Thumbnail
  • დარას ლივერპულის წარმატება არ მოსწონს და კლოპს წერილი მისწერა
  • იურგენ კლოპმა პატარა გულშემატკივარს უპასუხა

მას შემდეგ, რაც ლივერპული იურგენ კლოპმა ჩაიბარა, გუნდი აღმავლობის გზაზეა. გერმანელ სპეციალისტთან ერთად "მერსისაიდელებმა" უკვე მოიგეს ჩემპიონთა ლიგა, ამ სეზონში კი, 30-წლიანი პაუზის შემდეგ, ინგლისის ჩემპიონობასთან ძალიან ახლოს არიან.

ლივერპულის ისტორიულ მეტოქეს, მანჩესტერ იუნაიტედს კი ბოლო წლებია, სერიოზული ჩავარდნა აქვს. ლივერპულის წარმატების ფონზე, “წითელი ეშმაკების” ფანებისთვის კრიზისი კიდევ უფრო გამაღიზიანებელი და დამამწუხრებელია. იუნაიტედის 10 წლის გულშემატკივარმა გადაწყვიტა, რომ იურგენ კლოპისთვის წერილი მიეწერა და წაგება ეთხოვნა.

'გთხოვთ წააგოთ შემდეგი შეხვედრა. თქვენ უბრალოდ მეორე გუნდს უნდა გაატანინოთ!'

"ძვირფასო იურგენ კლოპ, ჩემი სახელია დარა. ვარ 10 წლის და ვგულშემატკივრობ მანჩესტერ იუნაიტედს. ლივერპული ძალიან ბევრს თამაშს იგებს. თუ თქვენ მომდევნო 9 თამაშს მოიგებთ, ინგლისის ისტორიაში ყველაზე გრძელი წაუგებელი სერია გექნებათ, რაც იუნაიტედის გულშემატკივრებისთვის ძალიან სამწუხაროა. ასე, რომ გთხოვთ წააგოთ შემდეგი შეხვედრა. თქვენ უბრალოდ მეორე გუნდს უნდა გაატანინოთ. იმედია, დაგარწმუნეთ, რომ ლივერპულს ლიგის ან ცალკეული შეხვედრის მოგება არ სჭირდება."

10 წლის დარას წერილი ნამდვილად სახალისოა. თავად იუნაიტედის პატარა გულშემატკივარიც კი ვერ წარმოიდგენდა, რომ იურგენ კლოპისგან საპასუხო წერილს მიიღებდა, თუმცა გერმანელმა სპეციალისტმა დარას წერილზე უპასუხა.

"ძვირფასო დარა, პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადო წერილისთვის. ვიცი, რომ წარმატებებს არ მისურვებ, მაგრამ სასიამოვნოა ახალგაზრდა გულშემატკივრისგან წერილის მიღება. ამიტომ, შენს წერილს ძალიან ვაფასებ. სამწუხაროდ, შენი თხოვნის შესრულება არ შემიძლია. შენ ლივერპულის წაგება გსურს, ჩემი საქმე ის არის, რომ კლუბმა მოიგოს. მსოფლიოს გარშემო ლივერპულს მილიონობით ქომაგი ჰყავს და არ მინდა, მათ გული დავწყვიტო. შენს სასიხარულოდ შემიძლია ვთქვა, რომ ლივერპული წარსულში აგებდა და მომავალშიც წააგებს. ასეთია ფეხბურთი. პრობლემა ისაა, რომ როდესაც 10 წლის ხარ, გგონია, რომ არაფერი შეიცვლება და ყველაფერი ისე დარჩება, როგორც ახლა არის, მაგრამ, მე 52 წლის ვარ და გეტყვი, რომ ეს ის შემთხვევა არ არის. რაც დანამდვილებით არ შეიცვლება, ეს არის შენი ვნება ფეხბურთისა და შენი საყვარელი კლუბის მიმართ. მანჩესტერ იუნაიტედს გაუმართლა, რომ შენ ჰყავხარ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კლუბები დიდი კონკურენტები არიან, ჩვენ ერთმანეთს დიდ პატივს ვცემთ."

კომენტარები

ბოლო ამბები