Thumbnail

‘კიმი ბევრ პრობლემას შეგვიქმნის’ – კლეისტერსი კორტს დაუბრუნდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • კიმ კლეისტერსმა 2012 წლის შემდეგ პირველად ითამაშა
  • ბელგიელი ჩოგბურთელი საკმაოდ ღირსეულად გამოიყურებოდა

ბელგიელმა ჩოგბურთელმა კიმ კლეისტერსმა, რომელსაც 2012 წლის აშშ-ს ღია პირველობის შემდეგ არ ჰქონდა ნათამაშები, პირველი მატჩი ჩაატარა.

ეს, არაბეთის გაერთიანებული საამიროების ქალაქ დუბაიში მიმდინარე ტურნირზე მოხდა, სადაც 36 წლის კლეისტერსი ესპანელ გარბინე მუგურუსას გაეჯიბრა და 2:6, 6:7 (6:8) დამარცხდა.

თამაში საათსა და 39 წუთს გაგრძელდა და კიმი, რომელიც 2012 წლის შემდეგ 3 შვილის დედა გახდა, საკმაოდ ყოჩაღად გამოიყურებოდა, მატჩის შემდეგ კი ასეთი კომენტარი გააკეთა:

“კარგი წინათგრძნობა მქონდა. ვგრძნობდი, რომ თამაშის ტემპს გავუმკლავდებოდი. მე-2 სეტში განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა, რომ მეტოქისთვის კონკურენციის გაწევა შემეძლო და გარკვეულ ეპიზოდებში ვდომინირებდი კიდეც”.

კიმ კლეისტერსმა გარბინე მუგურუსას დიდი წინააღმდეგობა გაუწია

ბელგიელი ჩოგბურთელის გარჯა დააფასა მუგურუსამაც:

“მან ჩინებულად ითამაშა, განსაკუთრებით, მე-2 სეტში. მხიარული თამაში იყო. თავიდან ნამდვილად არ ვიცოდი კიმი როგორ გაირჯებოდა. ის შესანიშნავი ჩოგბურთელია და მთელ რიგ მომენტებში დიდებულად გამოიყურებოდა. ვფიქრობ, ის მატჩიდან მატჩამდე მოუმატებს. კიმი ბევრ პრობლემას შეგვიქმნის”.

შეგახსენებთ, რომ კლეისტერსი დიდი სლემის ტურნირების 4-გზის გამარჯვებულია. მას 3-ჯერ (2005, 2009, 2010) აქვს მოგებული აშშ-ს ღია პირველობა, 2011 წელს კი ავსტრალიის ღია პირველობაზე უმარჯვია.

კომენტარები

ბოლო ამბები