Thumbnail
  • ნიკოლოზ ბასილაშვილს, სავარაუდოდ, მე-10 განთესვა ექნება
  • ქართველ ჩოგბურთელს 90 სარეიტინგო ქულა აქვს დასაცავი 

27 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მონაწილეობას მიიღებს მომავალ კვირას არაბეთის გაერთიანებული საამიროების ქალაქ დუბაიში დაგეგმილ საერთაშორისო ტურნირში, რომლის საპრიზო ფონდიც 2 794 840 დოლარია.

წინასწარი განაცხადის თანახმად, ბასილაშვილს, რომელსაც ATP-ს კლასიფიკაციაში 28-ე ადგილი უკავია, DUBAI DUTY FREE TENNIS CHAMPIONSHIPS-ზე მე-10 განთესვა ექნება.

ტურნირის უმთავრესი ფავორიტი მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩია (სერბეთი), ფავორიტთა რიგებს კი სტეფანოს ციციპასი (საბერძნეთი), გაელ მონფილსი (საფრანგეთი), ფაბიო ფონინი (იტალია), რობერტო ბაუტისტა აგუტი (ესპანეთი), ანდრეი რუბლიოვი (რუსეთი), კარენ ხაჩანოვი (რუსეთი), ბენუა პერი (საფრანგეთი) და პაბლო კარენო ბუსტაც (ესპანეთი) უნდა მივაკუთვნოთ.

ცნობისთვის, ბასილაშვილმა დუბაის ტურნირზე შარშანაც ითამაშა და საკმაოდ წარმატებითაც, რადგანაც მეოთხედფინალამდე მისვლა და 90 სარეიტინგო ქულის გამომუშავება მოახერხა.

ქართველმა ჩოგბურთელმა პირველ წრეში მე-4 ნომრად განთესილ რუს კარენ ხაჩანოვს 6:4, 6:1 მოუგო, მერვედფინალში ესპანელ რობერტო ბაუტისტა აგუტს 6:7 (2:7), 6:4, 6:3 სძლია, შემდეგ კი მე-6 განთესვის მქონე ხორვატ ბორნა ჩორიჩთან 6:4, 2:6, 6:7 (1:7) დამარცხდა.

გასულ წელს დუბაის ტურნირი როჯერ ფედერერმა მოიგო

2019 წელს ტურნირის გამარჯვებული და შესაბამისად, 500 სარეიტინგო ქულის მფლობელი ლეგენდარული შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი გახდა, რომელსაც ახლა მუხლის ტრავმა აწუხებს და ტიტულის დაცვას ვერ შესძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები