Thumbnail

დინამო თბილისმა 13 ფეხბურთელი წარადგინა - წინასასეზონო პრესკონფერენცია

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • კახა ჩხეტიანმა და ზაზა დოლიძემ წინასასეზონო პრესკონფერენცია გამართეს
  • თბილისურმა კლუბმა 13 ფეხბურთელი წარადგინა
  • დინამო სეზონს 23 თებერვალს, საქართველოს სუპერთასის მატჩით გახსნის

დინამო თბილისის გენერალურმა დირექტორმა ზაზა დოლიძემ და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა წინასასეზონო პრესკონფერენცია გამართეს. მედიის წარმომადგენლებს გუნდის ახალი ფეხბურთელები წარუდგინეს და შემდეგ, კითხვებს უპასუხეს...

დინამომ 13 ფეხბურთელი წარადგინა: ხოსე პერალესი, როინ კვასხვაძე, ომარ მიგინეიშვილი, ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი კუცია, ნიკა სანდოხაძე, ირაკლი ბუღრიძე, თორნიკე კაპანაძე, თორნიკე ახვლედიანი, ფილიპ ორსულა, ივან ტრუბოჩკინი, საიმონ ბენიო, პერნამბუკუ.

დინამოს ბრაზილიელი ლეგიონერი პერნამბუკუ
📷 | დინამო თბილისი

კახა ჩხეტიანი (დინამო თბილისის მთავარი მწვრთნელი)
"ვფიქრობ, თურქეთში ნაყოფიერი შეკრება გამოგვივიდა და ამხანაგურ თამაშებშიც უკეთესი ხარისხი ვაჩვენეთ. კონკურენცია ყველა პოზიციაზე დიდია და ეს თითოეული ფეხბურთელისთვის დამატებითი მოტივაციაა. გასაკეთებელი ძალიან ბევრია და დროთა განმავლობაში, ყველაფერი დალაგდება.

ახალი გუნდი გვყავს, ახალი სისტემით, მაგრამ წარმატებისთვის უნდა ვიბრძოლოთ როგორც საქართველოს ჩემპიონატში, ისე ევროტურნირებზე. ცოტა იღბალიც გვჭირდება, რომ ქართველ გულშემატკივრებს ოცნება ავუსრულოთ და ევროტურნირის ჯგუფში მოვხვდეთ. 

წინ საქართველოს სუპერთასის მატჩია საბურთალოსთან და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ წელიწადი ტიტულის მოგებით დავიწყოთ. საბურთალოში ბევრი ცვლილება მოხდა, თუმცა კარგად ვიცით, რომ ძლიერ გუნდთან მოგვიწევს დაპირისპირება. ვფიქრობ, კარგი თამაში გამოვა.

თუ დინამოს რომელიმე ფეხბურთელს გაცილებით ძლიერ გუნდში გადასვლის შანსი ექნება, არ შევუშლით ხელს, მაგრამ პირადად მე ვიქნები წინააღმდეგი, რომ ჩვენი მოთამაშე უპერსპექტივო გუნდში წავიდეს. ეს ეხება როგორც ნინუას, ისე ნებისმიერ სხვა ფეხბურთელს. თუ ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მოვხვდით, ფეხბურთელებით გაცილებით უკეთესი კლუბები დაინტერესდებიან".  

ზაზა დოლიძე (დინამო თბილისის გენერალური დირექტორი):
"24-საათიან რეჟიმში ვმუშაობდით სელექციაზე, რომ გუნდი გაგვეძლიერებინა, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო კახა ჩხეტიანს. მთლიანად შევცვალეთ სასელექციო სისტემა. სეზონი დაიწყება, გუნდის თამაშს დავაკვირდებით და სასელექციო სამუშაო აუცილებლად გაგრძელდება. არ ვიშურებთ არაფერს, რომ ოპტიმალური შემადგენლობა გვყავდეს. რაც შეეხება აკაკი შულაიას, გაუმჯობესებული კონტრაქტი შევთავაზეთ, მაგრამ მისი სურვილია, რომ კარიერა ევროპაში გააგრძელოს. ჯერ ვერ მოიძებნა გუნდი, ჩვენი შეთავაზება კი ძალაშია, რადგან მას ძალიან ვაფასებთ".

კომენტარები

ბოლო ამბები