Thumbnail
  • ატლეტიკოს კომპაქტურ დაცვაში სალაჰი და მანე სივრცეებს ვერ პოულობდნენ
  • ატლეტიკო გრძელ პასებს მიმართავდა, რათა პრესინგი თავიდან აეცილებინა
  • ლივერპულის არცერთ ლიდერს კარგი თამაში არ ჰქონია

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური სერიის პირველ დღეს ატლეტიკომ ლივერპული დაამარცხა (1:0). ეს ამ სეზონში იურგენ კლოპის გუნდის იშვიათი მარცხი გახლდათ. გულშემატკივარმა ძალიან საინტერესო ტაქტიკური ბრძოლა ნახა. როგორ დაამარცხა სიმეონემ კლოპი? 5 ძირითადი ფაქტორი ატლეტიკო-ლივერპულის მატჩიდან.

აქცენტი კომპაქტურობაზე

ლივერპულთან თამაშის დროს ყველაზე სახიფათო სივრცეების დატოვებაა. ატლეტიკოც ის გუნდია, რომელიც სივრცეებს ყველაზე უკეთ კეტავს და აკონტროლებს. სწორედ ამიტომაც, სპეციალისტები ატლეტიკოს ლივერპულისთვის ერთ-ერთ ყველაზე უხერხულ მეტოქედ მიიჩნევდნენ. გუშინდელ შეხვედრაშიც ასე მოხდა: ატლეტიკო თავს ძალიან კომპაქტური 4-4-2-ით იცავდა.

ატლეტიკოს 4-4-2

ატლეტიკომ სივრცეები არ დატოვა ორ ყველაზე სტრატეგიულ ზონაში. თავისი საჯარიმოს წინ, სადაც ერთდროულად ორი ჩამშლელი ტომას პარტეი და საულ ნიგესი მცველებთან ძალიან ახლოს იყვნენ განლაგებული და დაცვისა და ნახევარდაცვის ხაზებს შორის სივრცეები არ რჩებოდა. და ასევე განაპირა და ცენტრალურ მცველებს შორის, სადაც ორივე განაპირა მცველი ვრსალკო და რენან ლოდი ცენტრალურ მცველებთან ახლოს იყვნენ განლაგებული და მათ შორის ზონები არ რჩებოდა.

ამით ყველაზე მეტად მოჰამედ სალაჰი და სადიო მანე დაზარალდნენ. ორივე მათგანს ძალიან უყვარს ცენტრალურ და განაპირა მცველებს შორის არსებული სივრცეების გამოყენება. სივრცეების გარეშე მათ თავისი სისწრაფის გამოყენება არ შეეძლოთ. ამ ტიპის მჭიდრო თამაშში ლივერპულს მისი ლიდერები ვერ დაეხმარნენ და კლოპს მანეს და სალაჰის შეცვლა მოუწია.

მრავლისმთქმელი იყო ის, რომ კლოპმა მანეს ნაცვლად დივოკ ორიგი გამოიყვანა. ეს იმას ნიშნავდა, რომ კლოპს თავისუფალი სივრცის პოვნის იმედი ნაკლებად ჰქონდა ის მოთამაშე შემოიყვანა, რომელიც თავისი ფიზიკური ძალის, გაბარიტებისა და სიმაღლის გამო სწრაფი არ არის, თუმცა კომპაქტურ თამაშში უფრო იოლად გამოსაყენებელია. კლოპის გუნდმა 33 ჩაწოდება შეასრულა, რაც ძალიან ბევრია. ასეთ თამაშში ორიგი უფრო ეფექტურია, ვიდრე მანე, ან სალაჰი.

მთელი მატჩის მანძილზე ლივერპულს არცერთი დარტყმა არ ჰქონია სწრაფი შეტევის შემდეგ. ასეთი მჭიდრო დაცვის 90 წუთი თამაში მხოლოდ ატლეტიკოს შეუძლია - გუნდს, რომელიც უბურთოდ ძალიან კარგად მოძრაობს და სიმეონეს სისტემაში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს. ერთადერთი შეცდომა შიმე ვრსალკომ დაუშვა, როდესაც ცენტრალურ მცველებს ძალიან დაშორდა და მოჰამედ სალაჰს სივრცის გამოყენებისა და საგოლე მომენტის შექმნის საშუალება მისცა.

