Thumbnail
  • 📅 19 თებერვალი | ⌚ 00:00 | ⚽  დორტმუნდი V პსჟ | 📺 SILK SPORT1 HD
  • ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის ერთ-ერთ სასტარტო მატჩს გერმანია უმასპინძლებს

დღეს, ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის 2 სასტარტო მატჩი შედგება, რომელთაგან ერთ-ერთს დორტმუნდის სიგნალ იდუნა პარკი უმასპინძლებს. გერმანიაში საფრანგეთის საუკეთესო გუნდი პარი სენ-ჟერმენია ჩასული, რომელიც ეცდება მერვედფინალის საწყისი მატჩიდან მაქსიმუმი “გამოადნოს”.

გუნდებს ევროტურნირებზე ერთმანეთთან თამაშის დიდი გამოცდილება ნამდვილად არ აქვთ. 2010-11 წლების უეფა-ს ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გერმანიაში გამართული მატჩი 1:1 დასრულდა და ასევე, ფრე (ოღონდ, უგოლო) აღინიშნა პარიზულ შეხვედრაშიც.

დორტმუნდი    

ბოლო პერიოდია, ლუსიენ ფავრის გუნდი ჩინებულ ფორმაში იმყოფება, ამდენად, პარიზული გრანდის მცველები ფხიზლად უნდა იყვნენ. ბორუსიას ბუნდესლიგის ბოლო ხუთ ტურში 22 გოლი აქვს გატანილი, რაც საოცარი შედეგია.

დორტმუნდის ახალი ვარსკვლავი ნორვეგიელი ერლინგ ჰაალანდია. 19 წლის სკანდინავიელი, რომელსაც გერმანული გუნდის მაისურით 5 მატჩში უკვე 8 გოლი აქვს გატანილი, ამჯერადაც სასტარტო შემადგენლობაში იქნება, უკნიდან კი მას ემრე ჯანი, ჯეიდონ სანჩო, აქსელ ვიტსელი და ტორგან აზარი დაეხმარებიან.

ერლინგ ჰაალანდზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული

ეს უკანასკნელი უხეშობას უნდა მოერიდოს, რადგანაც კიდევ 1 ყვითელი ბარათის მიღების შემთხვევაში, მომდევნო შეხვედრის გამოტოვება მოუწევს.

პსჟ-სთან სასტარტო მატჩს ტრავმების გამო დააკლდებიან მარკო როისი და ტომას დელეინი, იულიან ბრანდტის საკითხი კი ჯერაც გაურკვეველია.

პსჟ

პარიზული კლუბის მთავარი საფიქრალი ნეიმარის მცირე ტრავმაა. ბრაზილიელ ფორვარდს ნეკნი სტკივა და მართალია, სასტარტო შემადგენლობაში მოიაზრება, მისი საკითხი უშუალოდ თამაშის წინ გაირკვევა.

თუკი ბრაზილიელი ვარსკვლავი მზადყოფნაში იქნა, გერმანელებს დიდი ჯაფა დაადგებათ, რადგანაც ნეიმარის გარდა, მაურო იკარდისა და კილიან მბაპეს შეჩერება მოუწევთ.

ნეიმარს მცირე ტრავმა აწუხებს

საეჭვოა უკანახაზელ პრესნელ კიმპემბეს თამაშიც, კიდევ 2 ფრანგი მცველი აბდუ დიალო და კოლინ დაგბა კი მინდორზე ნამდვილად ვერ გავლენ.

სტუმართა მხრიდან განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ ანხელ დი მარია, ტომას მუნიე და მარკო ვერატი, რომლებიც გაფრთხილების შემთხვევაში, განმეორებით მატჩს გამოტოვებენ.

პარიზელთა გერმანელ თავკაც თომას ტუხელს განსაკუთრებული დახვედრა ელის, რადგანაც 2015-17 წლებში ის სწორედ ბორუსიას ავარჯიშებდა.

მატჩის წინ

ლუსიენ ფავრი (დორტმუნდის მწვრთნელი): “მზადების პროცესში მეტოქის არაერთი მატჩი ვნახეთ. ყველაფერი გავაანალიზეთ და იმედიანად ვართ.

პსჟ ძალიან სახიფათო გუნდია და ჯგუფურ ეტაპზე მადრიდის რეალსაც რაც დამართეს, ყველამ ვნახეთ. ის 3:0 ყველაფერზე მეტყველებს.

ყველაფრის მიუხედავად, თუ ჩვენი საუკეთესო თამაში ვაჩვენეთ, მეტოქეს ბევრ პრობლემას შევუქმნით.

