Thumbnail

ტაისონ ფიური არ უნდა დაეცეს - დიდი ბრძოლის მოლოდინში

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • ყველაფერი რაც უაილდერი-ფიურის მეორე ბრძოლის წინ უნდა იცოდეთ
  • ტაისონ ფიურის ბრძოლა დეპრესიასთან, მისი ოჯახი და წარმოშობა

კვირას, გამთენიისას დიდი ბრძოლაა: ტაისონ ფიური დეონტეი უაილდერს შეხვდება. უკვე მეორედ. ამ წყვილს ერთად 70-ზე მეტი ბრძოლა აქვს ჩატარებული და ყველა მოგებული, თუ ერთმანეთთან ფრედ დასრულებულ პირველ შეხვედრას არ ჩავთვლით. ამაზე მეტი თითქოს რა უნდა ვთქვათ, მაგრამ, მგონია, რომ ეს ამ ბრძოლის მთავარი კონტექსტი არ არის. ტაისონ ფიური არ უნდა დაეცეს, რადგან ამისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მიზეზები არსებობს, ვიდრე ჩემპიონის ტიტული და უნაკლო სტატისტიკაა.

ხალხის ჩემპიონი

ტაისონ ფიურის უყვარს, საკუთარ თავს ‘ხალხის ჩემპიონი - The People’s Champion’ უწოდოს. ეს სიმართლეა და არა მარკეტინგული სვლა. არ მახსენდება არათუ სხვა მოკრივე, არამედ სხვა დიდი, ამ კალიბრის ათლეტი, თუნდაც სპორტის სხვა სახეობებში, რომელიც ასე უბრალოდ, ასე ხალხურად გამოიყურებოდეს.

როდესაც კანელო ალვარესს უყურებ, ხვდები, რომ სრულყოფილებასთან გაქვს საქმე; საკმარისია, ფლოიდ მეივეზერის ერთ ბრძოლა ნახო და უკვე იცი, რომ ის თითქოს რინგზე მოსიარულე კომპიუტერია, ყველაფერი, ყველა მოძრაობა წინასწარ რომ აქვს დათვლილი; საკმარისია, დეონტეი უაილდერის ერთი ნოკაუტი და უკვე იცი, რომ ამ კაცს რაღაც არაამქვეყნიური ძალა აქვს მუშტებში. და ტაისონ ფიური? ისე გამოიყურება, თითქოს ჩვენი მეზობელია, რომელიმე ბარიდან ამ წამს რომ გამოვიდა. ზედმეტი წონით, თმის გარეშე, უმეტეს შემთხვევაში არცთუ ჭკვიანურ რაღაცებს რომ ლაპარაკობს პოლიტიკაზე, უმცირესობებზე, თავის ცხოვრებაზე. მოკლედ, თითქოს ეს კაცი ვარსკვლავი და დიდი ჩემპიონი კი არა, ერთ-ერთი ჩვენგანია.

რიგით გულშემატკივარს მასში იოლად შეუძლია თავისი თავი დაინახოს და მასთან თვითიდენტიფიცირება მოახდინოს. ის უბრალოდ ძალიან ადამიანურია.

The Gipsy King

ტაისონ ფიური კარგად რომ გაიგო, არასოდეს უნდა დაგავიწყდეს, რომ ის ბოშაა, ნამდვილი ბოშა. უფრო სწორად, მოხეტიალე ხალხიდან, ე.წ. British Traveler-იდან მოდის. სწორედ ამით აიხსნება მისი ცოტა უცნაური აქცენტი, ღრმა რელიგიურობა და კრივის სიყვარული. ბრიტანელ ბოშებს კრივის დიდი ტრადიცია აქვთ. ისინი უფრო მეტად არალიცენზირებულ, ქუჩის ბრძოლებს ანიჭებენ უპირატესობას.

