Thumbnail

'ასევე გავაგრძელებთ' - გენო პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვების შემდეგ

  • საქართველოს თავისუფალთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 4 მედალი მოიპოვა
  • ნაკრების მწვრთნელმა გიორგი იანტბელიძემ რომში ნაკრების გამოსვლა შეაფასა
  • ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვების შემდეგ კომენტარი გენო პეტრიაშვილმაც გააკეთა 

იტალიის დედაქალაქ რომში გამართული მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი იანტბელიძემ და კონტინენტის ჩემპიონმა გენო პეტრიაშვილმა კომენტარები გააკეთეს.

საქართველოს ნაკრებმა რომში 4 მედალი მოიპოვა - თითო ოქრო და ვერცხლი და 2 ბრინჯაო. ტურნირის დასკვნით დღეს ჩემპიონობა 125კგ წონით კატეგორიაში გენო პეტრიაშვილმა იზეიმა, რომელიც კარიერაში მეორედ გახდა კონტინენტის პირელობის გამარჯვებული. 

გიორგი იანტბელიძის საფიქრალი ახლა სალიცენზიო ტურნირებში გუნდის წარმატებული გამოსვლაა

გიორგი იანტბელიძე: "სრულიად საქართველოს ვულოცავ ამ დიდ გამარჯვებას. საერთო ჯამში, ნაკრებმა ერთი ოქრო, ერთი ვერცხლი და ორი ბრინჯაო მოიპოვა. რა თქმა უნდა, უფრო მეტი გვინდოდა, მაგრამ რა ვიყოთ, ასეა და იმედია, მომავალში უფრო კარგად ჩავამთავრებთ ყველაფერს. წინ ოლიმპიური თამაშები გვაქვს, პირველ რიგში კი - სალიცენზიო ტურნირები და იმედია, ლიცენზიების მაქსიმუმს ავიღებთ. წლის ბოლოს ტოკიოში სრული შემადგენლობით წარვსდებით. ახლა ერთი-ორი დღე პაუზის გავაკეთებთ, დავისვენებთ, კარგად ავწონ-დავწონით ყველაფერს და სამომავლო გეგმებს დავსახავთ".  

გენო პეტრიაშვილი: "ევროპის ჩემპიონატი ყოველთვის მნიშვნელოვანია. წელს იყო პირველი ოფიციალური სტარტი. ვერ ვიტყვი, ადვილად მოვიპოვე გამარჯვება თუ რთულად, ჭიდაობაა და დღეს ასე გამოვიდა. ჩვენი საქმე ვარჯიშია და როგორც გვჩვევია, ასევე გავაგრძელებთ კარგად მომზადებას. ნელ-ნელა მივყვებით ეტაპობრივად. ღვთის წყალობით, ყველაფერი კარგად იქნება". 

პეტრიაშვილის გარდა, რომში კვარცხლბეკზე ბექა ლომთაძე (61 კგ. ვერცხლი), ავთანდილ კენჭაძე (74 კგ. ბრინჯაო) და ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ. ბრინჯაო) ავიდნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები