რამდენიმე გამოცდილი მოთამაშე ჰყავს, მაკფადენი და შერმადინი მაგალითად, თუ ისინი სათამაშო რიტმს დაიჭერენ, პრობლემების შექმნა ნებისმიერი მეტოქისთვის შეუძლიათ. ჩვენი მიზანი არის ამის არ დაშვება და საუკეთესო კალათბურთის ჩვენება. ბელგრადელი ფანების წინაშე ვთამაშობთ. ასე რომ, დიდი ალბათობით, ორი მოგებით შევძლებთ ციკლის დაწყებას". 

შეგახსენებთ, რომ 2017 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრები სერბეთში 87:105 დამარცხდა, ხოლო  2018 წელს თბილისში 50:87 წააგო.

კომენტარები

ბოლო ამბები