ფიურის მთელი ოჯახი, მისი მამის ჩათვლით, მოკრივეები იყვნენ. მისი პირველი მწვრთნელიც მამამისი იყო, 2011 წლამდე, იქამდე, სანამ მას სხვა ბოშას თვალი არ ამოთხარა და ციხეში წასვლა არ მოუწია.

ფიური: ‘მე ბოშა ვარ და ყოველთვის ასეთი ვიქნები. არასოდეს შევიცვლები. ყოველთვის ვიქნები მსუქანი და თეთრი.‘

ფიურიც ამ გარემოში გაიზარდა. კრივით იგი ადრეული ასაკიდანვე იყო დაკავებული. სწორედ ამიტომ არის, რომ ერთი შეხედვით ზედმეტი წონის, თუ მოუქნელობის მიუხედავად, რინგზე მას იდეალური მოძრაობა და ბრძოლის ტექნიკა აქვს. რინგზე ბრძოლა მას სისხლში აქვს. ვისაც გაი რიჩის Snatch ახსოვს, უფრო მარტივად მიხვდება, თუ ვინ არის და საიდან მოდის ტაისონ ფიური. სწორედ აქედან მოდის მისი მეტსახელი - The Gipsy King.

ის იქიდან დაბრუნდა, საიდანაც აღარ ბრუნდებიან

ტაისონ ფიური ბევრისთვის შთაგონების წყაროა. ის ბრძოლის, გაუტეხელობის სიმბოლოა. ეს თვისება მას დაბადებიდანვე დაჰყვა. ფიური 6 თვის დაიბადა, სულ რაღაც 450 გრამს იწონიდა და წესით ვერ უნდა გადარჩენილიყო. ნაადრევი მშობიარობის გამო მისმა ოჯახმა იქამდე ორი შვილი დაკარგა. სწორედ ამიტომ უწოდეს მას სახელად 'ტაისონ', მაიკ ტაისონის და მისი მებრძოლი ხასიათის საპატივცემულოდ.

მისი ყველაზე დიდი ბრძოლა ფიურიმ სულ რამდენიმე წლის წინ მოიგო - მოიგო დეპრესიის და სუიციდის მცდელობების წინააღმდეგ. კლიჩკოსთან ლეგენდარული გამარჯვების შემდეგ, ფიურის დეპრესია დაეწყო. კლიჩკო მისთვის მთელი ცხოვრების მანძილზე ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია იყო. ამ მოტივაციის გარეშე მან სიცოცხლის სურვილი უბრალოდ დაკარგა. ნარკოტიკები, ალკოჰოლი და სუიციდური აზრები. ფიური უბრალოდ სხვა განზომილებაში იყო, იმ განზომილებაში, საიდანაც აღარ ბრუნდებიან.

ტაისონ ფიური: ‘მე ჩემს დემონებს ვებრძვი. თვეებია, არ მივარჯიშია. დეპრესია მაქვს, უბრალოდ აღარ მინდა ვიცხოვრო. ეს ნარკოტიკების ბრალი არ არის, უბრალოდ სიცოცხლე აღარ მინდა. ყველაფერი მაქვს - ფული, სახელი, დიდება, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, თუ ბედნიერი არ ხარ. გაღვიძებაც კი არ მინდა. ყოველ დღე იმედი მაქვს, რომ მოვკვდები. თავსაც მოვიკლავდი, ქრისტიანი რომ არ ვიყო. მერე ჯოჯოხეთში მოვხვდები. იმედი მაქვს, იქამდე მომკლავს ვინმე, სანამ თავს მოვიკლავ.’

ეს ტაისონ ფიურის სიტყვებია სულ რამდენიმე წლის წინ, 2016 წელს. ამ დროს იგი 150 კილოზე მეტს იწონიდა და ყველაფერს ჰგავდა პროფესიონალი ათლეტის გარდა. ძალიან ადამიანურია ის მიზეზი, რის გამოც მან სუიციდზე უარი თქვა. ფიურის არ უნდოდა, მის შვილებზე ეთქვათ, რომ მათი მამა სუსტი და მშიშარა კაცი იყო.

