Thumbnail

‘გამარჯვება ჟანგბადივით გვჭირდებოდა’ – აბურჯანია ალკმაართან მატჩზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველმა ფეხბურთელმა ერთ-ერთ ლიდერს გოლი გაუტანა
  • გიორგი აბურჯანია სასტარტო შემადგენლობაში მეორედ მოხვდა

ენსხედეს ტვენტეს ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი აბურჯანიამ ჰოლანდიური ერედივიზიონის გასულ ტურში მიღწეული წარმატების შესახებ ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ 23-ე ტურში ტვენტემ ჩემპიონატის მეორეადგილოსან ალკმაარს 2:0 სძლია, 25 წლის ქართველი ნახევარმცველი კი მატჩის ერთ-ერთი გმირი გახდა.

აბურჯანიამ შეუცვლელად ითამაშა, შეხვედრის 25-ე წუთზე კი ჯარიმა ჩინებულად შეასრულა და ანგარიშის გახსნა მოახერხა.

თამაშის შემდეგ, გიორგიმ შემდეგი კომენტარი გააკეთა:

“ეს მოგება ძალიან მნიშვნელოვანია. შეიძლება ითქვას, რომ გამარჯვება ჟანგბადივით გვჭირდებოდა. გასულ ტურში მარცხი განვიცადეთ და ახლა, გარკვეული წნეხის ქვეშ ვიმყოფებოდით. მიხარია, რომ მობილიზება მოვახერეთ და 3 ქულა ავიღეთ”.

გიორგი აბურჯანია (მარჯვნივ) ალკმაართან მატჩის ერთ-ერთი გმირი გახდა

მიმდინარე სეზონში ენსხედელები ერედივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვიან და ალკმაართან წარმატება მართლაც მნიშვნელოვანი გახლდათ.

ქართველი ლეგიონერის გუნდს 27 ქულა მოუგროვდა და გასავარდნ ზონაში მყოფ ზვოლეს უკვე 5 ქულით უსწრებს, შემდეგ მატჩს კი 23 თებერვალს, სტუმრად, უტრეხტთან ჩაატარებს.

ვთქვათ ისიც, რომ აბურჯანიას ტვენტეს მაისურით ჰოლანდიის ჩემპიონატში 14 მატჩი (მხოლოდ 2 სასტარტოში) აქვს ჩატარებული, მის აქტივში კი 2 გოლია.

კომენტარები

ბოლო ამბები