Thumbnail

ირანელ ფანებს ამ რუსი ქალის ეშინიათ!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • მუნდიალის წილისყრას გარი ლინეკერი და მარია კომანდნაია წაიყვანენ
  • ირანის გულშემატკივრები რუს ქალს მოუწოდებენ, მსუბუქად არ ჩაიცვას
  • ლევ იაშინი მუნდიალის ოფიციალურ პოსტერზე

მარია კომანდნაია ახალგაზრდა, სექსუალური და საკმაოდ კომპეტენტური სპორტული ჟურნალისტია, რომელიც პარასკევს, კრემლის დიდ საკონცერტო დარბაზში მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრას ლეგენდარულ ინგლისელ ფეხბურთელთან, გარი ლინეკერთან ერთად წაიყვანს. მუნდიალის წილისყრის პირდაპირი რეპორტაჟი ირანშიც გადაიცემა და ირანელ ფანები შიშობენ, რომ წილისყრის გადამწყვეტ მომენტებს ვერ ნახავენ.

მიზეზი: ისლამური სატელევიზიო რეგულაციების მიხედვით, ირანის მთავარი არხი IRIB ყოველთვის წყვეტს ჩვენებას, თუკი ეკრანზე მსუბუქად ჩაცმული ქალი ჩანს. მარია კომანდნაია კი თითქმის ყოველთვის მსუბუქადაა ჩაცმული.

მარია კომანდნაია მუნდიალის წილისყრას გარი ლინეკერთან ერთად წაიყვანს

კომანდნაიას ინსტაგრამზე ათასობით ირანელმა გულშემატკივარმა დაწერა კომენტარი. ისინი რუს წამყვანს მოუწოდებენ, წილისყრისთვის ტანსაცმელის შერჩევის დროს ყურადღებით იყოს, რათა ირანელმა ქომაგებმა ყველა ეპიზოდის ნახვა შეძლონ. მარიამ პირობა დადო, რომ მათ თხოვნას გაითვალისწინებს. თუმცა ირანელი გულშემატკივრები მაინც სკეპტიკურად არიან განწყობილები და უჭირთ იმის დაჯერება, რომ კომანდნაია სიტყვას შეასრულებს, რადგან მუნდიალის წილისყრას შეიხებიც უყურებენ…

2006 წლის მუნდიალის წილისყრის დროსაც იდენტური პრობლემა შეიქმნა, რადგან ცნობილი გერმანელი მოდელი ჰაიდი კლუმი სცენაზე საკმაოდ ღრმა დეკოლტეიანი კაბით იდგა.

ჰაიდი კლუმი და ფრანც ბეკენბაუერი 2006 წლის მუნდიალის წილისყრაზე

2014 წლის მუნდიალის წილისყრის დროს კი ბრაზილიელ მოცეკვავე ქალბატონებს აჩვენებდნენ, რის გამოც ახლო აღმოსავლეთში პირდაპირი ტრანსლაცია რამდენჯერმე შეწყდა.

მუნდიალის ოფიციალური პოსტერი

ამასობაში, რუსებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ოფიციალური პოსტერიც წარადგინეს, რომელიც რეტრო-სტილშია შესრულებული და მასზე ლეგენდარული რუსი მეკარე, ლევ იაშინია გამოსახული.

“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მუნდიალის ოფიციალურ პოსტერზე რუსეთი ყოფილიყო წარმოდგენილი. ამიტომაც შევარჩიეთ ლევ იაშიი, რომელიც რუსული ფეხბურთის სიმბოლოა,” - აცხადებს მსოფლიოს ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ვიტალი მუტკო. ნახატის ავტორი რუსი ხელოვანი იგორ გუროვიჩია.

შეგახსენებთ, რომ იაშინი, რომელიც 1990 წელს გარდაიცვალა, საბჭოთა კავშირის ნაკრების კარს 4 მუნდიალზე (1958, 1962, 1966, 1970) იცავდა და ფეხბურთის ისტორიაში ერთადერთი მეკარეა, ვისაც ოქროს ბურთი აქვს მოგებული (1963).

რაც შეეხება მუნდიალის წილისყრის სხვა დეტალებს - ასევე წაიკითხეთ: რომელი ქვეყანა რომელ კალათაშია და როგორი შეიძლება იყოს სიკვდილის ჯგუფი?

კომენტარები

ბოლო ამბები