ფიური აქედან დაბრუნდა, დაბრუნდა ისეთივე ძლიერი, როგორიც იქამდე იყო და ეს მან მხოლოდ თავისი ნებისყოფის წყალობით შეძლო. როგორც თვითონ ამბობს, დაბრუნდა იმისთვის, რომ იმ ხალხისთვის, ვისაც ძალიან უჭირს - ალკოჰოლიკებისთვის, ნარკოდამოკიდებულებისთვის, მათთვის, ვისაც ფსიქოლოგიური პრობლემები აწუხებს - იმედი მიეცა. ის მათი ჩემპიონია.

ფიურის დაბრუნებაზე ბევრი რამ მომისმენია და მინახავს. განსაკუთრებით რამდენიმე კადრი მიყვარს. ვარჯიშის კადრები. ზემოთ ვახსენე, რომ ფიური თითქოს ერთ-ერთი ჩვენგანია. ასეც ვარჯიშობს, როგორც უბრალო სოფლელი ბიჭი. მხარზე ხე უდევს და აღმართზე არბის.

მკვდრეთით აღდგომა

ფიურის სიმტკიცისა თუ გაუტეხელობის ლეგენდის ერთ-ერთი მთავარი თავი სულ ცოტა ხნის წინ დაიწერა. დეპრესიიდან დაბრუნებული ფიური დეონტეი უაილდერს შეხვდა. ისტორიაში თუ არა, თანამედროვე კრივში ყველაზე ძლიერი დარტყმის პატრონს. უბრალო სტატისტიკაა: უაილდერს თავისი 42 გამარჯვებიდან 41 ნოკაუტით აქვს მოპოვებული. ფიური თითქოს ფორმაში არ უნდა ყოფილიყო და უაილდერს იოლად უნდა მოეგო, თუმცა ფიურიმ 12 რაუნდის მანძილზე უკეთ იმოძრავა, ტაქტიკურად უფრო სწორად იჩხუბა, ქულებით წინაც იყო და შემდეგ, მე-12 რაუნდში უაილდერის დარტყმა მოხვდა. ფიური იმდენად მოწყვეტით დაეცა, რომ ერთი შეხედვით ბრძოლა დამთავრებული იყო. ასეთი დარტყმებიდან ვერ დგებიან და საერთოდაც, დეონტეი უაილდერის დარტყმებიდან ვერ დგებიან.

მაშინ, როცა უაილდერი და მთელი დარბაზი ბრძოლის დასრულებას ზეიმობდა, ფიურიმ წარმოუდგენელი შეძლო და ადგა. არასოდეს მინახავს ასეთი ნოკდაუნიდან ვინმე ამდგარიყოს. ყველაზე მრავლისმთქმელი თავად უაილდერის სახეა - ის უბრალოდ დაბნეულია, დაახლოებით ისე, გარდაცვლილი რომ ცოცხლად გამოგეცხადოს. კრივის ენაზე ფიური, ფაქტობრივად, მკვდრეთით აღდგა.

საბოლოოდ, მსაჯებმა ფრე დააფიქსირეს. ექსპერტების და სპეციალისტების აზრით, ფიურიმ ნოკდაუნების მიუხედავად, ქულებით გამარჯვება დაიმსახურა. ის ამ ბრძოლის მორალური გამარჯვებულიც იყო - დიდი დეპრესიის შემდეგ უაილდერთან (სულ მცირე) თანაბრად დაბრუნდა და იმ დარტყმის შემდეგ ადგა, როდესაც ვერ უნდა ამდგარიყო.

დიდი ბრძოლის წინ

კვირას, უაილდერი და ფიური მეორე ბრძოლას გამართავენ. ორივე მათგანს თავის კარიერაში ყველა ბრძოლა მოგებული აქვს - იმ ერთი ფრის გარდა.

