Thumbnail
  • 📅 22 თებერვალი | ⌚ 15:00 | 🏉 საქართველო V ბელგია | 📺 TV იმედი
  • საქართველოს ნაკრები მომავალ მატჩს ახალი სახეებითა და კაპიტნით ხვდება

“ბორჯღალოსანთა” მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა 22 თებერვალს ბელგიასთან გასამართი მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც ეროვნული ნაკრების 2 დებიუტანტი მოხვდა.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახურის ცნობით, ესპანეთთან ორი კვირის წინანდელი მატჩთან შედარებით, სასტარტო თხუთმეტეულში ერთბაშად ცხრა ცვლილებაა და ამასთან, გუნდი მნიშვნელოვნადაა გაახალგაზრდავებული.

მთლიანად შეიცვალა შერკინების პირველი ხაზი და ბელგიასთან თამაშს გურამ გოგიჩაშვილი, ვანო კარკაძე და გიორგი მელიქიძე დაიწყებენ. 19 წლის კარკაძე წელს ნაკრების მაისურით პირველად ითამაშებს (სულ მეხუთე კეპს მოიხვეჭს) და ამასთან სასტარტო შემადგენლობაშიც პირველადაა.

ლაშა ჯაიანი
| 📷 საქართველოს რაგბის კავშირი

მეორე ხაზში ადგილი შეინარჩუნა ნოდარ ჭეიშვილმა, რომელსაც დებიუტანტი ლაშა ჯაიანი შეუწყვილდება. ის 2017 და 2018 წლებში უმცროსი “ბორჯღალოსნების” რიგებში ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილეა, ეროვნულ გუნდთან ერთად კი, შარშან მსოფლიო თასის წინ ვარჯიშობდა.

წელს ნაკრების შემადგენლობაში პირველადაა ფლანკერი გიორგი თხილაიშვილი, გიორგი ცუცქირიძემ და ბექა გორგაძემ კი, მესამე ხაზში ადგილი შეინარჩუნეს. ამასთან, გორგაძე 33-ე ბორჯღალოსანია, რომელიც გუნდს უკაპიტნებს.

View this post on Instagram

რაზმი | შაბათს #ბორჯღალოსნებს ბექა გორგაძე უკაპიტნებს! პირველ სანაკრებო კეპებს ლაშა ჯაიანი და დემე თაფლაძე მიიღებენ 🏉 ხაზი: 15. სოსო მათიაშვილი (ლელო-სარასენს), 14. ზურაბ ძნელაძე (ლოკომოტივი), 13. დემე თაფლაძე (ლელო-სარასენსი), 12. ლაშა მალაღურაძე (ვევეა), 11. აკაკი ტაბუცაძე (ლელო-სარასენს), 10. თედო აბჟანდაძე (ბრივი), 9. გელა აფრასიძე (მონპელიე); შერკინება: 1. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92), 2. ვანო კარკაძე (ბრივი), 3. გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე), 4. ლაშა ჯაიანი (ექსეთერის უნივერსიტეტი), 5. ნოდარ ჭეიშვილი (ლონდონ სქოთიშ), 6. გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი), 7. გიორგი ცუცქირიძე (ორიაკი), 8. ბექა გორგაძე (ბორდო). მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივი პენზა), 17. გიორგი თეთრაშვილი (აჟენი), 18. ლაშა ტაბიძე (ბორდო); 19. დავით გიგაური (კოლომიე), 20. ბექა საღინაძე (ორიაკი); 21. გიორგი ბეგაძე (ჯიქი), 22. ლაშა ხმალაძე (ბათუმი), 23. თამაზ მჭედლიძე (რუანი).

A post shared by GeorgianRugby (@georgianrugby) on

9 ნომრის პოზიციაზე თამაშს გელა აფრასიძე იწყებს, რომელიც წინა ორ შემთხვევაში მარქაფაში იყო. მგეზავის პოზიციაზე თედო აბჟანდაძეს ვიხილავთ, ხოლო ფულბეკი კვლავ სოსო მათიაშვილი იქნება.

ცენტრში თამაშს 20-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი დემე თაფლაძე დაიწყებს, რომელსაც ეროვნულ გუნდში დებიუტი ექნება. ის ლაშა მალაღურაძეს შეუწყვილდება, რომელიც ქუთაისში 98-ე კეპს მოიხვეჭს.

დემე თაფლაძე
| 📷 საქართველოს რაგბის კავშირი

ფრთაზე ადგილი შეინარჩუნა აკაკი ტაბუცაძემ. მას ესპანეთთან დებიუტი ჰქონდა და ეს სასიამოვნო ფაქტი ლელოთი აღნიშნა. მეორე გარემარბის როლს ზურაბ ძნელაძე მოირგებს, რომელსაც წელს ეროვნულ ნაკრებში ჯერ არ უთამაშია.

მარქაფაში ორი ახალი ბურჯია, რომლებიც ნაკრებში ხანგრძლივი შესვენების შემდეგ გამოჩნდნენ – გიორგი თეთრაშვილმა “ბორჯღალოსნების” კვართით ბოლოს 2018 წელს ითამაშა, ლაშა ტაბიძემ კი – 2017 წელს.

კვაჭის პოზიციაზე შეცვლაზე გიორგი ჭყოიძეა, ხოლო მეორე ხაზში დავით გიგაურს ვიხილავთ, რომელიც 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ასევე პირველად ითამაშებს. მესამე ხაზში ჩვენს გუნდს ბექა საღინაძე გააძლიერებს.

