Thumbnail

ფედერერმა ოპერაცია გაიკეთა – როჯერს სეზონის დიდი ნაწილი გაუცდება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • როჯერ ფედერერს მუხლზე ქირურგიული ჩარევა დასჭირდა
  • შვეიცარიელი ჩოგბურთელი ქულების 45%-ს დაკარგავს

38 წლის შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა მუხლზე ოპერაცია გაიკეთა და სეზონის სოლიდური ნაწილის გამოტოვება მოუწევს.

ლეგენდარულმა ჩოგბურთელმა, რომელსაც მიმდინარე რეიტინგში მე-3 ადგილი უკავია, სპეციალური განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა.

“მარჯვენა მუხლში ტკივილი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მაწუხებდა. იმედი მქონდა, რომ ის გაივლიდა, თუმცა, გამოკვლევებისა და ჩემს გუნდთან კონსულტაციის შემდეგ, გუშინ შვეიცარიაში ართროსკოპიული ოპერაცია გავიკეთე.

ექიმებმა მალევე დამიდასტურეს, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ დადგენილ დროში სრული გამოჯანმრთელება მოხდება.

სამწუხაროა, თუმცა, შედეგად დუბაის, ინდიან ველსის, ბოგოტასა და მაიამის ტურნირებს გამოტოვება მომიწევს და საფრანგეთის ღია პირველობაზეც ვერ ვითამაშებ.

მხარდაჭერისთვის ყველას მადლობას გიხდით. მოუთმენლად ველი, კორტს როდის დავუბრუნდები. შევხვდებით ბალახის საფარის სეზონზე”.

უკვე გამოითვალეს, რომ მომავალი უქმობის პერიოდში ფედერერი ერთბაშად 3 180 ქულას დაკარგავს: 1000 – მაიამიში, 720 - როლან გაროსზე, 600 – ინდიან ველსში, 500 – დუბაიში და 180-180 – მადრიდსა და რომში (ბოლო ორში ქულების დაცვას ის ისედაც არ აპირებდა).

ამჟამად, როჯერის მაჩვენებელი 7 130 ქულაა, ამდენად, გამოდის, რომ ის ქულების 45%-ს გამოეთხოვება, თუმცა, მოსალოდნელია, რომ რეიტინგის TOP 10-ს მაინც არ დაემშვიდობება.

საინტერესოა ისიც, რომ კორტზე დაბრუნების შემდეგ, შვეიცარიელ ჩოგბურთელს მყის 1 700 ქულის დაცვა მოუწევს ჰალესა და უიმბლდონზე.

კომენტარები

ბოლო ამბები