Thumbnail

ბოლო ტურის წინ - ძაგნიძეს სამეულში შესვლა გაუჭირდება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ნანა ძაგნიძე მე-8 ტურში რუს ალექსანდრა კოსტენიუკთან დამარცხდა
  • ქართველი მოჭადრაკე მოწინავე სამეულს 0.5 ქულით ჩამორჩება

აშშ-ს ქალაქ სენტ ლუისში მიმდინარე უძლიერესი საჭადრაკო ტურნირის დასრულებამდე 1 ტურიღა რჩება, საქართველოს ნაკრების ლიდერ ნანა ძაგნიძეს (2515) კი საპრიზო სამეულში მოხვედრა ძალიან გაუჭირდება.

ქართველი მოჭადრაკისთვის წარუმატებელი Cairns Cup 2020-ის მე-8 ტური აღმოჩნდა, რომელშიც თეთრი ფიგურებით რუს ალექსანდრა კოსტენიუკთან (2504) წააგო და 4.0 ქულა შერჩა.

შედეგად, ნანა მეხუთე-მეშვიდე ადგილებს ინაწილებს (დამატებითი მაჩვენებლებით, მეხუთეა) და მართალია, მე-3 პოზიციაზე მყოფ მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ცზიუ ვენცზიუნს (ჩინეთი, 2583) მხოლოდ 0.5 ქულით ჩამორჩება, მედლის მოპოვება რთული იქნება.

ვენცზიუნმა გასულ ტურში სენსაციურად, თეთრი ფიგურებით წააგო ტურნირზე ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონე ამერიკელ კარისა იიპთან (2412) და მთავარი პრიზის მოპოვება ძალიან გაუჭირდება.

დასკვნითი ტურის წინ ლიდერობა ხელთ იგდო ინდოელმა ჰამპი კონერუმ (2580) 5.5 ქულით, მეორეზე კი ხსენებული კოსტენიუკია 5.0 ქულით.

ძაგნიძე ბოლო პარტიას შავებით აშშ-ს ნაკრების წევრ ირინა კრუშთან ჩაატარებს, კონერუ თანამემამულე დრონავალი ჰარიკას (2518) ეთამაშება, ცენტრალური კი კოსტენიუკისა და ცზიუს დაპირისპირება იქნება.

შეგახსენებთ, რომ პრესტიჟული ტურნირის საპრიზო ფონდი 180 000 დოლარია, საიდანაც ჩემპიონი 45 ათასს მიიღებს, მეორეადგილოსანი – 35 ათასს, მესამეზე გასული კი - 25 ათასს.

კომენტარები

ბოლო ამბები