Thumbnail
  • ‘ვერ ვხედავ მიზეზს, მაღალი დონის მოთამაშედ რატომ ვერ უნდა იქცეს’
  • ინდიანა პეისერსის ვებგვერდზე ქართველი ცენტრის შანსები შეაფასეს

ინდიანა პეისერსის ოფიციალურ ვებგვერდზე საიტის ერთ-ერთ წამყვან ავტორ მარკ მონტიესთან კითხვა-პასუხი გამოქვეყნდა, სადაც გოგა ბითაძეზეც არის საუბარი.

პეისერსის ჟურნალისტს ქართველი ცენტრის თამაშის შეფასება სთხოვეს, მისი კომენტარი კი საკმაოდ იმედისმომცემი გახლდათ.

“საბოლოო დასკვნების გამოტანა ნაადრევად მიმაჩნია, რადგანაც ბითაძე მხოლოდ 20 წლისაა და საშუალოდ 8.5 წუთს თამაშობს, თუმცა, ვფიქრობ, რომ ის მინიმუმ სოლიდურ ცენტრად ჩამოყალიბდება.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში პერიმეტრიდან კარგად ვერ ესვრის, ის კარგ ფორმაში იმყოფება და ისიც არაერთხელ გვაჩვენა, რომ სამქულიანების ჩაგდებაც შეუძლია.

გოგამ ევროპულ კალათბურთში დაამტკიცა, რომ მაღალი კლასის კალათბურთელია. მისი სიმაღლისა და მოქნილობის გათვალისწინებით, მხოლოდ წინსვლას უნდა ველოდეთ.

ბითაძე ფარქვეშ საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურება, ამდენად, ვერ ვხედავ მიზეზს, NBA-ში მაღალი დონის ცენტრად რატომ ვერ უნდა იქცეს”.

გოგას NBA-ში მცირე სათამაშო დრო ეძლევა

შეგახსენებთ, რომ ინდიანამ ქართველი კალათბურთელი გასულ დრაფტზე მე-18 ნომრად აირჩია, თუმცა, ჩვენებურს მსოფლიოს უძლიერეს ლიგაში თავის გამოჩენის შანსი იშვიათად ეძლევა.

მიმდინარე სეზონში გოგას საშუალო მაჩვენებლები ასე გამოიყურება: 8.6 წუთი, 3.0 ქულა, 2.1 მოხსნა, 0.6 დაფარება.

ოლ სტარის კვირეულით გამოწვეული პაუზის შემდეგ, ინდიანა, რომელსაც 32 მოგებითა და 23 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილი უკავია, მომდევნო მატჩს 22 თებერვალს ნიუ იორკთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები