Thumbnail
  • ‘მგონი, ყველა ჩვენთაგანზე უფრო მეტად ამერიკელია’
  • ქართველი ცენტრის მომავალს იმედიანად უყურებენ

საკალათბურთო ვებგვერდმა NBA-ში მოთამაშე ევროპელ კალათბურთელებს სტატია მიუძღვნა და იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომელთაც ევროპიდან აშშ-ში გადაბარგებული მოთამაშეები აწყდებიან.

საინტერესოა, რომ საიტმა Basketusa ერთ-ერთი ქვეთავი მთლიანად ინდიანა პეისერსის ქართველ ცენტრ გოგა ბითაძეს მიუძღვნა და მისი პერსპექტივებიც განიხილა. სათაური ასეთი იყო: “გოგა ბითაძის მაგალითი, ტალანტი გზაჯვარედინზე”.

დომანტას საბონისი და გოგა ბითაძე

“ევროპელ კალათბურთელთა შორის, რომელიც 2019 წლის დრაფტზე აირჩიეს, ერთ-ერთი გოგა ბითაძე იყო. ის ევროპიდან შტატებში ევროლიგის საუკეთესო ახალგაზრდა კალათბურთელის რანგში ჩავიდა, ამდენად, ლუკა დონჩიჩის შემდეგ, მასზე განსაკუთრებული დაკვირვება იყო.

ბითაძე NBA-ში პირველ სეზონს ატარებს და მალევე გაირკვევა, მისი ამერიკული კარიერა როგორ წარიმართება. გზაჯვარედინს რამდენიმე მიმართულება აქვს. შესაძლოა, მისი კარიერა დონჩიჩისა და ნიკოლა იოკიჩის (ის დრაფტზე მხოლოდ 41-ე ნომრად აირჩიეს) მსგავსად აღმავალი გზით წავიდეს, თუმცა, არსებობს გიორგიოს პაპაიანისისა და იან ვესელის მაგალითებიც.

ამ ევროპელებზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, თუმცა, მსოფლიოს უძლიერეს ლიგაში ხანგრძლივად ფეხის მოკიდება ვერ მოახერხეს. ორივენი უკან დაბრუნდნენ და ახლა, პაპაიანისი პანათინაიკოსშია, ხოლო ვესელი – ფენერბაჰჩეში.

წინასწარი პროგნოზი ისეთია, რომ 20 წლის ქართველ ცენტრს NBA-ში წარმატებული კარიერა უნდა ჰქონდეს. ამის თქმის საფუძველს ის გვაძლევს, რომ სირთულეების მიუხედავად სიმშვიდეს ინარჩუნებს და მოტივაციაც ძველებურად უდიდესი აქვს.

“გოგა კარგია. ახლა, მისთვის მთავარი ისაა, რომ რაც შეიძლება მეტი სათამაშო დრო ჰქონდეს. ის ფიზიკურად კარგად გამოიყურება და ორთაბრძოლებშიც თამამად შედის. ევროპაში ხისტ თამაშს არასდროს ერიდებიან, ამდენად, ამ მხრივ გოგა საკმაოდ გამოცდილია” , - ამბობს ქართველის თანაგუნდელი მაილს ტერნერი, რომელიც ცენტრის პოზიციაზე მისივე ძირითადი კონკურენტია.

შეიძლება ითქვას, რომ ბითაძე ჯერაც სწავლის პროცესშია და ეს, განსაკუთრებით დაცვით ფუნქციებს ეხება. მნიშვნელოვანია პიკ-ენდ-როლის სწორად განხორციელებაც და უფრო აგრესიულად გარჯა მაშინ, როდესაც ბურთი ინდიანა პეისერსს აქვს.

“პირველ მატჩებში ის პატარა ცხვარივით იყო. შესაძლოა, სულ მარტო ყოფილიყო, თუმცა, ბურთს მაინც სხვას აწვდიდა. ასეთი მომენტები ვიდეოზე ერთად ბევრჯერ ვნახეთ. მინდოდა გაეგო, რომ როდესაც თავისუფალი ხარ, ფარს უნდა შეუტიო. ეს გუნდს მეტ შესაძლებლობას აძლევს, მეტოქემ კი აღარ იცის საფრთხეს საიდან ელოდეს. იერიშის დროს რაც მეტი ოპცია გაქვს, სარგებელსაც მეტს ნახულობ”, - ნათქვამი აქვს სეზონის მიმდინარეობისას ინდიანელთა მთავარ მწვრთმელ ნეიტ მაკმილანს.

მიუხედავად იმისა, რომ საბონისისა და ტერნერის ვარსკვლავური წყვილის გადამკიდე, მცირე სათამაშო დრო ეძლევა, გოგას დანებების არაფერი ეტყობა.

“ვიცი, რომ ბევრი უნდა ვიმუშაო, რათა ამ ბიჭების მხარდამხარ ვითამაშო”, - ამბობს ბითაძე.

ქართველის მოტივაციის შესახებ საუბრობს ლიტველი დომანტას საბონისიც. “მას წარმატების მიღწევა ძალიან უნდა. მგონი, ყველა ჩვენთაგანზე უფრო მეტად ამერიკელია. ვიცი, რომ აქ ყოფნა გულით უნდოდა და სიტუაციაც ძალიან მოსწონს”.

შესაძლოა, ბითაძის წარმატების საფუძველიც სწორედ ეს გახდეს”.

კომენტარები

ბოლო ამბები