Thumbnail
  • დიუსელდორფის ტურნირში დღეს 4 ქართველი ძიუდოისტი ჩაება
  • ფინალური ბლოკი სტარტს თბილისის დროით 20:00 საათზე აიღებს

გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში დღეს დაწყებულ გრანდ სლემზე ტატამიზე 4 ქართველი ძიუდოისტი ვიხილეთ, რომელთაგან 3 ფინალურ ბლოკში მედლისთვის იბრძოლებს.

ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.) ფინალშია და ოქროს აღების შანსი აქვს, ბაგრატ ნინიაშვილი (66 კგ.) და თემურ ნოზაძე (60 კგ.) კი ბრინჯაოს მედლებს შეუტევენ.

მარგველაშვილმა საწყის ორთაბრძოლაში ალჟირელი ვაილ ეზინზე ვაზარიზე ზუსტად ბოლო წამზე დასცა, ჩეხ პაველ პეტრიკოვს, ყაზახ იერლან სერიკჟანოვსა და აზერბაიჯანელ ორხან საფაროვს კი საქმე ვადაზე ადრე მოუმთავრა.

ვაჟა ნახევარფინალში რუსეთის ნაკრების წევრ იაკუბ შამილოვს გადაეყარა და მეტოქე ვაზარიზე 2-ჯერ დაანარცხა. ფინალში მარგველაშვილის მეტოქე მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი იაპონელი ჰიფუმი აბე იქნება.

ბაგრატ ნინიაშვილი

ნინიაშვილმა საწყის რაუნდებში როგორც ებრაელ ტალ ფლიკერს, ასევე გერმანელ დან მატუშოვიცს 3-3 შიდო აჰკიდა, რუსი აბდულა აბდულჟალილოვი კი ქართველი ძიუდოისტის ხელზე აკრძალული ზემოქმედებისთვის მოხსნეს.

ბაგრატს ნახევარფინალში გასვლის კარგი შანსი ჰქონდა, რადგანაც უცნობ ბულგარელ ბოჟიდარ ტემელკოვთან 2 შიდოთი დაწინაურდა, თუმცა, ბოლო წამებზე მეტოქემ ის იპონზე დასცა. ქართველმა ძიუდოისტმა რეპეშაჟში ბრაზილიელ დანიელ გარნინის  ვაზარით აჯობა და ბრინჯაოსთვის მარგველაშვილის მიერ გამწარებულ შამილოვს გაეჯიბრება.

ნოზაძეს საოცარი სტარტი ჰქონდა და გერმანელ მორიტც პლაფკის, ამერიკელ ადონის დიაზსა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელ ეშლი მაკკენზის ჯამში მხოლოდ წუთი და 19 წამი დაახარჯა, მეოთხედფინალში კი სახელოვან იაპონელ ნაოჰისა ტაკატოსთან (მსოფლიოს 3-გზის ჩემპიონი და ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი) ვაზარიზე 2-ჯერ დაეცა.

თემურ ნოზაძე

ამგვარად, თემური რეპეშაჟში გადაერთო, სადაც 2019 წლის ევროპული თამაშების ვერცხლის მედალოსან ფრანსისკო გარიგოსს უნდა შეხვედროდა, თუმცა, ესპანელი ტატამზე ტრავმის გამო ვერ გავიდა. ბრინჯაოს მედლისთვის ნოზაძე ჰოლანდიის სახელით მოასპარეზე თორნიკე ცხადაიას დაუპირისპირდება.

60 კგ-მდე წონით კატეგორიაშივე ჯაბა პაპინაშვილმა ყოჩაღად დაიწყო და ავსტრალიელი ჯოშუა კატცი ვაზარიზე 2-ჯერ დასცა, თუმცა, შემდეგ უზბეკ შარაფუდდინ ლუტფილაევთან “გოლდენ სქორში” იპონზე დაეცა. მანამდე, მეტოქეებს თითო ვაზარი ჰქონდათ აღებული და 2-2 გაფრთხილებაც ჰქონდათ.

ფინალური ბლოკი სტარტს თბილისის დროით 20:00 საათზე აიღებს, პირდაპირი ტრანსლაცია კი Silk სპორტ HD1-ზეა დაგეგმილი.

კომენტარები

ბოლო ამბები