არ მინდა, ჰაალანდს ბევრი რამ ავკიდოთ, თუმცა, მისი იმედი ნამდვილად გვაქვს. ერლინს ჩემპიონთა ლიგაში ზალცბურგის მაისურით უკვე უთამაშია, ამდენად, არა მგონია, მისთვის ამ დონეზე გარჯა უცხო იყოს”.

'როდესაც წილისყრის შედეგი გავიგე, ხმამაღლა ვიცინოდი'

თომას ტუხელი (პსჟ-ს მწვრთნელი): “როდესაც წილისყრის შედეგი გავიგე, ხმამაღლა ვიცინოდი. რატომღაც ვფიქრობდი, რომ ჩვენი მეტოქე ბორუსია იქნებოდა და ყველას ამას ვეუბნებოდი. ასეც მოხდა. ცხადია, რთული დაპირისპირება იქნება, თუმცა, ვფიქრობ, ჩვენთან შეხვედრაც ბევრს არ უნდოდა.

დორტმუნდში ჩამოსვლის შემდეგვე ვატყობ, რომ მთელი ქალაქი საფეხბურთო გუნდით ცხოვრობს და სუნთქავს. კლუბ ბორუსია დორტმუნდს და ქალაქს ვერ ვანსხვავებ. ყველა ამაზე ფიქრობს.

აქ 90 წუთის განმავლობაში დომინირება შეუძლებელი სჩანს, თუმცა, ვეცდებით, მაქსიმუმი გავაკეთოთ. ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. მაღალი კლასი სწორედ ახლა უნდა წარმოვაჩინოთ”.

საინტერესო ფაქტები

⚽ დორტმუნდს ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებული ბოლო 11 მატჩიდან მხოლოდ 4 აქვს მოგებული (2 ფრე, 5 მარცხი).

⚽ ბორუსია ჩემპიონთა ლიგაში მეთოთხმეტედ თამაშობს, ბოლო 7-დან ექვს შემთხვევაში კი, მერვედფინალში არის გასული. გუნდმა 1997 წელს ტურნირის მოგებაც მოახერხა, 2013-ში კი ფინალისტი იყო.

⚽ გასული სეზონში დორტმუნდმა პლეი ოფში ინგლისურ ტოტენჰემთან ითამაშა და უშანსოდ წააგო – 0:3 სტუმრად, 0:1 შინ.

⚽ გერმანულ გუნდს ევროტურნირების პლეი ოფში ჩატარებული ბოლო 8 მატჩიდან მხოლოდ 1 აქვს მოგებული (2 ფრე, 5 მარცხი) – 3:2 შინ, ატალანტასთან, 2017-18 წლების ევროპის ლიგის გათამაშებაში.

⚽ პსჟ-მ ჯგუფურ ეტაპზე ქულები ერთადერთ მატჩში დაკარგა, როდესაც მადრიდში რეალს დაუზავდა, “სამეფო კლუბთან” საშინაო შეხვედრაში კი, ისევე როგორც ბელგიურ ბრიუგესთანა და თურქულ გალათასარაისთან თამაშებში გამარჯვებული გამოვიდა.

⚽ ტუხელის გუნდი მიმდინარე ტურნირში საუკეთესო დაცვით გამოირჩევა. პსჟ-ს ექვს მატჩში მხოლოდ 2 გოლი აქვს გაშვებული.

⚽ ფრანგულ გუნდს ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებულ ბოლო 12 შეხვედრიდან 9 აქვს მოგებული (1 ფრე, 2 წაგება), ამასთან, უკანასკნელი 30 მატჩია მინიმუმ 1 გოლი მაინც გააქვს.

⚽ პსჟ-ს გერმანულ კლუბებთან ორივე ორმატჩიანი დუელი მოგებული აქვს: ვოლფსბურგთან (2:0, 3:2) 2008-09 წლების უეფა-ს თასზე და ლევერკუზენთან (4:0, 2:1) 2013-14 წლების ჩემპიონთა ლიგაში.

⚽ ფრანგული გუნდი ბოლოს გერმანიას 2017-18 წლების ჩემპიონთა ლიგის გათამაშების ეგიდით სტუმრობდა, როდესაც ჯგუფურ ეტაპზე მიუნხენის ბაიერნთან 1:3 წააგო.

სავარაუდო შემადგენლობები

დორტმუნდი (3-2-4-1): ბურკი – ზაგადუ, ჰუმელსი, პიშჩეკი – ჰაკიმი, გერეირო – სანჩო, ჯანი, ვიტსელი, აზარი – ჰაალანდი.

პსჟ (4-4-2): ნავასი – მუნიე, მარკინიოსი, ტიაგო სილვა, ბერნატი – დი მარია, გუეიე, ვერატი, ნეიმარი – იკარდი, მბაპე.

კომენტარები

ბოლო ამბები