წელს პირველი სანაკრებო თამაში ექნება გიორგი ბეგაძესაც. ხაზში მარქაფაში გამოცდილი ლაშა ხმალაძე და თამაზ მჭედლიძე არიან.

შემადგენლობასთან დაკავშირებით, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი ამბობს:

”შანსი იმ მორაგბეებს ეძლევათ, ვისაც წელს ცოტა სათამაშო დრო ჰქონდათ, ან საერთოდ არ უთამაშიათ. ამ ტურნირზე, თუ სადმე შეიძლებოდა ახალგაზრდების გამოცდა, ვფიქრობთ, ეს ბელგიის ნაკრებია.

შესაძლოა, ამ ახალგაზრდებს კეპების რაოდენობა არ აქვთ, მაგრამ მათ ერთად არაერთი დიდი ტურნირი და ხარისხიანი შეხვედრა აქვთ ჩატარებული 20-წლამდელთა ნაკრებში.

ისინი თავდაჯერებულები და ამბიციურები არიან. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს გუნდი ქუთაისელ გულშემატკივარს კარგ სანახაობას შესთავაზებს“.

მაისაშვილმა კომენტარი ბელგიის ნაკრებსა და მატჩისთვის მზადებაზეც გააკეთა:

“უკვე მიჩვეულები ვართ, რომ მოსამზადებლად საკმარისი დრო თითქმის არასდროს გვაქვს. სრული შემადგენლობით ფაქტობრივად მხოლოდ ქუთაისში გამგზავრების წინ ვივარჯიშეთ.

ვეცდებით, რომ წინა მატჩში დაშვებული შეცდომები გავითვალისწინოთ და გამოვასწოროთ, მართვის სადავეები ხელიდან არ გავუშვათ და მთელმა თამაშმა ჩვენი კარნახით ჩაიაროს.

ბელგიის ნაკრები ის გუნდი, რომელსაც თუ შანსს მისცემ, მას აუცილებლად გამოიყენებს. ისინი აგრესიულად უტევენ შეჯგუფებების გვერდით და სწრაფად ახდენენ გადაწყობას. მათ რუსეთს ძალისმიერ თუ ღია თამაშში რამდენიმე ლელო დაუდეს.

ჩვენი მოცემულობაა, რომ მათ ამის საშუალება არ მივცეთ და თამაში თავად ვმართოთ. როგორც წესი, ასეთ გუნდებთან თავს იჩენს ხოლმე სიჩქარე და უდისციპლინობა, რაც დაემართა კიდეც რუსეთს. მათ ყველა შეტევაში შეეძლოთ ლელოს გატანა, მაგრამ ეს შესაძლებლობები ვერ გამოიყენეს”.

შეგახსენებთ, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის საწყის მატჩებში საქართველომ ჯერ რუმინეთს სძლია ბონუსით – 41:13, მერე კი მადრიდში ესპანეთი დაამარცხა 23:10.

თავის მხრივ, ბელგიელებმა პირველ ტურში პორტუგალიაში 17:23 წააგეს, რუსეთთან უკვე ხსენებულ შეხვედრაში კი მეტოქე 38:12 დაამარცხეს.

შედეგად, ბელგიას 6 ქულა აქვს და საქართველოსა (9 ქულა) და პორტუგალიის (8 ქულა) შემდეგ, სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა.

საქართველოს და ბელგიის ნაკრებთა დაპირისპირება ქუთაისის “აია არენაზე“ 15:00 საათზე დაიწყება.

რაგბი ევროპის ჩემპიონატი 2020, III ტური

22 თებერვალი. ქუთაისი. აია არენა. 15:00 საათი

საქართველო – ბელგია

ხაზი: 15. სოსო მათიაშვილი (ლელო-სარასენსი), 14. ზურაბ ძნელაძე (ლოკომოტივი), 13. დემე თაფლაძე (ლელო-სარასენსი), 12. ლაშა მალაღურაძე (ვვა, რუსეთი), 11. აკაკი ტაბუცაძე (ლელო-სარასენსი), 10. თედო აბჟანდაძე (ბრივი, საფრანგეთი), 9. გელა აფრასიძე (მონპელიე, საფრანგეთი).

შერკინება: 1. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, საფრანგეთი), 2. ვანო კარკაძე (ბრივი, საფრანგეთი), 3. გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე, საფრანგეთი), 4. ლაშა ჯაიანი (ექსეთერის უნივერსიტეტი, ინგლისი), 5. ნოდარ ჭეიშვილი (ლონდონ სქოთიში, ინგლისი), 6. გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი), 7. გიორგი ცუცქირიძე (ორიაკი, საფრანგეთი), 8. ბექა გორგაძე (ბორდო, საფრანგეთი).

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივი პენზა, რუსეთი), 17. გიორგი თეთრაშვილი (აჟენი, საფრანგეთი), 18. ლაშა ტაბიძე (ბორდო, საფრანგეთი); 19. დავით გიგაური (კოლომიე, საფრანგეთი), 20. ბექა საღინაძე (ორიაკი, საფრანგეთი); 21. გიორგი ბეგაძე (ჯიქი), 22. ლაშა ხმალაძე (ბათუმი), 23. თამაზ მჭედლიძე (რუანი, საფრანგეთი).

რაზმი | ბორჯღალოსნების შემადგენლობა ბელგიის წინააღმდეგ ცნობილია, შაბათს გუნდს ბექა გორგაძე უკაპიტნებს აია არენაზე. ის...

Posted by Georgian Rugby on ხუთშაბათი, 20 თებერვალი, 2020

კომენტარები

ბოლო ამბები