Thumbnail
  • რუბინის ქართველი ლეგიონერები შედეგიანი მოქმედებით ყველა მატჩში გამოირჩევიან
  • ამჯერად დავითაშვილის საგოლე პასით, კვარაცხელიამ მოლდოვას ჩემპიონს გაუტანა

ყაზანის რუბინის ნახევარცველები, ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი თურქულ შეკრებზე სუპერშედეგიანობით გამოირჩევიან. 19 წლის ქართველი ფეხბურთელები გოლებითა თუ საგოლე პასებით თავიანთი გუნდის ზედიზედ მეოთხე, შეკრების დასკვნით ამხანაგურ შეხვედრაშიც გამოირჩნენ.

რუბინი, რომელიც სეზონის განახლებისთვის ბელეკში ემზადება, 22 თებერვალს საკონტროლო მატჩში მოლდოვურ შერიფს დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა. 

ყაზანური გუნდის ქართველი ლეგიონერები სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდნენ და ანგარიშიც სწორედ მათი წარმატებული მოქმედების შემდეგ, უკვე მე-11 წუთზე გაიხსნა. ამჯერად საგოლე გადაცემით დავითაშვილი გამოირჩა, გოლი კი კვარაცხელიამ შეაგდო.

რუბინის მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ კვარაცხელია 67-ე წუთზე შეცვალა, დავითაშვილმა კი მოედანზე 75-ე წუთამდე დაჰყო.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მანამდე გატანალი გოლით თავი ბელარუსულ სლავიასთან (5:0) სპარინგში გამოიჩინა, საგოლე გადაცემით კი თანამემამულე დავითაშვილი იურმალას სპარტაკსთან (4:1) შეხვედრაში მოამარაგა

რუბინმა შეკრება დაასრულა. გუნდი ყაზანში დაბრუნდება და სეზონის განახლებისთვის მზადებას ადგილზე გააგრძელებს.

რუსეთის პრემიერლიგაში გასული 19 ტურის შემდეგ, ყაზანის რუბინს 19 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზეა. კვარაცხელიას და დავითაშვილის გუნდი ჩემპიონატს 1-ელ მარტს, ტამბოვთან გასვლითი მატჩით განაახლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები