Thumbnail

PREVIEW | ატალანტა იტალიაში ყველაზე მეტს იტანს - ვალენსიას პრობლემები აქვს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 📅 20 თებერვალი | ⌚ 00:00 | ⚽ ატალანტა V ვალენსია | 📺 SILK SPORT1 HD
  • წესით, მილანური შეხვედრა სანახაობრივი და უხვგოლიანი უნდა გამოვიდეს
  • ბერგამოელებს სერია A-ში ყველაზე მეტი - 63 გოლი აქვთ გატანილი
  • ვალენსიელები მილანში მნიშვნელოვანი საკადრო პრობლემებით ჩადიან  

ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის ⅛-ფინალის კიდევ ორი მატჩი გაიმართება, აქედან ერთი კი "სან სიროზე", სადაც ბერგამოს ატალანტა ვალენსიას უმასპინძლებს. ამ გუნდების საპასუხო დაპირისპირება "მესტალიაზე" 11 მარტს შედგება. რაც შეეხება მილანურ მატჩს, წესით, ორივე გუნდი შეტევაში აქტიურობით უნდა გამოირჩეს, რადგან "დაცვაში ჯდომა" დიდად არც პირველს ახასიათებს და არც მეორეს. 

ატალანტა

ბერგამოელებმა ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე პირველი სამივე მატჩი წააგეს (!), მაგრამ საბოლოოდ 7 ქულა მაინც მოაგროვეს და პლეი ოფში მეორე ადგილით გავიდნენ. საინტერესოა, რომ ატალანტა პირველი გუნდი გახდა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელმაც პირველი სამი წაგებული მატჩის შემდეგ, ⅛-ფინალში მაინც გააღწია. რაც მთავარია, თავად ბერგამოელებისთვის ეს ისტორიული მიღწევა გახდა - გუნდი პირველად თამაშობს ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში. 

ჯანპიერო გასპერინის გუნდის თავდასხმის ხაზი იტალიის მიმდინარე ჩემპიონატში ჯერჯერობით ყველაზე მრისხანეა - 63 გატანილი გოლი 24 მატჩში. შედარებისთვის, იუვეს ეს მაჩვენებელი 46 აქვს, ლაციოს - 55, ხოლო ინტერს - 49. შესაბამისად, ბერგამოელები არც ვალენსიელებთან მოერიდებიან შეტევას.

მილანურ მატჩში ატალანტას უპირატესობა შემადგენლობაში ტრავმირებული და დისკვალიფიცირებული მოთამაშეების არყოფნაა, განსხვავებით მეტოქისგან, რომელსაც ამ მხრივ  პრობლემები აქვს.

სერია A-ში ბერგამოელთა ბომბარდირი სლოვენიელი იოსიპ ილიჩიჩია - 20 მატჩში 14 გოლი

ვალენსია

ვალენსიამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირველი ადგილი დაიკავა - ლონდონის ჩელსის დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა. საინტერესო ისაა, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვალენსიელები გასვლით მატჩებში უფრო იგებდნენ და მეტ ქულას აგროვებდნენ, ვიდრე შინ. 

"ღამურებს" ესპანეთის ჩემპიონატში ყველაფერი მთლად ასე კარგად არ აქვთ - 24 ტურის შემდეგ ცხრილში მე-7 ადგილზე არიან, ბოლო ორ მატჩში კი სულ ქულას დასჯერდნენ. 

ალბერტ სელადესი "სან სიროზე" თამაშს საკადრო პრობლემებითაც ხვდება. ტრამვები აქვთ და ვერ ითამაშებენ ესეკიელ გარაი, კრისტიანო პიჩინი, მანუ ვალეხო. საეჭვოა კევინ გამერიოს, დენის ჩერიშევისა და მეკარე იასპერ სილესენის მოედანზე გასვლა, ხოლო დისკვალიფიკაციის გამო მატჩს გაბრიელ პაულისტა გამოტოვებს.

ესპანელთა მზადება მილანური მატჩისთვის

საინტერესო ფაქტები

⚽ ატალანტამ ევროთასებზე ჩატარებული ბოლო 8 მატჩიდან 6-ში ვერ მოიგო (3 ფრე, 3 მარცხი).

⚽ ბერგამოელები ევროთასებზე გამართული ბოლო 8 მატჩიდან 6-ში ერთზე მეტ გოლს ვერ იტანდნენ.

⚽ ჩემპიონთა ლიგაში ატალანტას ბოლო 6 მატჩიდან 5-ში, 1-ელ ტაიმში გატანას ერთ-ერთი გუნდი  მაინც ახერხებდა. 

⚽ ბერგამოელები ჩემპიონთა ლიგის ბოლო 6 მატჩიდან 5-ში 6 კუთხურზე მეტს არ აწვდიდნენ.

⚽ ატალანტა იტალიის ჩემპიონატის ბოლო ოთხ შეხვედრაში სულ ცოტა 2 გოლს იტანდა.

⚽ ჩემპიონთა ლიგაში ვალენსიას 14 მატჩიდან 10-ში პირველ ტაიმში რომელიმე გუნდი იტანდა.

⚽ ვალენსიამ ევროთასებზე ჩატარებული ბოლო 15 მატჩიდან 12 არ წააგო (9 მოგება, 3 ფრე).

⚽ ღამურები ჩემპიონთა ლიგის ბოლო 7 მატჩში 3 ყვითელ ბარათზე მეტს არ იღებდნენ.

⚽ ვალენსია ჩემპიონთა ლიგის ბოლო 10 შეხვედრიდან 8-ში მინიმუმ ერთ გოლს იტანდა.

⚽ ვალენსია ჩემპიონთა ლიგის ბოლო 11 მატჩიდან 9-ში 1-ზე მეტი გოლს არ უშვებდა.

გამოკითხვა

ვინ გავა 1/4 ფინალში?

  • ატალანტა
  • ვალენსია

სავარაუდო შემადგენლობები

ატალანტა (3-4-2-1): გოლინი - ტოლოი, პალომინო, ჯიმშიტი - ჰატებური, დე როონი, ფროილერი, გოსენსი -  გომესი, ილიჩიჩი - საპატა.

ვალენსია (4-4-2): დომენეკი - ვასი, დიახაბი, მანგალა, გაია - პარეხო, კოკლენი, ფარან ტორესი, სოლერი - მაქსი გომესი, გედეში.

კომენტარები

ბოლო ამბები