Thumbnail

ქართული გოლები თურქეთში - კვარაცხელიამ და დავითაშვილმა სლავიას გაუტანეს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელებმა თავი საკონტროლო მატჩში გამოიჩინეს
  • ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი 19-19 წლის სულ ახლახანს შესრულდნენ

ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელებმა ხვიჩა კვარაცხელიამა და ზურიკო დავითაშვილმა, რომელთაც შესაბამისად, 12 და 15 თებერვალს 19-19 წელი შეუსრულდათ, ყაზანის რუბინის მაისურით ბელარუსული სლავიას კარში გოლების გატანა მოახერხეს.

რუსული კლუბი თურქულ ბელეკში სეზონისწინა შეკრებაზე იმყოფება და მორიგ საკონტროლო მატჩში მოზირელებს, რომელთაც ბელარუსის ჩემპიონატი და თასი ორ-ორჯერ აქვთ მოგებული, დამაჯერებლად სძლია – 5:0.

შეხვედრაში ანგარიში სწორედ კვარაცხელიამ გახსნა, რომელმაც დაახლოებით 20 მეტრიდან ჯარიმა ჩინებულად შეასრულა.

ხვიჩა პირველი ტაიმის მერე შეცვალეს, რუბინის კიდევ ერთმა ქართველმა ლეგიონერმა ზურიკო დავითაშვილმა კი მინდორზე 90 წუთი გაატარა და თამაშის მიწურულს საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ზურიკო დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა

86-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც ქართველმა გარემარბმა საჯარიმოს მისადგომებთან თანაგუნდელთან კედელი გაითამაშა, მეკარესთან პირისპირ დარჩენილს კი გატანა აღარ გასჭირვებია.

როგორც აღვნიშნეთ, ზურიკოს დაბადების დღე გუშინ ჰქონდა და თანაგუნდელებმა მას საწვრთნელი პროცესის დროს მიულოცეს.

ყაზანელები ბელეკში კიდევ ორ საკონტროლო მატჩს ჩაატარებენ: 19 თებერვალს ყაზახურ კაირატთან, 22-ში კი – მოლდოვურ შერიფთან.

კომენტარები

ბოლო ამბები