Thumbnail

ნელა, ზვიადი! - ქართული თამაში რომელიც 100 000-ზე მეტმა ადამიანმა გადმოწერა

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ
  • გთავაზობთ ინტერვიუს ქართული ვირუსული თამაშის ავტორ გიორგი ბურჯანაძესთან
  • 'ნელა, ზვიადი!' 100 000-ზე მეტმა მომხმარებელმა გადმოწერა

'ნელა, ზვიადი!' ქართული თამაშია, რომელიც მცირე დროში საოცრად პოპულარული გახდა. თამაში ყველასთვის საყვარელ Super Mario-ს მოგაგონებთ, თუმცა ის ბევრ სიურპრიზსაც გპირდებათ. მოქმედება ქართულ ლოკაციებზე მიმდინარეობს და თამაშში ქართული ინტერნეტსივრცის ბევრ პოპულარულ ფრაზასა და პერსონაჟს შევხვდებით.

პოპსპორტი თამაშის ავტორს, გიორგი ბურჯანაძეს ესაუბრა.

popsport: მოგვიყევით თამაშის შესახებ: რა არის ძირითადი იდეა? რატომ გადაწყვიტეთ ამ თამაშის შექმნა?

გიორგი ბურჯანაძე: თამაშისთვის ექსკლუზიურად დაიწერა სცენარი და ექსკლუზიურად შეიქმნა ლოგიკური დაბრკოლებები. თამაშში მხოლოდ ბარიერები არ არის, აქ მოთხრობილია ისტორია და მოთამაშეს აქვს საშუალება, მიიღოს ისეთივე ემოცია, როგორიც ფილმიდან. თამაშში რამდენიმე პერსონაჟია. კირა: ხელოვნური ინტელექტი, რომელიც მოთამაშეს ეხმარება დაბრკოლებების გადალახვაში. კირას გააჩნია გრძნობები და შეყვარებულია მოთამაშეზე. კირა გამოხატავს თავის შეხედულებებს და გრძნობებს გარე სამყაროსა და ადამიანების მიმართ. ის ებრძვის ბოროტ სისტემას. ანა, რომელიც კირას მსგავსად ებრძვის ბოროტ სისტემას. ნეკო, რომელიც გატაცებულია. და "შემქმნელი", რომელიც ამ ბოროტი სისტემის შემქმნელია. თამაშში გამოყენებულია ცნობილი ქართული მიმები, რაც უფრო სახალისოს ხდის მოთამაშისთვის დაბრკოლებების გადალახვას. ფინალური სცენა კი რადიკალურად განსხვავდება დასაწყისისგან. ჩვენი მიზანი იყო კონკრეტული მესიჯების ჩადება და ვფიქრობ, ეს გამოგვივიდა. საინდუმლოდ დავტოვოთ ეს უკანასკნელი, რომ საინტერესო იყოს მათთვისაც ვისაც ჯერ არ უთამაშია.

popsport: როგორი შედეგები აქვს ამჟამად თამაშს?

გიორგი ბურჯანაძე: playstore ზე 100 000-ზე მეტი გადმოწერაა, appstore-ზე შედარებით ნაკლები. ქართველი იუთუბერებიდან თითქმის ყველამ ითამაშა, ზოგმა შეძლო თამაშის დახურვა, ზოგსაც ნერვებმა უმტყუნა, რადგან ნერვულ სისტემას აზიანებს. youtube ზე რომ დასერჩოთ nela zviadi, ყველა ცნობილ იუთუბერს უდევს გეიმფლეის ვიდეო. გეიმერულ პორტალებს სტატია არ გაუკეთებიათ, რატომღაც არ დაინტერესდნენ.

popsport: სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

გიორგი ბურჯანაძე ახლო მომავალში ამ თამაშის ინგლისური ვერსიის გაკეთებას ვგეგმავთ და უცხოურ ბაზარზე გატანას. ჯერ კიდევ სწავლის პროცესია. იმედია, დავიხვეწებით და მომავალში უკეთეს ქართულ თამაშებს შევმქნი. მინდა, რომ დაიწყოს ქართულმა გეიმ დეველოპმენტმა განვითარება, წამოვიდეს ინტერესი და შეიქმნას ბევრი ქართული საინტერესო პროექტი.

popsport: რა მოლოდინები გაქვთ უცხოურ ბაზარზე გასვლასთან დაკავშირებით? თამაში ქართულ რეალობაზე და ქართულ ვირუსულ ვიდეოებზეა დაფუძნებული, რამდენად გასაგები და სასაცილო იქნება ის უცხოელი მომხმარებლისთვის?

გიორგი ბურჯანაძე: უცხოურ ბაზარზე გადაკეთებულ ვერსიას გავიტანთ, რაც მორგებული იქნება მათ იუმორზე, შეიცვლება ბევრი გრაფიკული და აუდიო ელემენტები, მაგრამ დავტოვებთ ალბათ რამდენიმე ქართულ შენობა-ნაგებობას, თუნდაც რომელიმე ქართულ წარწერას კედელზე.

თამაშის გადმოწერა შეგიძლიათ App Store-დან და Google Play-დან.

კომენტარები

ბოლო ამბები