Thumbnail
  • 📅 20 თებერვალი | ⌚ 19:00 | 🏀 საქართველო V შვეიცარია | 📺 პირველი არხი
  • ილიას ზუროსის გუნდს ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპის პირველი მატჩი ელის
  • ნაკრების 12-კაციანი განაცხადი ცნობილია

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტი 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის სასტარტო მატჩებისთვის ემზადება.

შეგახსენებთ, რომ ილიას ზუროსის მიერ გაწვრთნილი გუნდი 20 თებერვალს შვეიცარიას უმასპინძლებს, 23-ში კი, გასვლითი შეხვედრა ელის სერბეთთან, რომლის დამრიგებელიც საქართველოს ნაკრების ექს-თავკაცი იგორ კოკოშკოვია.

უდავოა, რომ თბილისის სპორტის სასახლეში ხვალ დაგეგმილ მატჩში ფავორიტად საქართველო უნდა მივიჩნიოთ და ეს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს გუნდს საგრძნობი დანაკლისი აქვს.

ეროვნულ ნაკრებს ამჯერადაც ვერ დაეხმარებიან აშშ-ში მოთამაშე ლეგიონერები (გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი), ისევე, როგორც ევროლიგის ერთ-ერთი უმთავრესი ვარსკვლავი თორნიკე შენგელია.

სამაგიეროდ, ნაკრებშია იბეროსტარ ტენერიფეს ცენტრი გიორგი შერმადინი, რომელსაც ფიბა-ს ვებგვერდმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო.

დიდი როლი დაეკისრებათ ასევე ესპანეთში მოთამაშე ბექა ბურჯანაძესა (გრან კანარია) და ნაკრების ნატურალიზებულ ამერიკელ კალათბურთელ თად მაკფადენს (სან პაბლო ბურგოსს), ასევე - დუდა სანაძეს (ოლივეირენშე, პორტუგალია).

თად მაკფადენი და კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ ბოისა

ნაკრების შეკრებაზე ტრავმირებული გამოცხადდა გიორგი ცინცაძე, თუმცა, სამედიცინო შტაბი ყველაფერს აკეთებს, რათა ის დროულად მომჯობინდეს და გუნდის დახმარება პირველივე შეხვედრაში შესძლოს.

მომავალი მატჩისთვის ზუროსის განკარგულებაში 12 კალათბურთელია.

გიორგი ცინცაძე (დინამო), თად მაკფადენი (სან პაბლო ბურგოსი, ესპანეთი), რატი ანდრონიკაშვილი, მერაბ ბოქოლიშვილი, საბა ლობჯანიძე, (ყველა – რუსთავი), დუდა სანაძე (ოლივეირენშე, პორტუგალია), მიხეილ ბერიშვილი (ალ შამალი, ყატარი), გიორგი კორსანტია, გიორგი ტურძილაძე (ორივე – თსუ), ბექა ბურჯანაძე (გრან კანარია, ესპანეთი), ბექა ბექაური (ქუთაისი), გიორგი შერმადინი (იბეროსტარ ტენერიფე, ესპანეთი).

კალათბურთის ქომაგს ნაცნობი მოთამაშეების მოძებნა ძალიან გაუჭირდება შვეიცარიის ნაკრების შემადგენლობაში, რომელიც E ჯგუფის (საქართველო, სერბეთი, ფინეთი, შვეიცარია) აშკარა აუტსაიდერია.

გუნდის მთავარი მწვრთნელმა 55 წლის ჯანლუკა ბარილარიმ შემდეგი კალათბურთელები გამოიძახა:

მიკელ-ოფიკ ნზეგე (ლუგანო), პატრიკ ბალდასარე (ფერარა, იტალია), ბორის მბალა (ფრიბურგი), ჟერემი ჟაუნინი (ფრიბურგი), ჯონატან კაზადი (ლილი, საფრანგეთი), მარკო მლადიანი (მასანო), იურაი კოჟიჩი (ბონკური), რობერტო კოვაჩი (რეიკიავიკი, ისლანდია), იური სოლკა (რივიერა), პოლ გრავე (ფრიბურგი), ჯონატან დუბა (ჟენევა), არნო კოტურე (ჟენევა), დუშან მლადიანი (მასანო), ნატან იურკოვიჩი (ფრიბურგი), რობერტ ზინი (ჟენევა), კილიან მარტინი (ნოიშატელი).

თუ ვინ მოხვდება აღნიშნული 16 კალათბურთელიდან 12-კაციან განაცხადში, ხვალ გაირკვევა, თუმცა, გუნდის დონიდან გამომდინარე, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს.

