Thumbnail
  • ALL STAR-ის უიქენდის მეორე დღე
  • ჩატენვების კონკურსის მიმოხილვა
  • ეს ერთ-ერთი საუკეთესო Slam Dunk Contest იყო
  • ფინალში ჟიურის გადაწყვეტილებას დისკუსიები მოჰყვა

NBA-ს ვარსკვლავური უიქენდის ფარგლებში, მთავარ შეხვედრას, რომელშიც ერთმანეთს ლებრონ ჯეიმსისა და იანის ანტეტოკუნმპოს გუნდები უნდა დაუპირისპირდნენ, წინ ჯერ "ამომავალი ვარსკვლავების" და "ცნობილების" მატჩები, მერე კი ჩატენვების, 3-ქულიანების და სქილების კონკურსები უძღოდა. ოლ სტარის უიქენდის მეორე დღის ბოლოს, როგორც ყოველთვის, Slam Dunk Contest (ჩატენვების კონკურსი) გაიმართა, რომელსაც კალათბურთის მოყვარულები ყოველ წელს მოუთმენლად ელიან ხოლმე.

ჟიური ამჯერად ისეთი ვარსკვლავებისგან შედგებოდა, როგორებიც დუეინ უეიდი, რეპერი და მსახიობი Common, WNBA-ს ლეგენდა კენდის პარკერი, მსახიობი ჩედვიკ ბოუზმანი და NBA-ს ლეგენდა სკოტი პიპენი არიან.

ჩატენვების კონკურსის გამარჯვებული მაიამის ფორვარდი დერიკ ჯონსი გახდა, რომელმაც ფინალში აარონ გორდონი (ორლანდო მეჯიქი) დაამარცხა. კონკურსში ასევე მონაწილეობდნენ დუაიტ ჰოვარდი (ლეიკერსი) და პეტ კონოტონი (მილუოკი).

ფინალური ეტაპის პირველ ორ რაუნდში ორივემ მაქსიმალური შეფასება, 100 ქულა მიიღო, ჩემპიონი კი ორი დამატებითი ჩატენვის შემდეგ გამოვლინდა. ფინალის საბოლოო შედეგი კი ასეთია: 198:197 ჯონსის სასარგებლოდ.

ჯონსმა გამარჯვება მას შემდეგ მოიპოვა, რაც გორდონმა ტაკო ფოლზე (სიმაღლე: 226 სმ) დანქი შეასრულა და ამაში მხოლოდ 47 ქულა მიიღო. მართალია, გორდონი მას შეეხო, მაგრამ დანქი კარგად შეასრულა და მიუხედავად ამისა, ჟიურიმ 47 ქულა დაუწერა. ეს თვით ჯონსსაც კი გაუკვირდა.

“ყველამ იცის, რომ ტაკო ფოლი პუბლიკის საყვარელი მოთამაშეა. როდესაც ის პარკეტზე გამოიყვანეს, ვიცოდი, ამას რა რეაქცია მოყვებოდა. მაგრამ როდესაც ჟიურიმ ქულების გამოცხადებამდე დიდი პაუზა გააკეთა, მივხვდი, რომ რღაც საეჭვო ხდებოდა და მივხვდი, რომ ისინი აარონ გორდონს 50 ქულას არ მისცემდნენ. არადა შეეძლოთ, 50 ქულა მიეცათ,” - განაცხადა გამარჯვებულმა ჯონსმა.

უფრო მეტად გაკვირვებული იყო თვითონ აარონ გორდონიც: “მე ზედიზედ 4-ჯერ ავიღე 50 ქულა. უფრო მეტიც: მეხუთედაც! ამით კონკურსი უნდა დამთავრებულიყო. ზედიზედ 4-ჯერ 50 ქულა! ვინ მართავს ამ შოუს? ვფიქრობ, მე უნდა მომეგო!” - ასეთი იყო გორდონის კომენტარი.

 

კომენტარები

ბოლო ამბები