Thumbnail
  • საქართველო 96:88 შვეიცარია
  • ილიას ზუროსის გუნდმა გამარჯვება ოვერტაიმში მოიპოვა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევრობასკეტი 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში შვეიცარიას უმასპინძლა და ოვერტაიმში 96:88 დაამარცხა.

თავიდანვე შეგახსენებთ, რომ საქართველო ფინალური ტურნირის ერთ-ერთი მასპინძელია და ევროპის ჩემპიონატზე თამაში გარანტირებული აქვს, თუმცა, ილიას ზუროსის გუნდს შესარჩევი ციკლის თამაში მაინც უწევს.

📋 მეტი ამ თემაზე:

არაერთხელ ნახსენებ მიზეზთა გამო, საქართველოს ნაკრების მაისურით ამჯერადაც ვერ ვიხილეთ აშშ-სა (გოგა ბითაძე, სანდრო მამუკელაშვილი) და ევროლიგაში (თორნიკე შენგელია) მოთამაშე კალათბურთელები, გუნდის დანარჩენმა ლიდერებმა კი ურთულეს მოგებაში დიდი როლი ითამაშეს. 

საქართველოს ნაკრების სასტარტო ხუთეული ასე გამოიყურებოდა: გიორგი ცინცაძე, მერაბ ბოქოლიშვილი, დუდა სანაძე, ბექა ბურჯანაძე, გიორგი შერმადინი. მათგან პირველმა თადარიგში ბოქოლიშვილმა გადაინაცვლა, რაც მოულოდნელი არ ყოფილა, რადგანაც უკვე ნახევარ წუთში 2  პერსონალური ფოლი ჰქონდა.

შეხვედრაში ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, თუმცა, საწყისი ათწუთეული მაინც ქართველთა დამაჯერებელი უპირატესობით (17:8) დასრულდა, რაშიც დიდი წვლილი ბურჯანაძემ შეიტანა. ესპანური გრან კანარიას ქართველმა ფორვარდმა 2 "ენდ ვანი" (სულ, პირველ ტაიმში 3) მიითვალა და პირველ მეოთხედში უკვე 7 ქულა ჰქონდა.

საინტერესო იყო ერთი ფაქტიც. მატჩის საწყის წუთებზე გუნდებმა ერთბაშად 12 სამქულიანი ააცილეს, ნავსი კი შეცვლაზე შესულმა საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა კალათბურთელმა თად მაკფადენმა გატეხა, რომელმაც პირველივე ტყორცნა გამოიყენა.

მასპინძლებისთვის დიდებულად დაიწყო მე-2 მეოთხედიც, რომლის სტარტზე 12-ქულიანი გაქცევა დაფიქსირდა და საქართველოს ნაკრები მალე 20-ქულიანი (37:17) უპირატესობითაც კი დაწინაურდა.

ამ დროს, დიდი როლი ზუსტმა შორეულმა ტყორცნებმა ითამაშა. მაკფადენმა პირველ ტაიმში 5-დან 3 სამქულიანი გამოიყენა, მიხეილ ბერიშვილმა კი 3-დან - 2. 

მეოთხედის ბოლო წუთებზე შვეიცარიელები უფრო ყოჩაღად გამოიყურებიოდნენ, თუმცა, დიდ შესვენებაზე ქართველი კალათბურთელები მაინც სოლიდური ფორით (42:29) გავიდნენ.

ცნობისთვის, პირველივე ტაიმში ეროვნულ გუნდში დებიუტი ჰქონდათ სუპერლიგაში მოთამაშე ცენტრ გიორგი ტურძილაძესა (თსუ) და უკანახაზელ საბა ლობჟანიძეს (რუსთავი).

როგორც სჩანს, ამ დროს საქართველოს ნაკრებმა გამარჯვების ნაადრევად ირწმუნა და ამან თავი მე-3 მეოთხედში იჩინა. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად 5 უპასუხო ქულა ჩავაგდეთ, თამაში სტუმრების უპირატესობით გაგრძელდა.

შვეიცარია შეტევაში სწრაფად გადადიოდა, ქართველთა მომრავლებული შეცდომებიც კარგად გამოიყენა და ისე გამოვიდა, რომ ათწუთეული 8 ქულით (24:16) მოიგო. მეტოქე, შესაძლოა, კიდევ უფრო წამოგვწეოდა, სანაძეს 2 სამქულიანი რომ  არ ჩაეგდო.

ისე გამოვიდა, რომ თამაშმა დაძაბული ხასიათი მიიღო და ყველაფერი დასკვნით მეოთხედს უნდა გადაეწყვიტა, რომლის სტარტზეც მატჩში პირველად ნაკრების კიდევ ერთი დებიუტანტი - თსუ-ს ცენტრი გიორგი კორსანტია გამოჩნდა.

შვეიცარია აშკარად კარგ ხასიათზე მოვიდა და ორიოდ წუთში მასპინძელთა უპირატესობიდან, ფაქტობრივად, აღარაფერი დარჩა. ფრანგული ლილის მცველმა ჯონატან კაზადიმ (მან  თამაში 22 ქულით დაასრულა) მე-2 სამქულიანი ჩააგდო და ანგარიში 62:61 გახდა.

