Thumbnail

ჩავის მოთხოვნები ბარსელონას - კლუბის პრეზიდენტი გაკვირვებული დარჩა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • იანვარში ბარსელონა მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჩავის მიწვევას განიხილავდა
  • როდესაც 39 წლის ჩავიმ კლუბს თავისი პირობები გააცნო, მოლაპარაკება შეწყდა

ესპანურ მედიაში ახლახან გამოქვეყნდა ის პირობები, რომლებიც ბარსელონას, მთავარი მწვრთნელის თანამდებობის დაკავებისთვის, მისმა ყოფილმა კაპიტანმა ჩავი ერნანდესმა ცოტა ხნის წინ წაუყენა. 

კატალონიური კლუბი 39 წლის ჩავის მიწვევის შესაძლებლობას იანვარში, თანამდებობიდან ერნესტო ვალვერდეს გათავისუფლებამდე განიხილავდა. ყატარული ალ სადის მწვრთნელთან მოსალაპარაკებლად დოჰაში  ბარსელონას გენერალური დირექტორი ოსკარ გრაუ და სპორტული დირექტორი ერიკ აბიდალიც იყვნენ ჩასულნი.

ჩავის კამპ ნოუზე დაბრუნება იანვარში არ შედგა

როგორც ირკვევა, ჩავი თანახმა იყო, ბარსელონას მთავარი მწვრთნელის თანამდებობა ახალი სეზონის წინ დაეკავებინა, ოღონდ სანაცვლოდ ის  ტრანსფერებზე სრულ კონტროლს და სამედიცინო განყოფილების რეფორმირებას ითხოვდა. ამასთან, სპეციალისტს თანაშემწეებად კარლეს პუიოლის და ხორდი კრუიფის ხილვა სურდა, კიდევ ერთ მწვრთნელად კი - თავისი ძმის, ოსკარის მიწვევა. ჩავის კიდევ ერთი პირობა კლუბის აკადემიაში ჟოან ვილას დაბრუნება იყო.

მოთხოვნების გაცნობის შემდეგ, ბარსელონას პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბარტომეუ ძალიან გაკვირვებული დარჩა. პრეზიდენტს სურდა, რომ ჩავის თანამდებობა არა ზაფხულში, არამედ ზამთარშივე ჩაებარებინა და მოლაპარაკებებიც შეწყდა. საბოლოოდ კი ისე მოხდა, რომ ბარსელონას მთავარ მწვრთნელად კიკე სეტიენი დაინიშნა.

ხოსეპ მარია ბარტომეუმ ბარსელონა კიკე სეტიენს ჩააბარა

ჩავი ბარსელონას აღზრდილია და კლუბის ღირსებას 1998-2015 წლებში იცავდა. კატალონიელებთან ერთად მან კარიერის განმავლობაში 25 ტიტული მოიგო, შემდეგ კი ყატარულ ალ სადში გადაბარგდა, სადაც ფეხბურთელის კარიერა დაასრულა. 

39 წლის ჩავიმ, რომელმაც ალ სადში სამწვრთნელო კარიერა შარშან ზაფხულში დაიწყო, არაერთხელ აღნიშნა, რომ სიხარულით დაბრუნდებოდა ბარსელონაში მწვრთნელის როლში.

კომენტარები

ბოლო ამბები