Thumbnail
  • დავიდე ასტორის გარდაცვალებას ფეხბურთელები ეხმაურებიან.
  • ჯანლუიჯი ბუფონმა ინსტაგრამზე სევდიანი წერილი გამოაქვეყნა.

დავიდე ასტორის († 31) გარდაცვალებით მთელი საფეხბურთო მსოფლიო შოკირებულია. ფლორენციის ფიორენტინას კაპიტანი თანაგუნდელებმა კვირას დილით, სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, ასტორის ძილში გული გაუჩერდა.

დავიდე ასტორი სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს

ტრაგედია იტალიაში - ფიორენტინას კაპიტანი გარდაცვლილი იპოვეს

ინტერნეტში ფეხბურთელების განცხადებები ვრცელდება.

ჯანლუიჯი ბუფონმა ინსტაგრამზე ღია წერილი გამოაქვეყნა - ლეგენდარული მეკარე გარდაცვლილ მეგობარს მიმართავს:

“ჩაო, ძვირფასი ასტო. ასე საჯაროდ ადამიანზე არასდროს მისაუბრია, რადგან ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ორი ადამიანის მეგობრობისა და ურთიერთობის განუმეორებლობა და ერთმანეთისადმი პატივისცემა სხვამ ვერავინ უნდა გამოიყენოს. 

ამ შემთხვევაში კი მინდა, რომ ჩემი წესი დავარღვიო და გამონაკლისი დავუშვა. იმიტომ, რომ შენ გყავს პატარები, რომლებსაც ძალიან დააკლდები. განსაკუთრებით შენი პატარა გოგონა იმსახურებს, იცოდეს, რომ მამამისი ყველანაირად სრულყოფილი ადამიანი იყო… დიდებული, სრულყოფილი ადამიანი!

შენ იყავი საუკეთესო გამოხატულება იმ ძველი სამყაროსი, სადაც ალტრუიზმი, ზნეობრივი პრინციპები, სხვა ადამიანებისადმი უანგარო სამსახური, განათლება და პატივისცემა ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულებები იყო. შენ იყავი ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენი მათ შორის, ვისაც ოდესმე შევხვედრივარ. R.I.P. შენი ჯიჯი.”

► მშვიდი გმირი დავიდე ასტორი († 31) - იტალია ფლორენციის კაპიტანს გლოვობს 

ასტორის ახალი კონტრაქტი ორშაბათს უნდა გაეფორმებინა...

► ანდრეა დელა ვალე (ფიორენტინას პრეზიდენტი): "განადგურებული ვარ! მთელი ფლორენცია, მთელი იტალია ტირის. ვამაყობ, რომ დავიდეს ვიცნობდი. ჩვენ ძალიან ახლო, მეგობრული ურთიერთობა გვქონდა. ის ნამდვილი კაპიტანი იყო! ორშაბათს ახალი კონტრაქტისთვის ხელი უნდა მოეწერა - ყველაფერზე შეთანხმებულები ვიყავით. ასტორის კარიერა ფიორენტინაში უნდა დაემთავრებინა და ეს ძალიან მიხაროდა. ის მთელი გუნდისთვის მისაბაძი მაგალითი იყო!" 

► ანდრეა პირლო: “სიტყვებს ვერ ვპოულობ. შენ მხოლოდ კარგი მოგონებები დაგვიტოვე. კეთილი გზა, ჩემო მეგობარო!”

სერხიო რამოსი (რეალი): “დავიდე ასტორის გარდაცვალებით შოკირებული ვარ. ვიზიარებ მისი ოჯახის და ფიორენტინას ყველა წევრის მწუხარებას. R.I.P. კაპიტანო.”

ჩირო იმობილე (ლაციო): “დავიდე… ვერაფერს ვამბობ, უდიდეს ტკივილს განვიცდი. შენ კარგი ადამიანი იყავი და ყველას უყვარდი.”

 

კომენტარები

ბოლო ამბები