Thumbnail

Netflix თამაშ Resident Evil-ის მიხედვით სერიალს გადაიღებს

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ
  • სავარაუდოდ, სერიალი თამაშების სიუჟეტთან უფრო ახლოს იქნება, ვიდრე ფილმებისა
  • სერიალში მოქმედება ფანებისთვის უცნობ ლოკაციაზე, ქალაქ ქლეარფილდში განვითარდება

რამდენიმე წელია, ვრცელდება ჭორები, რომ სთრიმინგ სერვისი Netflix-ი ლეგენდარული საშინელებათა ჟანრის თამაშების ფრენჩაიზის, Resident Evil-ის მიხედვით, სერიალის გადაღებას აპირებდა, თუმცა თავად კომპანია ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებდა. დღეს, მათ ეს შემთხვევით დაადასტურეს, როცა Netflix-ის ვებ გვერდზე ახალი სერიალის მოკლე შინაარსი ატვირთეს. კომპანია მალევე მიხვდა საკუთარ შეცდომას და ტექსტი ვებ გვერდიდან წაშალა, თუმცა, ფანებმა მისი წაკითხვა მოასწრეს. 

Netflix-ის მიერ შემთხვევით გამოაშკარავებული მოკლე შინაარსი ასეთია:

''ქალაქი ქლეარფილდი, დიდხანს სამი გიგანტის გავლენის ქვეშ იყო მოცეული. კორპორაცია ''ამბრელას,'' ამჟამად უფუნქციო გრინვუდის ფსიქიატრიული საავადმყოფოსი და თავად ვაშინგტონის. ახლა, T ვირუსის თავდაპირველი აღმოჩენიდან ექვსი წლის შემდეგ, ამ სამეულის მიერ დიდხანს დაფარულ ამბავს ნათელი მოეფინება - ქალაქში ეპიდემიის პირველი ნიშნები შეიმჩნევა...''

ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ტექსტი ზედაპირულია და ბევრ ინფორმაციას არ შეიცავს, თუმცა, როგორც ჩანს, სერიალი ვიდეო თამაშების შინაარსზე იქნება დაფუძნებული და არა - ფილმებისაზე. კორპორაცია ''ამბრელა'' და T ვირუსი ამ თამაშის ფანებისათვის ორი კარგად ნაცნობი ტერმინია, თუმცა გრინვუდის ფსიქიატრიული საავადმყოფო არც ერთ თამაშში არ გამოჩენილა. ამას გარდა, ახალია ლოკაციაც: თამაშებში, მოქმედება ძირითადად რაქუნ სითიში ვითარდება, ხოლო სერიალი ახალ ქალაქს, ქლეარფილდს წარმოგვიდგენს. 

ინფორმაციის სიმწირის მიუხედავად, ფანები მიიჩნევენ, რომ სერიალი თამაშების პრიქუელი იქნება. ჯერჯერობით, Resident Evil-ის Netflix-ის ვერსიის პრემიერის თარიღი ცნობილი არ არის. 

კომენტარები

ბოლო ამბები