Thumbnail
  • აშშ-ის ნაკრები 151:131 მსოფლიოს ნაკრები
  • ჩიკაგოში NBA-ს 69-ე "ოლ სტარის" უიქენდი დაიწყო
  • ამომავალი ვარსკვლავების მატჩის MVP მაილზ ბრიჯესი გახდა

ჩიკაგოში 69-ე "ოლ სტარის" უიქენდი დაიწყო. NBA-ს ამომავალი ვარსკვლავების მატჩში, აშშ-ის ნაკრები მსოფლიოს ნაკრებს დაუპირისპირდა. წაგებული პირველი ტაიმის მიუხედავად, გამარჯვება მაინც ამერიკელებმა იზეიმეს.

მსოფლიოს ნაკრებმა თამაში დამაჯერებლად დაიწყო და პირველი მეოთხედი 9 ქულის სხვაობითაც მოიგო. მეორე 12-წუთეული აშშ-ის ნაკრებმა პირველზე უკეთესად ჩაატარა და მხოლოდ ქულა დათმო, ანგარიშში ჩამორჩენამ კი 10 ქულა შეადგინა. ეფექტური გამოვიდა პირველი ტაიმის ბოლო წამები. მსოფლიოს ნაკრების გამთამაშებელმა ლუკა დონჩიჩმა (დალასი), სირენასთან ერთად, თავისი ნახევრიდან ისროლა და ზუსტად!

📺 დონჩიჩის ზუსტი ტყორცნა ბოლო წამზე

მატჩში გადამწყვეტი მეორე ნახევარი აღმოჩნდა - უკვე მესამე პერიოდში უპირატესობა ამერიკელმა ვარსკვლავებმა მოიპოვეს და მეოთხედი 20 ქულით მოიგეს და არც დასკვნით მეოთხედში მისცეს მეტოქეს შანსი. საბოლოოდ ამერიკის ნაკრებმა მატჩი 20-ქულიანი სხვაობით, 151:131 მოიგო.

აშშ-ის ნაკრებში 23 ქულა ერიკ პასკალმა ჩააგდო, ამ გუნდის ფორვარდი მაილზ ბრიჯესი კი, რომელმაც 20 ქულა და 5-5 მოხსნა და პასი მიითვალა, მატჩის MVP-ად დაასახელეს.

📺 ბრიჯესის ჰაილაითები

ამერიკელთა შორის 21 ქულა კოლინ სექსტონს, 18 ქულა კი ტრეი იანგს ჰქონდა. აშშ-ის ნაკრებში მოთამაშე პელიკანსის ახალწვეულმა ზაიონ ულიამსონმა 14 ქულით დაასრულა თამაში, თუმცა ერთ ეპიზოდში ჩატენვისას ვერ მოზომა და ფარი დააზიანა. 

მსოფლიოს ვარსკვლავთა შორის 27 ქულა, 6 მოხსნა და 5 პასი არ ჯეი ბარეტმა მიითვალა, 22 ქულა და 8 მოხსნა - ბრენდონ კლარკმა. ლუკა დონჩიჩმა პარკეტზე 23:45 წუთი გაატარა, რა დროშიც 16 ქულა დაუგროვდა. 

📺 მატჩის საუკეთესო დანკები

📺 მატჩის ტოპ 10 მომენტი

"ოლ სტარის" პირველ დღეს ასევე გაიმართა ე.წ. სელებრითების მატჩი. თბილისის დროით 16 თებერვალს, ჩიკაგოში, მოთამაშეები ერთმანეთს სამქულიანებში, ტექნიკასა და ჩატენვებში შეეჯიბრებიან, უიქენდის მესამე დღეს (17 იანვარს) კი უკვე მთავარი სანახაობა შედგება - ყველა ვარსკვლავის მატჩი, რომელშიც ლებრონის გუნდი იანისის გუნდს დაუპირისპირდება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები