Thumbnail
  • The Sun რაჰიმ სტერლინგის შესაძლო ტრანსფერზე წერს
  • უეფას სასჯელის შემდეგ მანჩესტერ სიტის ლიდერების დაკარგვის საფრთხე ემუქრება

მადრიდის რეალს ზაფხულში მანჩესტერ სიტის და ინგლისის ნაკრების ვარსკვლავის, რაჰიმ სტერლინგის შეძენა სურს - ამის შესახებ ინგლისური The Sun წერს. ტაბლოიდში ვკითხულობთ, რომ ‘სამეფო კლუბი’ მზად არის, სიტის შემტევში 215 მილიონი ევრო გადაიხადოს.

როგორც ჩანს, რეალმა სტერლინგისთვის ბრძოლაში გააქტიურება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც უეფამ მანჩესტერ სიტი ევროტურნირებიდან 2 წლით მოკვეთა. ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩენა ფეხბურთელებს აიძულებს, კლუბის გამოცვლაზე სერიოზულად იფიქრონ. ინგლისური მედია იმასაც წერს, რომ სიტის, დიდი ალბათობით, ხოსეპ გვარდიოლაც დატოვებს.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რეალს სტერლინგის გადაბირება სურს, ახალი არ არის. Sky Sports ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში წერდა, რომ რეალი ინგლისურ კლუბს სტერლინგში 80 მილიონ ევროს და გარეთ ბეილს სთავაზობდა. სტერლინგის აგენტები წინა ზაფხულს რეალის გენერალურ დირექტორ ხოსე ანხელ სანჩესს შეხვდნენ და ტრანსფერზე ლაპარაკიც მაშინ დაიწყო, თუმცა ინგლისის ნაკრების შემტევი მაინც სიტიში დარჩა.

რაჰიმ სტერლინგს მანჩესტერ სიტისთან კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს. ახალ ხელშეკრულებაზე საუბრები მხარეებს შორის ნოემბერში დაიწყო, თუმცა ჩვენი The Sun-ს სტატიაში გამოთქმულია ვარაუდი იმის შესახებ, რომ ჩემპიონთა ლიგიდან მოკვეთა კლუბს უდიდეს შემოსავალს დაუკარგავს, რის გამოც სიტი 25 წლის სტერლინგს სასურველ ანაზღაურებას ვეღარ შესთავაზებს. გავრცელებული ცნობებით, სიტი სტერლინგისთვის კვირაში ნახევარი მილიონი ევროს შეთავაზებას აპირებდა.

სტერლინგი, რომელსაც ინგლისის ნაკრებში 56 მატჩი აქვს, კარგ სეზონს ატარებს. მის თანაგუნდელ ილქაი გიუნდოგანს და ბარსელონას ლეგენდა ჩავი ერნანდესს მიაჩნიათ, რომ სტერლინგს შეუძლია, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს. რაჰიმ სტერლინგი მანჩესტერ სიტიმ 2015 წელს, ლივერპულიდან 64 მილიონ ევროდ შეიძინა. მას მერე მან სიტისთან ერთად ორჯერ მოიგო პრემიერლიგა და ერთხელ ასოციაციის თასი. სტერლინგი ინგლისის მოქმედი წლის საუკეთესო ფეხბურთელია.

კომენტარები

ბოლო ამბები