Thumbnail
  • 📅 21 თებერვალი | ⌚ 00:00 | 🏀 ბასკონია V ჟალგირისი
  • თორნიკე შენგელიას გუნდს უმნიშვნელოვანესი მატჩები ელის

ესპანურ ბასკონიას, რომლის კაპიტანიც ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია გახლავთ, თებერვალში ევროლიგის 2 უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის.

ბასკონიელები 20 თებერვალს გვიან ღამით კაუნასის ჟალგირისს უმასპინძლებენ, 27-ში კი ბელგრადის ცრვენა ზვეზდას დაუხვდებიან და თუკი წარმატებას მიაღწიეს, საპლეიოფო ზონას ძალიან დაუახლოვდებიან.

შეგახსენებთ, რომ 24 ტურის თავზე ბასკონიას 9 მოგება აქვს და მე-8 ადგილზე მყოფ იტალიური მილანს 2 გამარჯვებით ჩამორჩება.

ჟალგირისთან მატჩის წინ, ქართველმა ფორვარდმა კომენტარი გააკეთა და მოახლოებული თამაშების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

“ძალიან მოტივირებულები ვართ და საინტერესოს შეხვედრასაც ველი. დაახლოებით ჩვენი დონის გუნდს ვხვდებით და ამგვარ ვითარებაში შინ თამაში დიდი უპირატესობაა.

მომავალი 2 მატჩი ჩვენი ქომაგების თვალწინ გველის და თუკი ვიმარჯვეთ, საპლეიოფო ბრძოლაში ისევ აქტიურად ჩავერთვებით. გამოდის, გადამწყვეტი მატჩების დროა.

მინდა ყველას ვუთხრა, რომ საკუთარი თავის რწმენა არ დაგვიკარგავს, დუშკო ივანოვიჩის მოსვლის შემდეგ, თავდაჯერებულობაც მოგვემატა.

დასახული მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ, ხოლო თუკი პლეი ოფში გავალთ, მჯერა, ის გუნდი ვიქნებით, რომელთან შეხვედრასაც არავინ ისურვებს”.

შეგახსენებთ, რომ ჟალგირის და ბასკონია ერთმანეთს ევროლიგის მიმდინარე სეზონის პირველივე ტურში დაუპირისპირდნენ და ლიტვაში ესპანურმა გუნდმა 70:58 იმარჯვა.

მაშინ შენგელიამ ძალიან აქტიურად ითამაშა და 13 ქულით მოგებაში დიდი წვლილი შეიტანა. გასაკვირი არ ყოფილა, რომ მოახლოებული თამაშის წინ, ქართველი ლეგიონერის ფაქტორზე კაუნასელთა თავკაცმა შარუნას იასიკევიჩიუსმაც ისაუბრა:

"ცხადია, მას განსაკუთრებული მეურვეობა სჭირდება. მთავარი ამოცანაა, შენგელიას ფარქვეშ სათამაშო სივრცე შევუზღუდოთ და ვაიძულოთ, პერიმეტრიდან შემოგვიტიოს. სამწუხაროდ, საშინაო მატჩში ეს ვერ მოვახერხეთ. იმედია, ესპანეთში ყველაფერი გამოგვივა".

შარუნას იასიკევიჩიუსი

ცნობისთვის, თორნიკე ბასკონიელთა ერთადერთი კალათბურთელია, რომელსაც მიმდინარე სეზონში ყველა მატჩი სასტარტო ხუთეულში აქვს დაწყებული.

ქართველ ლეგიონერს ბოლო 8-დან შვიდ მატჩში მინიმუმ 10 ქულა აქვს ჩაგდებული, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი ორნიშნა რიცხვით გამოიხატებოდა და მინიმუმ 1 ჩაჭრაც ჰქონდა.

შენგელია ეფექტურობის საშუალო მაჩვენებლით (18.3) ევროლიგაში მე-6 ადგილზეა და ასევე მეექვსეა საშუალოდ ჩაგდებულ ქულების (15.8) მიხედვითაც.

კომენტარები

ბოლო ამბები