Thumbnail

სეზონი სუპერთასით იხსნება - მატჩის დღეს, ნაკრების ბილეთებიც გაიყიდება

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • 📅 23 თებერვალი | ⌚ 17:00 | ⚽ დინამო თბილისი V საბურთალო
  • მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანზე გაიმართება

საქართველოს სუპერთასის თამაში 23 თებერვალს 17:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე გაიმართება. ერთმანეთს საქართველოს ჩემპიონი დინამო თბილისი და დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი თბილისის საბურთალო დაუპირისპირდებიან. 

აქამდე თბილისური კლუბები ერთმანეთს 17-ჯერ დაუპირისპირდნენ: 9 მატჩი დინამოელთა გამარჯვებით დასრულდა, სამი ფრედ, 5 შემთხვევაში კი საბურთალოელებმა მოიგეს. სუპერთასის ეგიდით დინამო და საბურთალო ერთმანეთს პირველად შეხვდებიან. ორივე გუნდს ახალი მწვრთნელი ჰყავს: დინამოს კახა ჩხეტიანი, ხოლო საბურთალოს თემურ შალამბერიძე. 

ორივე გუნდში დიდი ცვლილებები მოხდა, საბურთალოსთვის კი ბოლო ერთი თვე განსაკუთრებულად რთული იყო. ამ მოკლე პერიოდში, გუნდში მივიდნენ და წავიდნენ მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე და ფეხბურთელი გიორგი ჭანტურია. საინტერესოა, როგორ ფორმაში ხვდებიან თბილისური გუნდები სუპერთასს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, სუპერთასის დღეს, მხოლოდ ერთი დღით, გულშემატკივარს ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის მატჩის საქართველო - ბელარუსის ბილეთების შეძენა, დინამო არენას პარალელურად, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებშიც შეეძლება. ბილეთების ფასი 5, 10, 15 და 25 ლარია.

კომენტარები

ბოლო ამბები