Thumbnail

ევრობასკეტ 2021-ის პირველ საკვალიფიკაციო მატჩში საქართველოს ნაკრებმა, რომელიც ტურნირში უკონკურსოდ მონაწილეობს, შვეიცარიის ნაკრებს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში, ოვერტაიმში დაამარცხა - 96:88.

მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების ბერძენმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა პრესკონფერენცია გამართა. მასთან ერთად თამაში ბექა ბურჯანაძემაც შეაფასა. 

ილიას ზუროსი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი):
"პირველ რიგში, მინდა, სპორტის სასახლეში მოსულ ფანებს მადლობა გადავუხადო. ეს პირველია, რაც ჩვენს ნაკრებს სჭირდება! მადლობა ფანებს ასეთი მხარდაჭერისთვის. გუნდი ახალია, ბევრი ახალი კალათბურთელი გვყავს და სამ დღეში გუნდის მომზადება რთულია. ასე რომ, ქომაგების მხარდაჭერამ დიდი ბიძგი მოგვცა.

ჩვენ გვყავს ახალგაზრდა კალათბურთელები, როგორიც არის რატი ანდრონიკაშვილი, კორსანტია, ტურძილაძე. კიდევ არიან მოთამაშეები, რომლებიც 12-კაციან შემადგენლობაში ვერ მოხვდნენ. მათ შანსი მომავალშიც მიეცემათ. მნიშვნელოვანია, რომ ახალი სახეებით მოვახერხეთ გამარჯვება. ასევე დიდი მადლობა გამოცდილებს - მათ მთელი სული და გული ჩადეს თამაშში, შერმადინმა ტრავმის მიუხედავად ითამაშა, ბოლომდე იბრძოლა ბურჯანაძემ, მადლობა სანაძეს, ცინცაძეს...

ჩვენთვის ეს ევრობასკეტისთვის მოსამზადებელი ეტაპია , ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ მოგებებს. მთავარია, გუნდი შეიკრას.

ძალიან ცუდად ვითამაშეთ მოხსნებში, 23 მოხსნა ვაჩუქეთ მეტოქეს ჩვენს ფარზე! ღია პოზიციიდან სამქულიანებს ესროდნენ შვეიცარიელები - მოკლედ, ხარვეზები იყო. ვფიქრობ, არ არის საქმე იმაში, ვინ ითამაშა და ვინ არა, ბექაური კარგი მოთამაშეა, დღეს ახალგაზრდებს მივეცით შანსი. ტურძილაძეს სტრესული დღე ჰქონდა, მომავალში ის კარგი მოთამაშე იქნება და ბევრ მოხსნასაც გააკეთებს ნაკრებისთვის.

რაც შეეხება მოხსნებს - ევრობასკეტისთვის არ მეშინია! ჩვენ გვყავს ბითაძე, შენგელია, ალბათ, მამუკელაშვილიც. და იმედი მაქვს, თბილისში ძალიან კარგ გამარჯვებებს ვიზეიმებთ. თუ შერმადინი ბერვს ვერ ითამაშებს სერბეთში, არ ვიცი მისი ტრავმის სირთულე, შანსი სხვა მოთამაშეებს მიეცემა, თუნდაც ტურძილაძეს.

მომწონს, რომ ჩვენი გუნდი არასდროს ნებდება და ბოლომდე იბრძვის. ვიცით, რომ მაინც ვითამაშებთ ევრობასკეტზე, მაგრამ ახალგაზრდა კალათბურთელები ბრძოლას ეჩვევიან. კორსანტიამ და ანდრონიკაშვილმა დამაჯერებლად ითამაშეს".

ბურჯანაძე: ჩვენი ბრალია, რომ ბოლოს შვეიცარიამ გაათანაბრა

ბექა ბურჯანაძემ 21 ქულა ჩააგდო

ბექა ბურჯანაძე (საქართველოს ნაკრები)
"მადლობა გუნდელებს ბოლომდე ბროლისთვის და გამარჯვების მოპოვებისთვის. შევაქებ შვეიცარიის ნაკრებს ასეთი ხასიათის გამოვლენისთვის. მათ მაღალ დონეზე ითამაშეს მატჩის ბოლოს. ჯამში, მგონი, 23 მოხსნა გააკეთეს ჩვენს ფარზე, ეს კი ძალიან კარგი შედეგია.

არ ვიცი, რა მოხდა მეორე ტაიმში, ალბათ, ცოტა მოვდუნდით. შვეიცარია არ არის სუსტი ნაკრები, ჩვენ კი თამაშში დაბრუნების საშუალება მივეცით. შვეიცარიელებს კარგი მსროლელები ჰყავთ, მაგრამ, ვიმეორებ, ალბათ უფრო ჩვენი ბრალია, რომ თამაში ოვერტაიმში გადავიდა. გულშემატკივრების ფაქტორი დიდია, ჩვენ ყველანი მადლიერი ვართ მათი. დებიუტანტებს შევაქებ, სამივე დებიუტანტს ვულოცავ ნაკრებში პირველ თამაშს. 

სერბეთთან რთულ თამაშს ველით. შეცდომებზე უნდა ვიფიქროთ და მათ გამოსწორებაზე. ცალკე სერბი ფანების ფაქტორია გასათვალისწინებელი".

კომენტარები

ბოლო ამბები