Thumbnail
  • გიორგი ბეჟანიშვილმა სასტარტო ხუთეულში ადგილი დაკარგა
  • ქართველმა კალათბურთელმა 6 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა

ქართველი კალათბურთელი გიორგი ბეჟანიშვილი, რომელიც NCAA-ში ილინოისის ღირსებას იცავს, ბოლო მატჩებში არცთუ კარგად გამოიყურებოდა, რასაც ლოგიკური შედეგი მოჰყვა.

ილინოისელთა მთავარი მწვრთნელის ბრედ ანდერვუდის გადაწყვეტილებით, პირველად ამ სეზონში, ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში არ გამოჩენილა და თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო.

ილინოისელები ამჯერად რატგერს სკარლეტ ნაიტსს ესტუმრნენ და 57:72 წააგეს და ეს, ზედიზედ 7 გამარჯვების შემდეგ, გუნდის მიჯრით მე-4 მარცხი გამოდგა.

ბეჟანიშვილმა 23 წუთი ითამაშა და 6 ქულა, 7 მოხსნა (3 შეტევაში), 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა.

გიორგიმ 4-დან 2 ორქულიანი და 2 საჯარიმო გამოიყენა, ბურთი ერთხელ დაკარგა და ამდენივე პერსონალური ფოლი ჰქონდა.

სტუმრებს ორმაგი დუბლით (10 ქულა, 10 მოხსნა) ცენტრმა კოფი კოკბერნმა ულიდერა, მასპინძელთაგან კი გამორჩეული შეხვედრა ჰქონდა უკანახაზელ რონ ჰარპერ ჯუნიორს – 27 ქულა.

ილინოისს ბიგ თენის კონფერენციაში 8 მოგება და 6 მარცხი მოუგროვდა და მე-6 ადგილამდე დაქვეითდა, შემდეგი მატჩი კი 19 თებერვალს, ისევ სტუმრად, პენ სტეიტ ნიტანი ლაიონსთან ელის.

კომენტარები

ბოლო ამბები