ვრსალკომ სივრცე დატოვა, რასაც სალაჰის მომენტი მოყვა

შედეგად, ლივერპულს ბურთი 73 პროცენტი ეჭირა, თუმცა მეტოქის კარში არცერთხელ არ დაურტყამს, კარისკენ მხოლოდ 7-ჯერ დაარტყა და, რაც ყველაზე საინტერესოა, ლივერპულის დარტყმების 50 პროცენტი საჯარიმოს გარედან შესრულდა. ეს იმას ნიშნავს, რომ კლოპის გუნდმა ხშირად არ იცოდა, შეტევა როგორ გაეგრძელებინა.

მიუხედავად იმისა, რომ თამაშის 33 პროცენტი ატლეტიკოს მესამედზე წარიმართა, ლივერპულის კარის მახლობლად კი მხოლოდ 19 პროცენტი და მადრიდელებს ბურთი მხოლოდ 27 პროცენტი ჰქონდათ, მათ უფრო მეტჯერ დაარტყეს მეტოქის კარისკენ.

გრძელი პასები, როგორც დაცვის საშუალება

ლივერპული ალბათ მსოფლიოში საუკეთესოა პრესინგის დროს. იურგენ კლოპს მოედნის ცენტრში ერთდროულად 3 მოთამაშე ჰყავს (ვეინალდუმი, ფაბინიო, ჰენდერსონი), რომელიც ძალიან კარგად აპრესინგებს. თავად კლოპის ‘გეგენპრესინგის’ მთავარი იდეაც ის არის, რომ პრესინგის შედეგად მეტოქის საჯარიმოს სიახლოვეს ართმეული ბურთების შედეგად ბევრად მეტი მომენტი იქნება.

კლოპი: 'გეგენპრესინგი უფრო მეტ მომენტს ქმნის, ვიდრე ნებისმიერი გამთამაშებელი.'

სიმეონემ ეს პრობლემა საინტერესოდ გადაჭრა. ატლეტიკო დაცვის ხაზიდან ამოსვლის დროს გრძელ პასებს იყენებდა - თუნდაც, მაშინ, როდესაც გრძელი პასების უმეტესობა იკარგებოდა. სიმეონესთვის მთავარი იყო, რომ მის გუნდს თავის ნახევარზე ბურთის გათამაშების დროს მეტოქის პრესინგის შედეგად ბურთი არ დაეკარგა. სწორედ ამიტომ, ატლეტიკო მაშინაც კი მიმართავდა გრძელ პასებს შეტევის დაწყების დროს, როდესაც თავდასხმაში უფრო დაბალი და ფიზიკურად ნაკლებად ძლიერი ანხელ კორეა და ალვარო მორატა ბევრად უფრო ათლეტური ვან დაიკი-გომესის წყვილის წინააღმდეგ რჩებოდა. თუ ბურთი არ გაქვს, მას ვერც დაკარგავ - დაახლოებით ასე ჟღერდა სიმეონეს იდეა.

შედეგად, ატლეტიკომ მხოლოდ 288 პასი შეასრულა (ლივერპულმა 793), საიდანაც ზუსტი მხოლოდ 194 იყო, რაც პასების სიზუსტის კატასტროფულ მაჩვენებელს ნიშნავს (67 პროცენტი, ლივერპული - 86 პროცენტი). ეს იმით არის განპირობებული, რომ გრძელ პასები დაბალპროცენტიანია და ხშირად იკარგება. ატლეტიკოს პასების 23 პროცენტი სწორედ გრძელ პასებზე მოდიოდა (ანუ ყოველი 4-დან 1 პასი). შედარებისთვის, ლივერპულის პასების მხოლოდ 8 პროცენტს შეადგენდა გრძელი გადაცემები.

შედეგად, ატლეტიკო ერთი პოზიციის დროს საშუალოდ მხოლოდ 4 გადაცემას ასრულებდა.

ატლეტიკოში ყველაზე მეტი პასი ტომას პარტეიმ შეასრულა - 36. მის ვიზავის, ფაბინიოს 81 გადაცემა ჰქონდა, ვან დაიკს - 102, ჯო გომესს კი -115.

მოუხერხებელი სქემა

სიმეონეს 4-4-2 ლივერპულისთვის მოუხერხებელი აღმოჩნდა. კომპაქტურ დაცვაზე ზემოთ უკვე ვთქვი. ისიც აღვნიშნე, რომ მოედნის ცენტრში 3-2-ზე (ფაბინიო, ჰენდერსონი, ვეინალდუმი vs ტომას პარტეი, საული) ლივერპულის უპირატესობა სიმეონემ გრძელი პასებით შეტევის დაწყების გზით გაანეიტრალა.

