Thumbnail
  • БИЗНЕС Online-მა რუბინში საუკეთესოდ ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა
  • სლუცკის ხელში, ხვიჩა მეტს ცდილობს და უფრო ჭკვიანურად თამაშობს

რუსული БИЗНЕС Online-ის ინფორმაციით, ყაზანის რუბინის ახალი თავკაცი ლეონიდ სლუცკი უკვე ჩამოყალიბდა, როგორი შემადგენლობით ითამაშებს გუნდის რუსული პრემიერლიგის მეორე წრეში. 

მან უკვე შეარჩია, ძირითადი 11-ეული, რომელშიც ორივე ქართველი ლეგიონერი მოხვდა. ხვიჩა კვარაცხელიამ და ზურიკო დავითაშვილმა მოზირის სლავიას ტესტმატჩში თითო გოლი გაუტანეს, გამოცემის მტკიცებით, მათ სასტარტოში ადგილი გარანტირებული აქვთ. 

გამოცემის მტკიცებით, 19 წლის კვარაცხელიას არა მარტო სასტარტო შემადგენლობაში აქვს გარანტირებული ადგილი, არამედ, ის ზამთრის შეკრებაზე რუბინის საუკეთესო ფეხბურთელია:

БИЗНЕС Online კვარაცხელიაზე: "კვარაცხელიას რომან შარონოვის მწვრთნელობის დროსაც ჰქონდა გამონათებები პირველ წრეში, მაგრამ ახალგაზრდა ქართველს, ისევე, როგორც მის თანამემამულე ზურიკო დავითაშვილს, სტაბილურობა აკლდა. 

შეკრებაზე კვარაცხელია თამამად გამოიყურება, ის ტრავმის გარეშე მუდამ ძირითად გუნდშია. სხვათა შორის, სლუცკის ყველაზე მეტად ის ჰყავს "ამოჩემებული" და შეკრებაზე ეხუმრება ხოლმე - "ხვიჩა, მოდი, აღარ ვიტიროთ, შევთანხმდით", - უთხრა ერთ-ერთ პირველ ვარჯიშზე მწვრთნელმა კვარაცხელიას. 

შაბათს ორმხრივ მატჩზე კვარაცხელიას ფეხში მაგრად მოხვდა და რამდენიმე ხანს ის წამოდგომას ვერ ახერხებდა. "კვარა, იქნებ გადახოხდე სადმე, რომ თამაშის გაგრძელება შევძლოთ", - დაუძახა ქართველ ლეგიონერს სლუცკიმ. 

მწვრთნელი არ ექცევა კვარაცხელიას ისე, როგორც განსაკუთრებულ ტალანტებს ექცევიან ხოლმე, მას გუნდში შეღავათები არ აქვს. 

მეორე წრეში კვარაცხელია, შესაძლოა, გუნდის უმნიშვნელოვანესი ფიგურა გახდეს შეტევაში. სლუცკის ხელში ის გაცილებით კარგად ასრულებს ეპიზოდებს, უფრო ჭკვიანურად თამაშობს. რა თქმა უნდა, ის ხანდახან აკეთებს დრიბლინგს დრიბლინგისთვის, მაგრამ ეს უკვე ხშირად აღარ ხდება.

სლავიასთან, კვარამ შესანიშნავი გოლი გაიტანა საჯარიმოდან და ზოგადად, ძალიან კარგად ითამაშა. ეს პირველი შემთხვევა არაა, რომ ის კარგად თამაშობს შეკრებაზე, თუმცა რუბინის მეტოქეები დიდად გამორჩეულები არ ყოფილან".

შეგახსენებთ, რომ ქართველთა რუბინი 19 ტურის შემდეგ 19 ქულით მე-13 ადგილზეა. ხვიჩა კვარაცხელიამ 17 მატჩში 2 გოლი გაიტანა, ხოლო ზურიკო დავითაშვილმა - 15 მატჩში 1 გოლი, თუმცა თუ დავითაშვილმა 15-ვე მატჩი სასტარტოში ითამაშა, კვარაცხელია ძირითადში მხოლოდ 4-ჯერ მოხვდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები