Thumbnail
  • სულშერმა მანჩესტერ იუნაიტედის ფორვარდის გამოჯანმრთელების ვადებზე ისაუბრა
  • 22 წლის ინგლისელი ფეხბურთელის მდგომარეობა უფრო რთულია, ვიდრე ეგონათ
  • შიშობენ, რომ ინგლისის ეროვნული ნაკრები ევრო 2020-ს დიდი დანაკლისით შეხვდება 

მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სულშერმა გუნდის თავდამსხმელის, მარკუს რაშფორდის გამოჯანმრთელების ვადებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, 22 წლის ინგლისელი ფეხბურთელი ვერც ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე დაეხმარება თავის ნაკრებს.

მარკუს რაშფორდს 15 იანვრის შემდეგ არ უთამაშია, როდესაც ვულვზთან შეხვედრაში 
(1:0) ზურგის ტრავმა მიიღო. თავდაპირველად გამოითქვა ვარაუდი, რომ ფეხბურთელი მწყობრში ჩადგომას სწრაფად შეძლებდა, რაც არ გამართლდა.

რაშფორდის ტრავმა ვულვერჰემპონთან

"მის გამოჯანმრთელებას დრო სჭირდება, მე კი ექიმი არ ვარ. იმედი მქონდა, რომ ის სწრაფად მომჯობინდებოდა, მაგრამ ჯერჯერობით ყველაფერი სხვაგვარადაა. როგორც ჩანს, ის დიდი ხნით გამოგვაკლდა.

დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ მას რამდენიმე თვე კიდევ დასჭირდება. თუ მზად არ იქნება, ვერც ევროპის ჩემპიონატზე წავა. მარკუსმა გამოკვლევა ჩაიტარა, რომელმაც აჩვენა, რომ დაზიანება უფრო სერიოზულია, ვიდრე თავიდან გვეგონა", - აქვეყნებს მწვრთნელის სიტყვებს კლუბის პრესსამსახური.

სულშერი ეჭვობს, რომ მის ფორვარდს კიდევ დიდი ხანი გაუცდება

თუკი სულშერის ცუდი პროგნოზი გამართლდა, ინგლისის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატს სერიზოული დანაკლისით შეხვდება. დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა ტოტენჰემის ფორვარდის ჰარი კეინის ტურნირის დაწყებამდე გამოჯანმრთელებაც

მარკუს რაშფორდმა მიმდინარე სეზონში ინგლისის პრემიერლიგის 22 მატჩში ითამაშა. ფორვარდმა ყველა საკლუბო ტურნირის 31 მატჩში კი 14 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი მიითვალა. 

ინგლისის პრემიერლიგაში გასული 26 ტურის შემდეგ, მანჩესტერ იუნაიტედს 38 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეშვიდე პოზიციას იკავებს და ჩემპიონთა ლიგის ზონას 3 ქულით ჩამორჩება.

ინგლისის ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე  D ჯგუფში იასპარეზებს. გარეტ საუთგეიტის ორი მეტოქის ვინაობა უკვე ცნობილია - ჩეხეთი და ხორვატია.

კომენტარები

ბოლო ამბები