გასაგებ მიზეზთა გამო, შემადგენლობაში ამჯერად არ ფიგურირებს შვეიცარიელთა ყველაზე ცნობილი კალათბურთელი კლინტ კაპელა.

არადა, აწ უკვე ატლანტა ჰოუკსის კალათბურთელმა თამაში ევრობასკეტი 2021-ის პრე-საკვალიფიკაციო ეტაპზეც კი არ ითაკილა და ოთხ შეხვედრაში საშუალოდ 15.0 ქულა, 11.0 მოხსნა, 1.8 პასი, 1.0 ჩაჭრა და 1.5 დაფარება ჰქონდა.

Le sujet de hier sur La Télé à propos des qualifications à l'Euro 😎 La belle ambiance est de la partie, la motivation...

Posted by Swiss Basketball on სამშაბათი, 18 თებერვალი, 2020

აღნიშნულ  ეტაპზე შვეიცარიელთა მიერ ჩატარებულ რვავე მატჩში მიიღეს მონაწილეობა რობერტო კოვაჩმა და არნო კოტურემ, საუკეთესო სტატისტიკა კი ჟენევის მძიმე ფორვარდ მარკო მლადიანს ჰქონდა, რომელმაც მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა, თუმცა, საშუალოდ 22.0 ქულა და 13.5 მოხსნა, 2.5 პასი, 1.5 ჩაჭრა მოუგროვდა.

საინტერესოა, რომ საქართველოსა და შვეიცარიის ნაკრებებს ისტორიაში ერთადერთხელ უთამაშიათ. ეს შეხვედრა შვეიცარიის ქალაქ ფრიბურგში ევრობასკეტი 2001-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით შედგა და მასპინძლებმა 85:66 მოგვიგეს.

მატჩში, რომელიც ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში (1999 წლის 19 მაისს) შედგა, საქართველოს ნაკრებში საუკეთესო ვახტანგ ნაცვლიშვილი იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი (18 ქულა, 11 მოხსნა) შეასრულა.

იმ შესარჩევი ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე ბელგია, პორტუგალია და შვეიცარია გავიდნენ, საქართველომ, ირლანდიამა და დანიამ კი მიზანს ვერ მიაღწიეს.

ცხადია, დღეს, ძალთა განლაგება კარდინალურად შეცვლილია, ამდენად, ხვალინდელ შეხვედრაში გამარჯვების უკეთესი შანსი საქართველოს ეროვნულ გუნდს აქვს.

ილიას ზუროსის გუნდი შვეიცარიასთან მატჩში აშკარა ფავორიტია

ცნობისთვის, საქართველო-შვეიცარიის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დღეიდან სპორტის სასახლის სალაროებშიც დაიწყო. ქომაგებს ბილეთების შეძენა 19 და 20 თებერვალს შეუძლიათ. სალაროები 19-ში 19:00 საათამდე იმუშავებს, ხოლო 20-ში - 11:00-დან 19:00 საათამდე. ბილეთების გაყიდვა, რომელთა ფასი 10-დან 25 ლარამდეა, მიმდინარეობს ონლაინ რეჟიმშიც.

შვეიცარიასთან შეხვედრა თბილისის სპორტის სასახლეში 19:00 საათზე დაიწყება, გულშემატკივრებისთვის დარბაზში შესვლა კი 18:00 საათიდან იქნება შესაძლებელი. 

შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტი 2021 2-19 სექტემბერს ოთხ ქვეყანაში (საქართველო, იტალია, გერმანია, ჩეხეთი) ჩატარდება და მასპინძლებს ფინალურ ეტაპზე თამაში განაღდებული აქვთ.

საკვალიფიკაციო ეტაპზე 32 ნაკრები 8 ჯგუფშია გადანაწილებული და ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლებას სამ-სამი საუკეთესო მიიღებს, ცხადია, გარდა იმ ჯგუფებისა, სადაც ტურნირის მასპინძელი ქვეყნები ირიცხებიან (იქიდან 2 საუკეთესო და მასპინძლები გავლენ).

2⃣4⃣ hrs until the #EuroBasket 2021 Qualifiers tip off! Which are the 3⃣ countries to advance from each Group? 📺 http://go.fiba.basketball/Watch_EuroBasketQual

Posted by FIBA EuroBasket on ოთხშაბათი, 19 თებერვალი, 2020

კომენტარები

ბოლო ამბები