სამაგიეროდ, ორ სხვა ზონაში უკვე ატლეტიკოს ჰქონდა რიცხვობრივი უპირატესობა. კონტრშეტევების დროს მადრიდელთა ორი თავდამსხმელი ლივერპულის ორი ცენტრალური მცველის წინააღმდეგ რჩებოდა და სიმეონეს შეგირდებს გოლის შემდეგაც ჰქონდათ პერსპექტიული შეტევები. ატლეტიკოს ვერტიკალური გადაცემები სივრცეში ლივერპულის დაცვას პრობლემებს უქმნიდა.

ვერტიკალური გადაცემა და მორატას მომენტი

ფლანგებზეც ატლეტიკოს ორ-ორი მოთამაშე ჰყავდა და მანე-სალაჰის დუეტის გარდა, ლივერპულის განაპირა მცველების წინააღმდეგაც ახერხებდა თავდაცვას.

ინდივიდუალური წარმოდგენა

სიმეონეს სქემა წარმატებული იმიტომ აღმოჩნდა, რომ ატლეტიკოს რამდენიმე ფეხბურთელმა ინდივიდუალურ დონეზე ძალიან კარგად ითამაშა. მარცხენა მცველი რენან ლოდი ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მას თავის გუნდში ყველაზე მეტი შეხება ჰქონდა (63) და მისი ტექნიკის და ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე ატლეტიკო ახერხებდა ბურთი დაეჭირა და დაცვის ხაზიდან წინა ხაზში გადაეტანა.

მარცხენა ფლანგიდან, ანუ მისი ზონიდან, ლივერპულს არცერთი დარტყმა არ ჰქონია. თავად ატლეტიკომ კი თავისი დარტყმების 29 პროცენტი სწორედ მარცხნიდან შეასრულა და თავისი შეტევების თითქმის ნახევარი (47 პროცენტი) სწორედ ამ ფლანგიდან განახორციელა. სამაგიეროდ მარჯვიდან, შიმე ვრსალკოს ზონიდან, მადრიდელებს არცერთი დარტყმა არ შეუსრულებიათ.

ასევე ძალიან კარგად ითამაშა ცენტრალურმა მცველმა ფელიპემ, რომელმაც მეორე სართულზე ყველა ორთაბრძოლა მოიგო და ტომას პარტეიმ, რომელმაც ბევრი იმუშავა და შეტევის ორგანიზების დროსაც ყველაზე ხშირად ფლობდა ბურთს და იწყებდა შეტევებს.

საპირისპიროდ, ლივერპულის არცერთ ლიდერს ინდივიდუალურ დონეზე კარგი თამაში არ ჰქონია.

სტანდარტები და სტადიონი

ატლეტიკოსთან თამაშის დროს ყველაზე სახიფათო სტანდარტებია. ეს წლიდან წლამდე ასე ხდება. გასული წლის პლეი ოფშიც, მადრიდში, ატლეტიკომ იუვენტუსს სტანდარტიდან გატანილი ორი გოლით მოუგო. ასე მოხდა ლივერპულთანაც. საულ ნიგესმა კუთხურის შემდეგ გაიტანა.

საულის გოლი ლივერპულის კარში

მეორე ყველაზე სტაბილური ფაქტორი ატლეტიკოსთვის მისი საშინაო სტადიონია. მადრიდში ატლეტიკო არასოდეს აგებს და ლიგის პლეი ოფში ისეთი მეტოქეები ჰყავს დამარცხებული, როგორებიც ბარსელონა (ორჯერ), ბაიერნი და იუვენტუსია. ატლეტიკოს მორიგი მსხვერპლი ლივერპული აღმოჩნდა - ჯერჯერობით ამ სეზონის საუკეთესო გუნდი.

მადრიდულმა კლუბმა სიმეონეს ტაქტიკის წყალობით მინიმალური უპირატესობა მოიპოვა. ატლეტიკოსთვის ეს ალბათ მაქსიმუმი იყო. ტაქტიკური უპირატესობის მიუხედავად, საპასუხო თამაშში, ‘ენფილდზე’ ატლეტიკოს ძალიან გაუჭირდება. ლივერპული უფრო აქტიურად და აგრესიულად შეუტევს, ატლეტიკოს კი მოუწევს, თავისი მცირე რესურსების ფონზე მოიფიქროს, თუ როგორ უნდა გაუძლოს ლივერპულს და როგორ შეაგდოს გოლი. 'ენფილდზე' გოლის გატანის შემთხვევაში ატლეტიკოს მეოთხედფინალში გასვლის კარგი შანსი ექნება.

კომენტარები

ბოლო ამბები