Thumbnail
  • 📅 22 თებერვალი | ⌚ 15:00 | 🏉 საქართველო V ბელგია | 📺 TV იმედი
  • მეტოქეთა ტრადიციული პრესკონფერენცია მატჩის წინ

22 თებერვალს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-3 ტურის შეხვედრას ჩაატარებს. “ბორჯღალოსნების” მეტოქე ბელგიის ნაკრებია, თამაში კი ქუთაისში 15:00 საათზე დაიწყება.

მატჩამდე 24 საათით ადრე, მეტოქეებმა “აია არენაზე“ კაპიტანთა ვარჯიშები ჩაატარეს, შემდეგ კი წინასამატჩო პრესკონფერენცია გაიმართა, რომელთა შესახებ ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს.

ბორჯღალოსანთა თავკაცი ლევან მაისაშვილი იმედოვნებს, რომ ჩვენი გუნდის თამაშის ხარისხი წინა ორ თამაშზე უკეთესი იქნება:

“ვეცდებით, ხვალინდელ შეხვედრაში შეტევასა და დაცვაში ჩვენი შესაძლებლობები უკეთ წარმოვაჩინოთ. ნახავდით, რომ ბელგიის ნაკრებთან ჩვენც ახალგაზრდული შემადგენლობით ვითამაშებთ. გვყავს ახალი, 33-ე კაპიტანი.

ბირთვი ახალგაზრდულია, თუმცა მჯერა, რომ მათ თავდაჯერებულობა არ აკლიათ და ვეცდებით, საინტერესო და ლამაზი თამაში ვაჩვენოთ. მინდა ქუთაისელებს მადლობა გადავუხადო ტრადიციულად კარგი მასპინძლობისთვის“.

ბექა გორგაძე და ლევან მაისაშვილი
| 📷 საქართველოს რაგბის კავშირი

ბორჯღალოსანთა ისტორიაში 33-ე კაპიტანი ბექა გორგაძეა, რომელიც ქუთაისელ გულშემატკივარს შემტევ და სწრაფ რაგბს პირდება:

“გეგმას მივყვებით და ვცდილობთ, რომ მატჩიდან მატჩამდე ჩვენი თამაშის ხარისხი გავაუმჯობესოთ. ბელგიასთან ჩვენი მიზანი სწორედ ხარისხიანი თამაშის ჩვენებაა, რაც ესპანეთთან მეორე ტაიმში ვერ მოვახერხეთ.

გვსურს, გულშემატკივარს დახვეწილი, შემტევი და სწრაფი რაგბი ვაჩვენოთ. რაც შეეხება კაპიტნობას, ამ ტვირთს სრული პასუხისმგებლობით ვიღებ და შევეცდები, მოედანზე ჩემი როლი კიდევ უფრო გავაღრმავო“.

“შავი ეშმაკების“ მთავარი მწვრთნელი გიომ აჟაკი ამბობს, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის უძლიერეს გუნდთან თამაში მათთვის დიდი გამოცდილება იქნება:

“ჩვენი ახალგაზრდული გუნდის უპირველესი მიზანია, რომ სწავლა  გავაგრძელოთ. ვიცით, რომ ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდის წინააღმდეგ, ძლიერი წნეხის ქვეშ მოგვიწევს თამაში.

რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ბელგიის ნაკრების მიზანი ადგილის შენარჩუნებაა, რისკენაც რუსეთის დამარცხებით ერთი ნაბიჯი უკვე გადავდგით“.

გიომ აჟაკი და თომას დანსტი
| 📷 საქართველოს რაგბის კავშირი

მთავარ მწვრთნელს ეთანხმება ბელგიელთა კაპიტანი თომას დინსტი.

“საკმაოდ კარგად ვართ მომზადებული და წინა ტურში რუსეთთან უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოვიპოვეთ. ხვალინდელი თამაშის დიდი მოლოდინი გვაქვს, რადგან ამ ტურნირის საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით.

ჩვენთვის ეს ძალიან კარგი მოსამზადებელი ნაბიჯი იქნება იმისთვის, რომ შემდგომში ესპანეთისა და რუმინეთის ნაკრებებს წარმატებით ვეთამაშოთ”.

შეგახსენებთ, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2 ტურის თავზე სატურნირო ცხრილის სათავეში 9 ქულით საქართველოს ნაკრები იმყოფება, რომელმაც რუმინეთისა (41:13) და ესპანეთის (23:10) დამარცხება მოახერხა, ბელგია კი 6 ქულით მესამეა. "შავმა ეშმაკებმა" პორტუგალიაში 17:23 წააგეს, რუსეთს კი 38:12 აჯობეს.

კომენტარები

ბოლო ამბები