სიტუაცია მაკფადენის მორიგმა სამქულიანმა მცირედით განმუხტა, მეტოქე ქულამდე კიდევ ერთხელ დაგვიახლოვდა და კვლავ შორეული ტყორცნით ვუპასუხეთ. ამჯერად, ეროვნულ გუნდში პირველი შედეგიანი შეტევა კორსანტიამ მიითვალა.

ქართველთა თამაში ისევ არეული ჩანდა. ზუროსი ძალიან ნერვიულობდა, თუმცა, სჩანდა, რომ დაგეგმილის მოედანზე გადატანა არ ხერხდებოდა. შედეგად, მივიღეთ ის, რომ საფინალო სირენამდე 03:43 წუთით ადრე ანგარიში გათანაბრდა. პატრიკ ბალდასარი ფარქვეშ მარტო დარჩა და ტაბლოზე 70:70 აანთო.

საქართველოს ნაკრების ბერძენმა მთავარმა მწვრთნელმა წუთშესვენება აიღო, შეტევა მაკფადენზე დაიგეგმა და მისი სამქულიანი ამჯერადაც ზუსტი იყო - 73:70.

მალევე თადმა მორიგი შორეული ტყორცნა გამოყენა, ბურჯანაძემაც სამქულიანი ჩააგდო და ბოლო წუთზე 79:74 დავწინაურდით. ეს, თითქმის გამარჯვება იყო, თუმცა, რობერტო კოვაჩმა ურთულესი სამქულიანი მიითვალა, ბოლო წამებზე კი მეტოქემ ფარქვეშიდან ზედიზედ 3-ჯერ ესროლა (შვეიცარიამ შეტევაში ბურთი 23-ჯერ მოხსნა, სულ კი, ამ კომპონენტში 56:42 გვაჯობა), ბოლო-ბოლო არნო კოტურემ იხეირა და მატჩი ოვერტაიმში გადავიდა - 79:79.

დამატებითი ხუთწუთეული რატი ანდრონიკაშვილის ზუსტი შესვლით დაიწყო, შვეიცარიელებმა 2 ზუსტი შეტევა განახორციელეს და წინაც გავიდნენ, რატიმ სამქულიანი ჩააგდო და კოვაჩმაც იგივეთი გვიპასუხა. იქვე საჯარიმო ხაზზე შერმადინი დადგა და ანგარიში კიდევ ერთხელ გათანაბრდა - 88:88.

აუტსაიდერად მიჩნეული მეტოქე როდისღაც უნდა "გამტყდარიყო" და ეს, სწორედ გადამწყვეტ მომენტში მოხდა. ბურჯანაძისა და ბერიშვილის სამქულიანების შედეგად, საქართველოს ნაკრები 94:88 დაწინაურდა.

დარჩენილ დროში სანაძემ 2 საჯარიმო ჩააგდო და ისე გამოვიდა, რომ დრამატული თამაში მასპინძელთა 10-ქულიანი გაქცევით დასრულდა - 96:88.

საბოლოოდ, მასპინძელთაგან 21 ქულით ყველაზე შედეგიანი საუკეთესო ბურჯანაძე იყო (აქტივში 7 მოხსნაც ჰქონდა), მაკფადენმა 18 ქულა, 7 მოხსნა და 6 პასი მიითვალა, შერმადინმა - 16 ქულა და 13 მოხსნა, სანაძემ - 14 ქულა, ხოლო ბერიშვილმა - 11.

საქართველოს ნაკრებს გაცილებით რთული შეხვედრა ელის 23 თებერვალს, როდესაც E ჯგუფის გამოკვეთილ ფავორიტ სერბეთს ესტუმრება. ევროპული კალათბურთის ერთ-ერთ გრანდს ქართველი ქომაგებისთვის კარგად ნაცნობი იგორ კოკოშკოვი წვრთნის, რომელსაც NBA-დან და ევროლიგიდან არაერთი ვარსკვლავი აკლია, თუმცა, მაინც ძლიერი შემადგანლობის შეკრება მოახერხა.

სერბეთი შესარჩევი ციკლის სასტარტო მატჩს ასევე დღეს მართავს (ჰელსინკში, ფინეთთან), საქართველოს ნაკრებს კი ბელგრადის ალეკსანდარ ნიკოლიჩ არენაზე კვირას, თბილისის დროით 20:00 საათიდან უმასპინძლებს.

ევრობასკეტი 2021 2-19 სექტემბერს ოთხ ქვეყანაში (საქართველო, იტალია, გერმანია, ჩეხეთი) ჩატარდება და როგორც აღვნიშნეთ, მასპინძლებს ფინალურ ეტაპზე თამაში განაღდებული აქვთ.

საკვალიფიკაციო ეტაპზე 32 ნაკრები 8 ჯგუფშია გადანაწილებული და ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლებას სამ-სამი საუკეთესო მიიღებს, ცხადია, გარდა იმ ჯგუფებისა, სადაც ტურნირის მასპინძელი ქვეყნები ირიცხებიან (იქიდან 2 საუკეთესო და მასპინძლები გავლენ).

კომენტარები

ბოლო ამბები