კარიერული მაჩვენებელი

ორი წაუგებელი მძიმეწონოსანის დაპირისპირებაში დამატებით ინტრიგას მათი განსხვავებული საბრძოლი სტილი ქმნის. უაილდერს ბრძოლის მოგება ერთ დარტყმაში შეუძლია. მას არ სჭირდება, რომ მთელი ბრძოლის მანძილზე დომინანტი იყოს და უპირატესობა ეტაპობრივად მოიპოვოს. ერთი კარგი დარტყმა და ბრძოლა ნოკაუტით მოგებულია. სულ რამდენიმე თვის წინ, ორტისმა უაილდერს 7 რაუნდი არაფერი დაუთმო. უკეთეს მებრძოლადაც გამოიყურეობოდა, თუმცა უაილდერის დარტყმა გაეპარა და ნოკაუტი. თავისი 43 ბრძოლიდან ვერავინ მოახერხა უაილდერის დარტყმისგან თავი დაეცვა. ეს ვერც ფიურიმ შეძლო, თუმცა, ის ერთადერთი იყო, ვინც ამ დარტყმის შემდეგ ადგა. კვირის ბრძოლაში უაილდერს, შესაძლოა, სულ ერთი დარტყმა ეყოს გამარჯვებისთვის.

ფიურის მთელ რიგ სხვა კომპონენტებში აქვს უპირატესობა. იგი 5 სანტიმეტრით უფრო მაღალია (206 სანტიმეტრი) და 5 სანტიმეტრით უფრო გრძელი ხელები აქვს (216 სანტიმეტრი), რაც მას დისტანციის შენარჩუნების საშუალებას აძლევს. The Gipsy King ბევრად უკეთ მოძრაობს, უკეთ გრძნობს დისტანციას, კარგად შეუძლია დისტანციის ცვალებადობა და ძალიან კარგი ფეხებით მოძრაობის ტექნიკა (ე.წ. footwork) აქვს. საერთოდაც, ტექნიკურად და ტაქტიკურად ფიური უფრო სრულყოფილი მებრძოლია. თუმცა, როგორც აღვნიშნე, უაილდერის ერთ დარტყმას ამ ყველა უპირატესობის განეიტრალება შეუძლია.

კვირის ბრძოლაშიც ფიური ეცდება, დისტანცია აკონტროლოს და ქულები დააგროვოს. უაილდერს ფიურისთან ქულებით გამარჯვების შანსი თითქმის არ აქვს. პირველ ბრძოლაშიც ფიურიმ კარგად მოახერხა უაილდერის განეიტრალება. დეონტეის 430 დარტყმიდან მხოლოდ 71 დარტყმა (17 პროცენტი) მოხვდა მიზანს - ეს ძალიან დაბალი შედეგია. თავის მხრივ, ფიურიმ თავისი დარტყმების 26 პროცენტი (84 327-დან) მოახვედრა და 12-დან 9 რაუნდი მოიგო. ფიური მეორე ბრძოლის წინ უკეთეს ფორმაში უნდა იყოს, ვიდრე პირველი ბრძოლის დროს იყო, რაც უკეთ მოძრაობაში დაეხმარება. ბოლო ბევრი წლის მძიმე წონის ისტორიაში ეს ალბათ ყველაზე დიდი ბრძოლაა.

დეონტეი უაილდერის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. პირიქით, მისდამი დიდი სიმპათიით ვარ განწყობილი. თუმცა, ეს სტატია ტაისონ ფიურიზეა. მისი ისტორია იმდენად შთამბეჭდავია, რომ ის უბრალოდ არ უნდა დაეცეს. The Gipsy King ძალიან ბევრისთვის არის იმედის და შთაგონების წყარო - თუ ტაისონ ფიური დაბრუნდა, ჩვენც შეგვიძლია დავბრუნდეთ, თუ ის ადგა, მაშინ ჩვენც ავდგებით.

ტაისონ ფიური: ‘მათ შეუძლიათ ჩემზე, რაც უნდა ის თქვან, მე დიდი გული მაქვს და ჩემს გზას გავაგრძელებ.’

კომენტარები

ბოლო ამბები